ავტორი:

"მას  ძალზედ სერიოზული დაავადება აქვს" - ადვოკატები ითხოვენ, რომ გალიფ ოზთურქი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს

"მას  ძალზედ სერიოზული დაავადება აქვს" - ადვოკატები ითხოვენ, რომ გალიფ ოზთურქი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს

ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ. ამის შესახებ ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე განაცხადეს.

ადვოკატების განცხადებით, გალიფ ოზთურქს ჯანმრთელობის პრობლემები.

"საქართველოში დიდი ოდენობით ქონება და ბიზნეს საქმიანობა აქვს, საქართველოს მოქალაქეა და არ არსებობს გარემოება, რომ გამოძიებას თავი აარიდოს. რაც შეეხება იმას, რომ ხელს შეუშლის გამოძიებას, ნონსენსთან გვაქვს საქმე. გამოძიება სხვა საქმეებზე მიმდინარეობს, რაშიც გალიფ ოზთურქი არაა დამნაშავე.

ჩვენ წარმოვადგენთ მტკიცებულებებს, რომელშიც მითითებულია კომპანია, რომელმაც 251 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა ბიუჯეტში. იმ კომპანიებში, რომელშიც გალიფ ოზთურქი საქმიანობს, 15 000 ადამიანია დასაქმებული და მისი პატიმრობით შეიძლება ამდენი ადამიანი უმუშევარი დარჩეს. წარმოგიდგენთ ავადმყოფობის ცნობას, ძალზედ სერიოზული დაავადება აქვს ბატონ ოზთურქს. არანაირი საჭიროება არ გააჩნდა, რომ მას კოკაინი ჰქონოდა, ეს არის შეცდომა და ეს გაირკვევა. მას დანაშაული არ ჩაუდენია. გთავაზობთ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ ლარს”,- განაცხადა დაცვის მხარემ.

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.