ავტორი:

განტვირთვა სკანდალური სასამართლოს შემდეგ - ჯონი დეპი კონცერტზე სცენაზე ავიდა და ათასობით ადამიანისთვის გიტარაზე დაუკრა

განტვირთვა სკანდალური სასამართლოს შემდეგ - ჯონი დეპი კონცერტზე სცენაზე ავიდა და ათასობით ადამიანისთვის გიტარაზე დაუკრა

ლონდონის Royal Albert Hall-ში ლეგენდარული გიტარისტის, ჯეფ ბეკის კონცერტზე, ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯონი დეპი გამოჩნდა. მსახიობი მანამდე, კვირა საღამოსაც იმყოფებოდა ჯეფის კონცერტზე, ამიტომ გუშინაც ბევრი ფანი ელოდა მის გამოსვლას.

დეპმა მათი მოლოდინი გაამართლა და 77 წლის მუსიკოსთან ერთად 3 სიმღერა შეასრულა. ჯეფ ბეკი, "როლინგ სტოუნის“ მიერ შედგენილ "ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტის" სიაში მე-14 პოზიციაზეა დასახელებული და ის ელის კუპერსა და "აეროსმიტის“ წევრ ჯო პერისთან ერთად უკრავს ჯგუფ Hollywood Vampires-ში.

ბევრისთვის გასაკვირი იყო დაძაბული სასამართლო პროცესის შემდეგ დეპის სცენაზე გამოჩენა. ზოგმა ისიც კი თქვა, რომ მხოლოდ ჯეფ ბეკის დაკვრით უფრო კმაყოფილები დარჩებოდნენ.

"ზედმეტია ამდენი ჯონი დეპი, აქ მის სანახავად არ მოვსულვართ. ეს უფრო სარეკლამოდ გათვლილ დადგმას ჰგავს, მას განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია კონცეტზე და მეტიც, ბეკის კუთვნილი ყურადღება მან მიიპყრო“, - თქვა კონცერტის ერთ-ერთმა სტუმარმა.

თუმცა ნეგატიურ დამოკიდებულებას ყველა დამსწრე არ იზიარებდა და ბევრი ამგვარი შეძახილებით შეეგება მსახიობის სცენაზე გამოჩენას : "მიყვარხარ, ჯონი!“

"ჩვენ პირველად 5 წლის წინ შევხვდით ერთმანეთს. ახლა, როცა გასახდელი ოთახის კარზე დააკაკუნა. ვცდილობდით, რომ ეს საიდუმლოდ შეგვენახა და აი, ის აქ არის", - უთხრა ბეკმა მსმენელს და სცენაზე ჯონი დეპი მოიწვია.

მათ ჯონ ლენონის, მარვინ გეისა და "ბითლზების" სიმღერები შეასრულეს. შოუს დასრულების შემდეგ კი 100-მდე ფანი შეიკრიბა გასასვლელთან, რათა "კარიბის ზღვის მეკობრეების“ მსახიობისთვის თვალი კიდევ ერთხელ მოეკრა.

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ავტოგრაფები სიამოვნებით ჩამოარიგა და კამერების წინაც იპოზიორა.

ცნობისთვის, ჯონი დეპისა და მისი ყოფილი მეუღლის, ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დეპი მას 50-მილიონი დოლარის ოდენობის თანხით კომპენსაციას სთხოვს ცილისწამებისთვის.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა