ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო შეტევა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დებატების გახსნის ლობირება მაინცდამაინც ახლა მოხდა, როდესაც ამ ქვეყნისათვის ყველაზე ნაკლებად სასურველი იყო და საქართველოზე ეს შეტევა მაინცდამაინც ახლა წამოვიდა, როდესაც რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას ველოდებით, - ასე აფასებს ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში მედიის თავისუფლებისა და ნიკა გვარამიას პატიმრობაზე გუშინ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.
მისივე თქმით, ერთი თვის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს მიმართ მხოლოდ ერთი კრიტიკული წინადადება იყო გამოთქმული, სადაც ეწერა, რომ შეშფოთება არის გამოთქმული პოლარიზაციის და პლურალიზმის საკითხებთან დაკავშირებით და ამ პერიოდის შემდეგ, "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების საკითხის გამო არ შეიძლება ევროპამ დამოკიდებულება იმგვარად შეცვალოს, რომ "ერთი თვის წინ ყველაფერი კარგად იყო და ერთი თვის თავზე ყველაფერი ცუდად არის“.
"შემთხვევით არ მომიტანია ეს ფურცელი თქვენთან. ეს არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის ბოლოს მიღებული რეზოლუცია სულ რაღაც ერთი თვის წინანდელი, სადაც საუბარია საქართველოს მიერ ნაკისრი მოვალეობების და ვალდებულებების შესრულებაზე. ამ რეზოლუციის მე-14 პარაგრაფში ეწერა, რომ "გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ზოგადად, საქართველოში კარგად არის დაცული. ასამბლეა მიესალმება მიღწეულ პროგრესს მედიაგარემოს გაძლიერების კუთხით, განსაკუთრებით მედიაბაზარზე შესვლის ბარიერების შემცირებას, რაც მნიშვნელოვანი პირობაა მრავალფეროვანი მედიაგარემოსათვის“. ერთი კრიტიკული წინადადებაა მხოლოდ, სადაც ეწერა, რომ "შეშფოთება არის გამოთქმული მხოლოდ პოლარიზაციის და პლურალიზმის საკითხებთან დაკავშირებით“.
ამ ერთი თვის განმავლობაში საქართველოში რა მოხდა ისეთი, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა დამოკიდებულება, რა მოხდა ისეთი, რომელმაც რაღაცა არმაგედონის ფონი შექმნა, რატომ დასჭირდა იმგვარად, რომ თითქოს ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი ჩამოიქცა.
ნიკა გვარამიას დაკავებამ, რომელზეც 1-კვირიანი "ფეიკ“ კამპანია აწარმოეთ, დაღუპეთ ის ადამიანი თქვენი მომხრეების თვალშიც კი, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ერთი კვირის განმავლობაში ატყუებდით საზოგადოებას, თითქოს ეს ადამიანი დაკავებული იყო სამსახურებრივი ავტომანქანის ფლობისათვის, როდესაც ის მანქანა საერთოდ არ იყო სამსახურებრივი და "რუსთავი 2“-ის ბალანსზე არ აღმოჩნდა ბოლოს, ამ "ფეიკისათვის“ არ შეიძლება ევროპამ მთლიანად და კიდევ 19-მა სახელმწიფომ, დამოკიდებულება იმგვარად შეცვალოს, რომ ერთი თვის წინ ყველაფერი კარგად იყო და ერთი თვის თავზე ყველაფერი ცუდად არის. წარმოუდგენელია. ამ "ფეიკ“ კამპანიაში სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოში იღებენ თქვენი პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობას, არამედ 10-ზე მეტი ევროპარლამენტარი აღმოჩნდა, რომელმაც ეს პოზიცია გაიზიარა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, თუ რა შეიცვალა ერთი თვის თავზე, მამუკა მდინარაძე პასუხობს, რომ გაჩნდა ინტერესი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ხელოვნური ბარიერები შეექმნას.
მდინარაძის განცხადებით, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროკავშირისგან პასუხს ელის, მსგავს საკითხებზე ასეთი ტიპის დებატები შემაფერხებელი და დაბრკოლების შემქმნელია.
მისივე თქმით, ამ დაბრკოლებებს ქვეყნის გარედან "ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები და "დავალების მიმცემი პირები“ ქმნიან.
"შეუძლებელია, ერთი ადამიანის დაკავება დამოკიდებულებას ამგვარად ცვლიდეს, იქიდან გამომდინარე, რომ მის დანაშაულობა-უდანაშაულობაზე არავინ საუბრობს. მხოლოდ საუბრობენ იმ "ფეიკებზე“, რაც თვითონ მოიგონეს, თითქოს ის ავტომანქანის ფლობის გამო არის დაკავებული და ა.შ. სინამდვილეში, შეიცვალა ერთადერთი რამ - გაჩნდა ინტერესი, რომ საქართველოს ხელოვნური ბარიერები შეექმნას, იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ახლა მიდის. რა დროს ამ რეზოლუციის პროექტის და რა დროს ამ დებატების დარეგისტრირება იყო კონკრეტულად ერთი მიმართულებით, როდესაც ეს ყველამ იცოდა, "ნაცმოძრაობამ“ საქართველოში, მათმა ლობისტებმა, საქართველოს ფარგლებს გარეთ დავალებების მიმცემებმა, რომლებმაც ჩვენზე კარგად იციან, რომ ასეთი დებატები ამ დროს, განსაკუთრებით ამ კონტექსტში, არის შემაფერხებელი, დაბრკოლების შემქმნელი და პირდაპირ დავარქვათ, მავნებლობა იმ პროცესის მიმართ, რომელსაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი ჰქვია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ასევე იხილეთ: