პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა აწარმოა.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ევროკავშირის წევრობამდე დიდი და რთული გზა არის გასავლელი და ეს არ არის მარტივი პროცესი.
"ჩვენ ახლა ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ. ჩემი დავალებით, საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ილია დარჩიაშვილი აქტიურად ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს. მან უკვე დღეის მდგომარეობით, გამართა 20-ზე მეტი შეხვედრა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 17 კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე, მას აქვს დაგეგმილი ამ და მომავალ კვირას შეხვედრები, ჰქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, რა რეფორმები განვახორციელეთ და მთელი ეს ინფორმაცია სრულად არის მიწოდებული. ასევე, მოგეხსენებათ, მე მქონდა ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა, ძალიან ბევრი ვიზიტი განვახორციელე, მათ შორის ვიყავი ბრიუსელში ჩასული, მქონდა უმაღლეს დონეზე შეხვედრები, ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს და რაც მთავარია, ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან. დაწყებული ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, უვიზო რეჟიმის მიღებით და ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით. ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, ერთგულნი და ჩვენი ხალხის დაკვეთას პირწმინდად ვასრულებთ და რომ არა ჩვენი მთავრობა, ჩვენ არათუ ევროკავშირში, ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით დღეს და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს, ევროპაშიც და ყველგანაც, რომ სწორედ ჩვენი მთავრობის დამსახურებაა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ასოცირებული ქვეყანა, გვაქვს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, გვაქვს უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე პატივი გვხვდა წილად, რომ შეგვეტანა განაცხადი ოფიციალურად წევრობისთვის.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს საუბარი, მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე და ეს, რა თქმა უნდა, არ არის წევრობა. წევრობამდე ძალიან დიდი და რთული გზა არის გასავლელი. ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ეს სტატუსი მივიღოთ ჩვენ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ საქართველო ბოლო 9 წელია, არის გამორჩეული რეფორმატორი და ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.