ავტორი:

ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიმართვა ქართველ ხალხს - რა წერია ევროპარლამენტარების ღია წერილში

ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიმართვა ქართველ ხალხს - რა წერია ევროპარლამენტარების ღია წერილში

ევროპარლამენტის წევრებმა, ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართეს.

წერილში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შედეგი ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, ქართველი ხალხი იმედგაცრუებული არ უნდა დარჩეს.

"ივნისის შუა რიცხვებში, ევროკომისია უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ ნანატრ რეკომენდაციებს წარმოადგენს. შემდეგ, ივნისის ბოლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ევროსაბჭოში, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. აღნიშნული პროცესის შედეგების პროგნოზირება რთულია. ამ ღია წერილით, ჩვენ გვინდა, ქართულ პოლიტიკურ ძალებსა და ქართველ ხალხს მოვუწოდოთ, რომ არ დარჩნენ იმედგაცრუებული იმ შემთხვევაში, თუ შედეგი ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, ნაცვლად ამისა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საერთო სამუშაოსთვის ძალები გავაერთიანოთ", - ნათქვამია წერილში.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, ევროპარლამენტარების თქმით, ქვეყანაში ვითარება ბოლო 2 წლის განმავლობაში გაუარესდა.

"დიდი ხნის განმავლობაში, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზის ავანგარდში იდგა. თუმცა დღეს, ევროკავშირში და ევროპარლამენტში ჭარბობს იმგვარი წარმოდგენა, რომ საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში ვითარება გაუარესდა. მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ სათანადო სამუშაო არ განახორციელა იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის ინტეგრაციის წინა პლანზე ყოფილიყო. აღნიშნულმა, ასევე ევროკავშირსა და აშშ-ში საქართველოს მეგობრების მუშაობაც გაართულა. შედეგად, სხვა თვალით ყურებისას, სურათი საკმაოდ ბნელია. საქართველოში ოლიგარქიზაცია და შესაბამისად პოლარიზაცია რჩება მაღალ დონეზე და კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში, რომელიც დემოკრატიული არჩევნებით ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის", - აღნიშნულია წერილში.

ევროპარლამენტარებმა წერილში განაცხადეს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება ევროკავშირის გზაზე გარკვეულ გავლენას ახდენს.

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ყველას გახსოვთ, როგორ იმოქმედა უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებაზე იმ ფაქტმა, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო დააპატიმრეს. სამწუხაროდ, ევროკავშირის უმაღლეს დონეზე უპრეცედენტო მცდელობების მიუხედავად, ხელი შეუწყონ საქართველოში პოლიტიკური ჩიხური ვითარების მოგვარებას და პროევროპული დღის წესრიგის გატარებას, "შარლ მიშელის" შეთანხმება ამ დრომდე არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, სწორედ მაშინ, როდესაც კომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ რეკომენდაციის შემუშავება დაიწყო, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელი დააკავეს, რამაც საქართველოს სურათს კიდევ ერთი ბნელი ლაქა შესძინა", - განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.

უკრაინასთან მიმართების საქართველოს პოზიციასთან განცხადებაში ევროპარლამენტარები დასძენსნ, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ "უკრაინა, როგორც ყინულმტვრევი ასევე ხსნის კარებს მოლდოვასა და საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსისკენ".

"გარდა ამისა, ძნელი გასაგებია საქართველოს მმართველი პარტიის პოზიცია უკრაინის მიმართ. უკრაინელები იცავენ არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიასა და სახლებს, არამედ დემოკრატიას, თავისუფლებასა და ევროპულ ღირებულებებს, რაც ასევე საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. უკრაინა იმსახურებს, თითოეული ჩვენგანის ურყევ მხარდაჭერას და იმის უბრალო გაგებას, რომ უკრაინა, როგორც ყინულმტვრევი ასევე ხსნის კარებს მოლდოვასა და საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსისკენ. ვიცით, რომ ქართველი ხალხის ასე ფიქრობს. ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები ძალიან ყურადღებით განიხილება. საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს პრობლემების გადაწყვეტა თბილისშია და არა ბრიუსელში. თუ ეს გამოწვევა ძალიან დიდია ამ მთავრობისთვის, არსებობს სხვებისთვის მისი გადაცემის დემოკრატიული გზები, ყველაფრის ფასად სკამებზე ჩაჭიდების გარეშე. მეორე მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმაც იპოვონ ძალა, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროინტეგრაციის სანდო სტრატეგია შესთავაზონ, რაც ამ ამოცანის შესასრულებლად საჭიროა. თუ ასე არ მოხდება, შესაძლოა, საქმე მივიდეს იქამდე, რომ საქართველოს მოსახლეობას შესაძლოა არჩევანის გაკეთება მოუწიოს - ამჟამინდელი პოლიტიკური სტრუქტურის, ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ლიდერობით თუ საქართველოს ევროპული მომავალი", - დასძინეს ევროპარლამენტარებმა.