კომპანია „მეტრო სითის“ დირექტორის, რაულ კახაძის ინფორმაციით, ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი თავს მხნედ გრძნობს და ფიქრობს, რომ „საქმე დიდ გაუგებრობასთან გვაქვს“.
როგორც რაულ კახაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, არ ეთანხმება მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებას და ქართული სასამართლოს იმედი აქვს.
"მინდა გაგიზიაროთ გალიფ ოზთურქის გზავნილი. მიუხედავად მაღალი ემოციური ფონისა, ის მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, როგორც კომპანიის მართვის რგოლს, ისე მედიასაშუალებებს. არ გავაკეთოთ ისეთი განცხადება, რომელიც დააზიანებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს.
ის თავს გრძნობს უდანაშაულოდ ყველა ნაწილში. არ ეთანხმება მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებას. თავს მხნედ გრძნობს და ფიქრობს, რომ საქმე დიდ გაუგებრობასთან გვაქვს. დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება გაუგებრობა. ფინანსური დოკუმენტაცია ამოღებულია. ქართული სასამართლოს იმედი აქვს“,- აღნიშნავს კახაძე.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაია განიხილავს.
გამოძიება, გალიფ ოზთურქს „სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა- შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, დაკავებულ გალიფ ოზთურქს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ადვოკატები დღევანდელ პროცესზე სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავენ.