ავტორი:

"შეიძლება კანდიდატობის შეთანხმებაში მართლაც განსაზღვრული პირობები ჩადონ, განსხვავებული ვარიანტიც შემოგვთავაზონ, მაგრამ..." - ექსპერტი

"შეიძლება კანდიდატობის შეთანხმებაში მართლაც განსაზღვრული პირობები ჩადონ, განსხვავებული ვარიანტიც შემოგვთავაზონ, მაგრამ..." - ექსპერტი

რუსეთის უკრაინაში მუხანათური შეჭრიდან 100 დღეზე მეტი გავიდა... ამ ხნის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, არა მარტო უკრაინა, მთელი მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა. არსებითად იცვლება გეოპოლიტიკური ვითარება, რომელმაც დღის წესრიგში დააყენა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მინიჭების საკითხი. დღეს საქართველოში მთავარი კითხვაა: როგორ გამოვიყენებთ შესაძლებლობის ამ ფანჯარას? ექსპერტი თენგიზ ფხალაძე ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- გაუგებარია ზოგჯერ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები თუ განცხადებები, როდესაც, მაგალითად, ევროპარლამენტარებს უპირისპირდებიან, იმავდროულად კი გვიმტკიცებენ, რომ მათი დასავლური კურსი განუხრელია. "ეს ისტორიული მომენტია. ახლა ევროკავშირის ჯერია. მან უნდა გადაწყვიტოს, დგას თუ არა ევროპა მისი მოკავშირეების - მისი პარტნიორებისა და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნების გვერდით", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.

- პრემიერის ბრატისლავაში გამოსვლის შემდეგ ბევრს გაუჩნდა ასეთი აზრი, თურმე შეგვძლებია სწორი გზავნილების მიტანა პარტნიორებთანო. ვფიქრობ, ეს არის "ქართული ოცნების" პრობლემა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა - ძალიან ხშირად ვერ ხედავენ იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს, ან ხედავენ, მაგრამ უყურებენ ვიწროპარტიული პრიზმიდან, საბოლოოდ კი ამგვარი განცხადებებით აზიანებენ საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც. ზოგჯერ გაკეთებულ საქმეებსაც ჩრდილს აყენებენ. საქართველოს თავის ევროპულ გზაზე აქვს წარმატებაც და მარცხიც. არ უნდა შეგვეშინდეს იმის აღიარების, თუ რაიმე არასწორად გავაკეთეთ. ჯერ ერთი, რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ყველაფერი რიგზე გვაქვს, არა მგონია, ჩვენი პარტნიორები ისეთი გულუბრყვილონი იყვნენ, რომ ეს დაიჯერონ. არაერთხელ მიუნიშნებიათ ხარვეზებზე და შემოუთავაზებიათ დახმარება მათ გამოსასწორებლად. მართალია, ეს ვერ გამოვიყენეთ და ვერ გამოვასწორეთ თუნდაც სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, მაგრამ ისინი მოწადინებული არიან, რომ რეფორმა გაგრძელდეს, და ახლაც მზად არიან დახმარებისთვის.

დღეს იმის ძახილი კი არის საჭირო, სასამართლო სისტემაში ყველაფერი კარგად არისო, არამედ უნდა ვაღიაროთ შეცდომები და ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ რეალურად ვაპირებთ პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობას. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა გაჩნდა შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გამო და არა იმიტომ, რომ ჩვენ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ. ასე უფრო გულწრფელი ვიქნებით საკუთარი თავის შეფასებაშიც და სამომავლო საქმეების სწორად დაგეგმვაც უკეთესად გამოგვივა და ჩვენს პარტნიორებსაც დახმარების უფრო მეტი სურვილი ექნებათ.

- გავიხსენოთ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის სიტყვებიც, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთო...

- დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობდი. დახმარების სურვილი მით მეტად იზრდება, როდესაც ხედავ, რომ შენი პარტნიორი რეალურად ცდილობს რაიმეს შეცვლას. როდესაც ჯიუტად იმეორებ, არა, მე ყველაფერი კარგად მაქვსო და ლამის ამტკიცებ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტებსაც კი ვასწრებო, ცხადზე ცხადია, რომ ეს მცდარი გზავნილია.

კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი გადაწყვეტილებამდე და ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ სტატუსის მისაღებად, ვაჩვენებდეთ ჩვენს ერთიანობას, ძალისხმევას, მუდმივად უნდა ვმუშაობდეთ ჩვენს პარტნიორებთან. მაგალითად, ევროპარლამენტს უკრაინისა და მოლდოვას მხარდამჭერი რეზოლუციები აქვს მიღებული, ჩვენს საკითხზე კი არა, რადგან იმის მაგივრად გვემუშავა ევროპარლამენტარებთან, მათი ლანძღვითა და დადანაშაულებით ვიყავით დაკავებული.

პარტნიორს შეიძლება რაღაცაში არ ეთანხმებოდე, მაგრამ უთანხმოებისა და განსხვავებული შეხედულებების გამოთქმას თავისი წესი აქვს. შეუძლებელია პარტნიორობაზე ლაპარაკობდე ისე, როგორც ლაპარაკობს "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრი, თან იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩვენს თაობაზე ან უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ან მისი მიღების პროცესზე დიდი ზეგავლენა აქვთ. თუ ეს მთლიანად პოლიტიკური პროცესის გაგების პრობლემაა, მაშინ კითხვა ისმის - ასეთ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი მნიშვნელოვანი პროცესის არა ესმით რა, რა უნდათ პოლიტიკაში? თუ ესმით, მაგრამ მაინც ასე იქცევიან, მაშინ ეს მეორე უბედურებაა. ასე რომ, ამას გამართლება არც ერთ შემთხვევაში არა აქვს.

- ამ ვითარებაში რისი იმედი შეიძლება გვქონდეს? აქვე გავიხსენებ ესტონეთის ელჩის რინა კალიურანდის განცხადებას, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასო, თუმცა დასძინა: "თუკი გვსურს ვინმემ მხარი დაგვიჭიროს და მიგვიღოს, ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ვთხოვოთ სანქციებს მხარი დაუჭიროს, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი იყოს". ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლებელია საქართველოს კანდიდატობისთვის უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული პირობები წამოუყენონ?

- რთულია თქმა. დაახლოებით შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ რა ტიპის პროექტების განხილვა მიმდინარეობს ევროკავშირში, მაგრამ, როგორც ვიცი, ერთიანობა ჯერ არც ერთ პროექტზე არ არის მიღწეული. ამიტომაც ახლა ის დროა, როცა მართლაც კარდაკარ უნდა დავდიოდეთ და მთელი ძალისხმევა მიმართული გვქონდეს იმისკენ, რომ დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, დაუჭირონ მხარი ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტს. რაზე შეიძლება შედგეს 27 სახელმწიფოს კონსენსუსი ამ ასოცირებულ ტრიოსთან დაკავშირებით, დღეს რთული სათქმელია. ნურც ისე წარმოვაჩენთ, რომ საქართველოს შანსი არა აქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, მაგრამ იმასაც ნუ ვიტყვით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა ევროკავშირის ჯერიაო. მოლოდინები სწორად უნდა ვმართოთ. არ შეიძლება პასუხისმგებლობის ევროკავშირზე გადატანა, მით უფრო, რომ ნამდვილად ბევრი რამ გვაკლია ევროკავშირის სტანდარტებამდე. ამასაც დიდ ყურადღებას აქცევენ ჩვენი პარტნიორები. ძალიან ხშირად რიტორიკა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა და თუ გჭირდებით, მაშინ მიიღეთ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდო, გარკვეულწილად ჩვენი პარტნიორების დაშანტაჟების ელემენტებს ატარებს და ევროკავშირთან ურთიერთობის ძალიან მცდარი ფორმაა. თუ პოლიტიკოსები ამაზე დაფიქრდებიან და რიტორიკას შეცვლიან, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება საქართველოს. შეიძლება კანდიდატობის შეთანხმებაში მართლაც განსაზღვრული პირობები ჩადონ, შეიძლება განსხვავებული ვარიანტიც შემოგვთავაზონ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ვიმუშაოთ მაქსიმუმის მისაღებად, მაგრამ მუშაობა არ ხდება ეპისტოლარულად, პარტნიორების ლანძღვით და გაუგებარი განცხადებებით. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად