ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონი იწყება, რაც ადგილობრივებს ახარებთ, თუმცა ამის პარალელურად ფსოუს საზღვრის გაუქმებასთან დაკავშირებით, რუსი პოლიტიკოსების ინიციატივა მოსახლეობაში უკმაყოფილება მოჰყვა. ამის მიუხედავად, მოსკოვიდან მსგავსი განცხადებები ისევ გრძელდება. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რეგიონში შესაძლოა, უსაფრთხოების დამატებითი უწყება - ტურისტული პოლიცია შეიქმნას.
აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესმდივნის რომან ლაპიას თქმით, აფხაზეთში ზაფხულის სეზონზე უამრავი დაურეგისტრირებელი ტურისტული სააგენტოა, როგორც აფხაზურ, ასევე რუსულ მხარეს.
როგორც ლაპია განმარტავს, ისინი თაღლითური სქემით მუშაობენ - არ იღებენ უსაფრთხოების გარანტიას ტურისტებზე, ყალბ ფოტო და ვიდეო მასალას ათავსებენ თავიანთ საიტზე, რომელიც უმეტეს შემთხვევაში რეგიონის სასტუმროებში არსებულ ვითარებას არ ასახავს.
"ტურისტული პოლიცია კი დამსვენებლების უსაფრთხოებაზე იზრუნებს, რადგან ხშირია შემთხვევები როდესაც ალკოჰოლის მიღების შემდეგ, დამსვენებლებსა და მასპინძელს შორის დაპირისპირება სროლაში გადაზრდილა. ეს ხდება, როგორც ქალაქში, ასევე აფხაზეთის მთებში, სადაც თაღლითობასთან ერთად, ხშირია ყაჩაღობისა და ძარცვის ფაქტები... ამას ემატება შემთხვევები, როდესაც უამინდობისა და შტორმის დროს, ნასვამი ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ტურისტები ზღვაში შედიან. შარშან კვირაში ორჯერ მაინც ჩვენს მაშველებს მათი გადარჩენა უწევდათ. უამრავი კი, ვერ გადავარჩინეთ... ბევრი ფაქტორის გამო, ტურისტული პოლიციის არსებობა აუცილებელია..." - ამბობს ლაპია.
ე.წ. ტურიზმის მინისტრის თეიმურად ხიშბას ცნობით, დაურეგისტრირებელ ტურისტულ კომპანიებს მუშაობას ვერ აუკრძალავენ, ამიტომ მათ შორ მანძილზე მოგზაურობისას თან უნდა გაჰყვეს ტურისტული პოლიცია, ეს უწყება კი, ყველა საჭირო მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, რათა არალეგალურ გიდებთან მუშაობის პრობლემა არ შეექმნას.
ხიშბას ინიციატივას არასერიოზული უწოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. მათი ცნობით, ახლა როდესაც რუსეთს სანქციები აქვს დაწესებული, უკვე არაერთმა რუსმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ყირიმსა და სხვა ადგილებში, დასვენებისთვის არასახარბიელო სიტუაციაა, სოჭი ყველას ვერ დაიტევს, ამიტომ მთელი დატვირთვა აფხაზეთზე წამოვა.
"ანუ მათი გათვლებით, ძალიან ბევრი დამსვენებელი მოაწყდება აფხაზეთს და რას ვაპირებთ, ყველა მათგანს კუდში უნდა ვდიოთ, რომ ვინმემ არ აწყენინოს? და ნარკორეალიზატორების გაკონტროლება როგორ მოხდება? შარშან ახალ ათონში რომ დათვრნენ და საპირფარეშო იქვე მოაწყვეს, ასეთების დევნას და დაცვას ვაპირებთ? რა რაოდენობით ადამიანი უნდა დასაქმდეს ამ უწყებაში, რომ ყველას უსაფრთხოება დაიცვან, ზღვაზე, მთაში, ქუჩაში, სასტუმროში, რესტორანში, ყველგან დაცვა ეყოლებათ?.." - კითხულობს ინტერნეტმომხმარებელი იასონ აფხაზი.
"არაერთხელ, სხვადასხვა დონეზე ითქვა, რომ საზღვრის გაუქმება მიუღებელია, მაგრამ ვიღაცები, ვინც კრემლის პოზიციას ახმოვანებს, მაინც აგრძელებენ ამაზე საუბარს. ამის კვალდაკვალ გამოდიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ არ აყენებენ და ამავდროულად საზღვრის გაუქმებას ემხრობიან?
ჩემდა გასაკვირად, ადგილობრივებშიც გამოუჩნდა მხარდამჭერები - აქამდეც უნდა აეღოთო, ამბობენ. ქვეყანა საზღვრის გარეშე ვის წარმოუდგენია? ახლა კიდევ, ჩვენი მეგობარი დუმის დეპუტატი კალაშნიკოვი გვაბრალებს, აფხაზეთში რუსული ენის დისკრიმინაცია ხდებაო, არადა, აფხაზები ოჯახშიც კი რუსულად ვსაუბრობთ. ჩვენივე ნებით, ჩვენს ქვეყნაში რუსული კი არა, აფხაზური ენის დისკრიმინაციას ვახდენთ და არც გვაინტერესებს" - წერს ოლია აკიშბა.
ekhokavkaza.com-თან საუბარში აფხაზეთში რუს თანამემამულეთა კავშირის წარმომადგენელი ანია კალიაგინა ამბობს, რომ რეგიონში რუსული ენის დისკრიმინაციის ნიშნებს ვერ ხედავს, მაგრამ მისი თქმით, კარგი იქნება თუ რეგიონში რუსული ენის მხარდამჭერი პროგრამები კიდევ უფრო წახალისდება.
"არსებობს, რუსული ენის საღამოები, ბავშვები სწავლობენ რუსულს, არის რუსული სკოლები ამიტომ აფხაზეთში რუსულ ენას აფხაზეთში საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მასზე ზრუნვა უნდა გაგრძელდეს, რადგან ენა ცოცხალი ორგანიზმია... " - ამბობს ის.