დღეს, 9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, რომელშიც ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.
რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამეტის ჯგუფების "ევროპის სახალხო პარტიის| (EPP), "განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და "ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR), შესწორება, რომელიც გულისხმობს ექსპრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.
ამ სამი ჯგუფის მიერ წარმოდგენილ შესწორებაში, რომელსაც კენჭი დღეს ეყარა, წერია, რომ ევროპარლამენტი "გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".
დამატების პირველი ნაწილი ხელის აწევით, მეორე ნაწილი კი, რომელშიც ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების განხილვისკენ არის მოწოდება, 308 ხმით, 218-ის წინააღმდეგ მიიღო ევროპარლამენტმა.
რეზოლუციაში დიდი ადგილი ეთმობა 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, როცა "თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული აქცია, "ღირსების მარში“, ჩაიშალა ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემდეგ და პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მასში ასევე ლაპარაკია "მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობასა და "ტვ პირველისა“ და "ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებზე.
ასევე ხაზგასმულია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი და ნათქვამია, რომ მას ჰუმანიტარული მოსაზრებებით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.