ხალხის განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც კულინარიულ შოუში, "სამზარეულოს ომებში“ გამოჩნდა. კულინარია ბავშვობიდან იტაცებდა, თუმცა ოჯახის გადაწყვეტილებით სულ სხვა პროფესია აირჩია. კულინარიის აკადემიაში გახსნისთანავე ჩააბარა, არაერთი რესტორნის შეფობის გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ და ექსკლუზიურად ისიც გაგვიმხილა, რომ მალე საკუთარ რესტორანს გახსნის. ჩვენი დღევანდელი სტუმარია მიშა ავსაჯანიშვილი.
- პირველ რიგში გკითხავთ, ამ ეტაპზე რით ხართ დაკავებული "სამზარეულოს ომების“ ჟიურის წევრობის გარდა?
- ერთდროულად რამდენიმე პროექტში ვარ ბათუმსა და ყაზბეგში, ხოლო შემოდგომაზე ქალაქის ცენტრში ჩემი საკუთარი რესტორანი გაიხსნება, სადაც საავტორო მენიუ იქნება. ეს იქნება ახალი ქართული სამზარეულო - ადგილობრივი პროდუქტებით შექმნილი საინტერესო კერძები, რომლებიც მუდმივად განახლდება. რაც მთავარია, აუცილებლად იქნება სეზონური მენიუ, მაგალითად, ზამთარში ჩაქაფულს ვერ შეჭამთ ჩემთან.
- ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქართული კულინარია ვერ ვითარდება. მგონი, აჩო ზამბახიძემ ყველაზე სწორად შეაფასა სიტუაცია და თქვა, რომ საჭიროა "ქართული გასტრო-რევოლუცია“. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- აჩოს ნათქვამს ვეთანხმები. ამაზე მახსენდება ერთი ამბავი. არის ასეთი ძალიან ცნობილი გასტრონომიული ფორუმის დამაარსებელი Gokmen Sozan, რომელიც მთელ მსოფლიოში აწყობს GASTROMASA-ს სახელით ცნობილ კულინარიულ გამოფენებს, სესიებს და ფორუმებს, სადაც წამყვანი შეფები აზიარებენ თანამედროვე ტექნიკებს, სიახლეებს და ბევრ სხვადასხვა გასტრონომიულ აქტივობას.
ამ ადამიანს ძალიან უყვარს საქართველო. მესამედ რომ ჩამოვიდა, მე, როგორც Bocuse d'or georgia-ს პრეზიდენტი და ჩემი კოლეგა შევხვდით, გავუმასპინძლდით, ვისაუბრეთ და ვახშმის ბოლოს მან თქვა: მთელი მსოფლიოს სამზარეულოებიდან გამოვარჩევ ქართულ სამზარეულოს. უკვე მესამედ ჩამოვედი, ყველა ჩამოსვლაზე ველოდები, რომ რაღაც ახალი დამხვდება, მაგრამ ყოველ ჯერზე, ყოველ შეხვედრაზე მაგიდაზე მხვდება ფხალი, საცივი, ხაჭაპური სხვადასხვა ვარიაციით, მაგრამ რეალურად ერთი და იგივე კერძებიო. ეს ადამიანი ჩამოვიდა კონკრეტული მიზნით, სურდა ჩვენს ქვეყანაშიც ჩაეტარებინა კულინარიული ფორუმი, თუმცა თქვა, რომ თქვენ ჯერ არ ხართ მზად და ვერ იქნებით მანამ, სანამ არ შექმნით ახალ ქართულ სამზარეულოსო განაგრძეთ კითხვა