"Time 100"-ის სამიტზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა, ერთ-ერთი მომხსენებელი, "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ბილ გეითსი იყო. სამიტზე TIME-მა მსოფლიოს მნიშვნელოვანი ფიგურები მიიწვია, რათა სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტის გზებზე ესაუბრათ.
ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ ასეთი ჯგუფის არსებობა, მოულოდნელი ვირუსული აფეთქების შემთხვევაში, აუცილებელია. მან ასეთ ჯგუფს "გლობალურ ეპიდემიაზე რეაგირების და მობილიზაციის გუნდი“ უწოდა.
"ამ ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობა იქნება ქვეყნების მომზადება სხვადასხვა ვირუსული აფეთქებებისთვის. პანდემიები გლობალური პრობლემაა. თუ ერთი ქვეყანა მაინც ვერ მიიღებს მონაწილეობას ეპიდემიის აღმოჩენასა და შეკავებაში, ეს სხვა ქვეყნების პრობლემაც გახდება“, - ამბობს ბილ გეითსი.
მილიარდერს სჯერა, რომ კორონავირუსმა ადამიანებს ასწავლა, როგორ უნდა შეემზადონ მომავალი პანდემიებისთვის, განსაკუთრებით ისეთი ვირუსებისთვის, რომლებიც საზოგადოების დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნიან. მისი აზრით, მომდევნო პანდემიას, შესაძლოა, ბევრად უფრო მაღალი ფატალურობის შედეგი ჰქონდეს.
მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიას უამრავი ადამიანი ემსხვერპლა, მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ შედეგი ბევრად უარესი ყოფილიყო. "იღბლიანები ვართ, რომ გარდაცვალების მაჩვენებლი უფრო მეტი არ იყო", - ამბობს ბილ გეითსი.
მისი აზრით, ტექნოლოგიების განახლება: ვაქცინები, თერაპიული საშუალებები, ჯანდაცვის სისტემების აწყობა და დაავადებების უკეთესი მონიტორინგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წელიწადში 1 მილიარდი დოლარი დაჯდება.
"ეს თანხა ბევრად ნაკლებია, ვიდრე ის დანაკარგი, რაც კოვიდის მსგავს პანდემიას შეუძლია მიაყენოს მსოფლიოს: ჩვენ აქამდე 14 ტრილიონი დოლარი გვაქვს დაკარგული კორონავირუსის გამო," - განმარტავს გეითსი.
წყარო: insider
მოამზადა: ანა სიბოშვილმა