ქართველ პოლიტიკოსებს რომ ერთმანეთის ლანძღვა-გინება ყველა საქმეზე კარგად გამოდით, ახალი ამბავი არ არის, მაგრამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის აჭარის უმაღლეს საბჭოში სიტყვით გამოსვლა და ის ლექსიკა, როგორც ის ოპონენტებს ესაუბრა, ბევრისთვის მოულოდნელი გამოდგა. ის 2018 წლიდან მოყოლებული ამ პოსტზეა და მსგავსად თავი აქამდე არ გამოუჩენია. თანაც 33 წლის პოლიტიკოსი, წესით, ახალი ტიპის ლიდერად უნდა ჩამოყალიბებულიყო, რომლისთვისაც ამგვარი კომუნიკაცია მიუღებელი იქნებოდა, მით უფრო, თუ მის დასავლეთში მიღებულ განათლებას გავითვალისწინებთ.
"ვერავის გადაუღუნავთ, დავაი, დაახვიეთ", "ვინ როგორ იცხოვრა, გაჩვენებთ მე თქვენ", "თავმოყვარეობა არ გაქვთ, მაინც ზიხართ აქ და მიღიმით ყველის ვაჭარივით", - ეს ის ფრაზებია, რითაც თავი გამოიჩინა რიჟვაძემ... თუმცა ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებიც საკმაოდ აგრესიულად იქცეოდნენ და ხმამაღალი ლაპარაკითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით, ცდილობდნენ რიჟვაძისთვის ლაპარაკის საშუალება არ მიეცათ.
თორნიკე რიჟვაძე 1989 წლის 25 მარტს, ხულოში დაიბადა. საქართველოს გარდა, მას განათლება მიღებული აქვს იტალიაში, უკრაინაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. ასაკის გათვალისწინებით, მართლაც შთამბეჭდავია, როგორც მიღებული განათლება, ასევე სამუშაო გამოცდილება. მონაცემები აღებულია საიტიდან: adjara.gov.ge
განათლება:
სტაჟირება:
კალაძის "პროტეჟე"?
2018 წელს, 29 წლის ახალგაზრდა კაცის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნისას, მისი უცაბედი დაწინაურების ერთ-ერთ სავარაუდო ფაქტორად სახელდებოდა თბილისის ამჟამინდელ მერთან, კახა კალაძესთან ახლობლობა. რიჟვაძე სწორედ კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს დაწინაურდა ამ სფეროში. სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს, მათ შორის იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც. დღემდე ბევრი მიიჩნევს, რომ ის კალაძის კადრია.
მამის გავლენები
აღსანიშნავია, რომ თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე წლებია სამართალდამცავ უწყებაში მუშაობს და დღესდღეობით აჭარაში ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად მიიჩნევა. ის წლების განმავლობაში აჭარის პოლიციის ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის სამმართველოებში მუშაობდა და იკავებდა წამყვან თანამდებობებს. ამჟამად კი გახლავთ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილე, თუმცა, როგორც აჭარაში ამბობენ, მისი გავლენებიც უნდა ვეძებოთ შვილის წარმატების უკან.
იხილეთ ასევე: