ჩემი აზრით, საქართველო არის ყველაზე ცუდ ფორმაში, რა ფორმაშიც შეიძლებოდა ყოფილიყო, როცა ის განაცხადს გააკეთებდა ევროკავშირის კანდიდატობაზე, - ამის შესახებ "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.
"სიმართლე გითხრათ, არც არავინ ელოდა, რომ ეს დრო ასე სწრაფად დადგებოდა. ამას „ქართული ოცნება“ 2024 წელს აანონსებდა. მე პირადად ვფიქრობდი, რომ კიდევ უფრო იქით იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, უკრაინის გამბედაობამ ეს ვითარება დააყენა, თუმცა იმისათვის, რომ ეს რეალობა გამოვიყენოთ კარგად, სამწუხაროდ ამისთვის არც ხელისუფლებაა მზად და არც ქვეყანაა მზად, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს და სამწუხაროდ, საქართველო ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს მიღებას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს, ესენია: პირველი, ბიძინა ივანიშვილი „მონათმფლობელივით“ ექცევა მთელ ქვეყანას, მეორე, საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს და რეფორმებს არ ატარებს და მესამე, საქართველო უკრაინასთან მიმართებაში პოზიციონირებს არასწორად.
"ცუდად კი არ გამოვიყურებით, ან არ გამოვიყურებით, თმა ცუდად კი არ გვაქვს დავარცხნილი ან ტანსაცმელი კი არ გვაცვია ცუდად, არამედ ცუდად ვართ, რადგან პირველი, ამ ქვეყნის ბატონ პატრონი არის ბიძინა ივანიშვილი, კაცი მონათმფლობელივით ექცევა მთელ სახელმწიფოს და ამას ვხედავთ მსოფლიო, აი, რა ევროკავშირი, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? მეორე, დაწყებული მიშელის შეთანხმებიდან, დამთავრებული რეკომენდაციების მთელი კასკადით ევროკავშირის მხრიდან, რაც საქართველოს უნდა შეესრულებინა, მათ შორის სასამართლო რეფორმა. ასეთი პირდაპირი უარი, თავხედური უარი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სტკიცა ევროკავშირს, ასეთი არც არასდროს არ მომხდარა ამ ქვეყნის ისტორიაში, ამას არავინ არ დაივიწყებს და თვალს არავინ დახუჭავს. მესამე, ამ გეოპოლიტიკური ძვრის ელმავალი არის უკრაინა, შესაბამისად, უკრაინასთან მიმართებაში ვინ როგორ პოზიციონირებს ამაზე იქნება დამოკიდებული დიდწილად სტრატეგიული გადაწყვეტილებები. საქართველო უკრაინასთან მიმართებაში პოზიციონირებს არასწორად“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
გიორგი რუხაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებაში ევროინტეგრაციას, როგორც თემას, ლიდერები არ ჰყავს.
"ლიდერები არ ჰყავს ქვეყანას და როცა ევროინტეგრაციას, როგორც თემას, არ ჰყავს ლიდერები, მაშინ დამთავრებულია. ერთადერთი თუ რამე გადაგვარჩენს სწორედაც რომ ევროკავშირის სტრატეგიული გადაწყვეტილება. საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ღმერთი თუ გადმოგვხედავს, თორემ საქართველოს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა რამე წესიერი გამოიმეტოს ჩვენთვის, იუპიტერი და მზე თუ გადაიკვეთება რაღაცაში, აი, ეგ თუ გვიშველის“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
გიორგი რუხაძე გადაცემაში ევროპის სახალხო პარტიის მიერ „ქართული ოცნების“ მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მეგობრებში „კოჭლადაა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპარლამენტში ან მეგობრები საერთოდ არ ჰყავთ, ან იმდენად ცუდად მიჰყავთ ყველაფერი, რომ პოტენციური მეგობრებიც კი ჩუმად არიან.
"ამ ხელისუფლების პირობებში რა პროგრესული რეფორმა გატარდა ერთი მითხარით? არ არის ასეთი. შესაბამისად, საერთოდ არაფერი არ გაკეთებულა. რომ მოგვადგა ის ევროკავშირი და გვითხრა, რომ კონსტიტუცია შეცვალეთ, სასამართლო გაათავისუფლეთ, მიშელის შეთანხმებას პატივი ეცით და ა.შ. აქედანაც არაფერი არ შესრულდა. ამას რომ თავი დავანებოთ, ხელისუფლება გადასულია ღია კონფრონტაციაზე ევროპელ პოლიტიკოსებთან. დღესაც მიმდინარეობს ევროპის ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური ოჯახის და ყველაზე დიდი ფრაქციის[EPP] ლანძღვა ხელისუფლების მხრიდან. ამას ახლა ჭკუასთან რამე სიახლოვე აქვს? ევროპარლამენტმა ხომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. საქართველოს პარლამენტში რომ გინდოდეს რამის მღება და „ქართულ ოცნებას“ რომ ეჩხუბებოდე, დაახლოებით იმავეს აკეთებენ.
მარტო ევროპის სახალხო პარტია კი არ საუბრობს, ფრაქცია აღარ დარჩა ევროპარლამენტში, რომელიც ამაზე არ საუბრობს. ყველა „ნაცმოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მეგობრები როგორ არიან? ხომ შეიძლება, რომ „ქართულ „ოცნებასაც" ჰყავდეს ერთი მეგობარი? გთხოვთ ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთი ევროპარლამენტარი გამოსულიყოს და ეთქვას, ყოჩაღ „ქართული ოცნება“.
შავზე თეთრს არავინ არ იტყვის, მათ შორის არც შენი მეგობარი. მეგობრებშიც ცოტა არ იყოს და კოჭლად არის „ქართული ოცნება“, ფაქტია, რომ მათზე დადებითად არავინ საუბრობს, ეს ნიშნავს, რომ ან მართლა მეგობრები არ ჰყავთ ან იმდენად ცუდად მიჰყავთ ყველაფერი, რომ პოტენციური მეგობრებიც კი ჩუმად არიან“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.