ტყუილი, ტყუილი, ტყუილი... და ამ ტყუილის შედეგად საკუთარი ქვეყნისათვის მიყენებული რეპუტაციული ზიანი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2020 წლის არჩევნებზე იმ ბრალდებებთან დაკავშირებით გააკეთა, რაც ოპოზიციის მხრიდან ისმოდა.
პაპუაშვილის შეფასებით, პირველად საქართველოს საარჩევნო პრაქტიკაში დადასტურდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელზეც მთლიანად იყო აწყობილი პარტიების პროტესტი, ტყუილი იყო.
“საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საბოლოოდ დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა და წერტილი დაუსვა ხელოვნურად შექმნილ გაურკვევლობას - პირველად საქართველოს საარჩევნო პრაქტიკაში დადასტურდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელზეც მთლიანად იყო აწყობილი პარტიების პროტესტი - იყო ტყუილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
პაპუაშვილის თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტი გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა 2021 წელი ცენტრალური სახელმწიფო ინსტიტუტისთვის რთული იყო.
“2020 წლის ივლისში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საკანონმდებლო რეფორმების შედეგად შესაძლებელი გახდა უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბება. ამის შედეგად, პირველად პროპორციული წარმომადგენლობის ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია თანხმდებოდა, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან და პლურალისტურ გარემოში და ამომრჩევლის ნება თავისუფლად იყო გამოხატული. თუმცა, მოქალაქეთა მხარდაჭერით უკმაყოფილო პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, რითიც შეზღუდეს ნორმალური და ჯანსაღი საპარლამენტო ცხოვრება. შესაბამისად, შეეცადნენ კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ ქვეყანაში სტაბილურობა. არჩევნებს გაყალბებულს უწოდებდნენ იმის მიუხედავად, რომ ვერ წარმოადგინეს ვერცერთი კონკრეტული ფაქტი ისეთი არსებითი დარღვევისა, რომელსაც შეეძლო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა და ხელოვნურად შექმნილ გაურკვევლობას წერტილი დაუსვა.
“დოკუმენტალურად დადასტურდა, რომ არჩევნების დღესვე წამოყენებული ბრალდება არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოცხადების შესახებ იყო ტყუილი; რომ ბრალდება ჭარბი რაოდენობის ბათილი ბიულეტენების შესახებ იყო ტყუილი; რომ ბრალდება ბიულეტენების ჭარბი მეტობის თუ ნაკლებობის შესახებ იყო ტყუილი, და ბოლოს, პირველად საქართველოს საარჩევნო პრაქტიკაში დადასტურდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელზეც მთლიანად იყო აწყობილი პარტიების პროტესტი - იყო ტყუილი. ტყუილი, ტყუილი, ტყუილი....... და ამ ტყუილის შედეგად საკუთარი ქვეყნისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანი. ხალხის მიერ მიცემული მანდატის, ნდობისა და იმედების ამდენად უპატივცემულოდ მოპყრობა სრულიად გაუმართლებელია. პარლამენტის წევრებმა ამომრჩევლების იმედები სწორედ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური ჩართულობით, მათ პრობლემებზე გამოსავლის შეთავაზებით უნდა გაამართლონ და არა ლეგიტიმურ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევით, შტურმით და ძალადობით. საერთო ჯამში, ერთპარტიული პარლამენტის სცენარი ჩაიშალა და დღეს პარლამენტი ისეა წარმოდგენილი, როგორც ეს მოსახლეობამ გადაწყვიტა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.