ავტორი:

"კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ, დამკვეთის გამოსავლენად ფარული საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობდა" - რატომ დააკავეს კაკულიები და ვინ იყო მათი მამა "დათო ტბილისკი"?

"კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ, დამკვეთის გამოსავლენად ფარული საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობდა" - რატომ დააკავეს კაკულიები და ვინ იყო მათი მამა "დათო ტბილისკი"?
  • ფოტოკოლაჟი: ნიკა კვარაცხელია, მისი მამა გია კვარაცხელია და დავით კაკულია

29 მაისს, კრიმინალურმა პოლიციამ, კონსპირაციულ ბინაში ძმები დათა და გუგა კაკულიები დააკავა. როგორც ირკვევა, ისინი სომხეთიდან თბილისში დაბრუნდნენ და გორგასლის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. პოლიციამ მათი საცხოვრებელი ბინა ალყაში მოაქცია, თუმცა თვითმხილველების თქმით, ძმები 1 საათის განმავლობაში პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდნენ და აგინებდნენ.

ძმები კაკულიები პოლიციელებმა ოფიციალურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს, თუმცა საქმე შესაძლოა ბევრად მძიმე სს დანაშაულებს ეხებოდეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კავშირში არიან ქურდულ სამყაროსთან. აღსანიშნავია, რომ მათი მამაც კრიმინალური ავტორიტეტი გახლდათ.

არაოფიციალური ინფორმაციით, კაკულიების დაკავება სამი დღის წინ მომხდარს უკავშირდება, როდესაც ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე ნიღბიანმა პირმა სკუტერიდან 15-ჯერ გაისროლა და ორი ახალგაზრდა დაჭრა. არაოფიციალური ცნობით, ძმებმა საქართველოს საზღვარი არარეგალურად გადმოკვეთეს.

კაკულიების სახელი პირველად 22 წლის ნიკა კვარაცხელიას - პირველი ქართული სოციალური ქსელის დამფუძნებლის მკვლელობის საქმეში გამოჩნდა.

როგორც წყარო გვეუბნება, მათი დაკავება სავარაუდოდ, უკავშირდება, როგორც არაყიშვილის ქუჩის სისხლიან გარჩევას, ასევე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს, რასაც დაკავებული ძმების, გუგა და დავით კაკულიების ადვოკატი გიორგი ანთაძე უარყოფს. ადვოკატის რწმუნებით, კაკულიებს ის იარაღი, რომლის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავებიან, მათ პოლიციამ "ჩაუდო“.

"დავინტერესდი და მათ შეკითხვა დავუსვი კვარაცხელიასთან დაკავშირებით, რადგან საკმაოდ გავრცელებული თემაა. ვკითხე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაბარებულები იყვნენ თუ არა პოლიციაში და ჰქონდათ თუ არა შემხებლობა. მათ აღნიშნულს სრული აბსურდი კი არა, სრული სისულელე უწოდეს, არანაირი შემხებლობა ამ საქმესთან არ ჰქონიათ, არც დაბარებულები ყოფილან საგამოძიებო უწყებაში“, - განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს კაკულიებზე ძებნა იყო გამოცხადებული.

"ეს არის სრული დეზინფორმაცია, არანაირი ძებნა მათზე არ ყოფილა გამოცხადებული. ნაქირავებ სახლში იმყოფებოდნენ, როცა ღამის საათებში, სპეცრაზმი შევარდა და დააკავეს. ერთადერთი, დაკავების დადებითი მხარე თუ შეიძლება ითქვას, არის ის, რომ რა სიბინძურე და ტალახიც არის წამოსული მათკენ და მათი ოჯახისკენ, დარწმუნებული ვარ, ჩამოირეცხება და ყველა გაერკვევა, რომ მათ არანაირი შემხებლობა არც ვაკეში მომხდარ სროლასთან და არც ნიკა კვარაცხელიას საქმესთან არ აქვთ“, - განაცხადა ანთაძემ.

დათა და გუგა კაკულიების დაკავებას ნიკა კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე გამოეხმაურა.

"ძალიან რთული დღე გვაქვს, ემოციურად ურთულესი, დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები (ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია მკვლელი ჭელიძის და მკვლელი კაველაძის აღიარებიდან) ძმებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი და გასროლით ამცნეს ქალაქის შუაგულს აქ ვართ არსად წავსულვართ დაიჩოქეთო. არა, შვილებო, არა! ვერ დაგიჩოქებთ და თქვენ ნამდვილად მოგიწევთ დაჩოქება უფლის წინაშე. ვიმედოვნებ, შესაბამის ორგანოებს ეყოფა გონი და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას კი არა, ნიკოს ამბავს მოჰკითხავენ საფუძვლიანად, თქვენ კი შიშს დამონებულო კემბრიჯ - ვებსტერელო ახალგაზრდებო, ნუღარ შეგეშინდებათ და მოყევით, რას გაიძულებდნენ ძმები, რას განიხილავდით ხუთდღიანი სტუმრობისას ერევანში! სანამ ძმებს გაუღიათ პირი, ითანამშრომლეთ პროკურატურასთან, თქვენი ყურში ჩურჩული არავის სჭირდება და მოჰყევით თამამად, ან თუნდაც, დედების თანდასწრებით!“, - დაწერა მან შვილის მიერ შემნილ პლატფორმა "feedc"-ზე.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობიდან მალევე, გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ სამართალდაცავები ერთ-ერთი ვერსიად შეკვეთილ მკვლელობას განიხილავდნენ, რისი საფუძველიც ე.წ. კანონიერ ქურდად მონათვლის სურვილი გახდა. ერთ-ერთი ვერსიით, 2001 წელს მოსკოვში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის, დავით კაკულიას ("დათო ტბილისკის") ერთ-ერთ შვილს, რომელიც მამის მსგავსად ქურდობას აპირებდა, საზღვარგარეთ გამართულ ე.წ. სხოდკაზე კრიმინალური ავტორიტეტები წოდების მიღებას დაჰპირდნენ, თუმცა გარკვეული პირობით. უმცროსმა კაკულიამ ჩათვალა, რომ სტატუსს მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ შურს იძიებდა მამის მკვლელობისთვის, რაშიც მის ნათლიას, ნიკა კვარაცხელიას მამას, ასევე კანონიერ ქურდ გია კვარაცხელიას (მეტსახელად "ლაფშას") ადანაშაულებდა (2001 წლის 25 აგვისტოს).

  • ვინ იყო დავით კაკულია, იგივე "დათო ტბილისკი“?

დავით კაკულია, რომელიც კრიმინალურ წრეებში"დათო ტბილისკის“ სახელითაა ცნობილი, 1963 წლის 9 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. ის "კანონიერ ქურდად“ 1991 წელს აკურთხეს (თბილისში) ავთანდილ ჩიხლაძემ ("კვეჟო“), რობერტ კალანდაძემ ("რობერტა"), ნოდარ ფარიზიანმა ("ნონო"), პაატა ჩლაიძემ ("პაატა ბალშოი") და არსენა მიქელაძემ ("არსენა".

დავით კაკულია

"დათო ტბილისკი" პირველად 1993 წელს მოსკოვში დააკავეს. სასტუმრო "მოსკოვში“ ე.წ. კანონიერი ქურდები აიყვანეს და ცხრაკაციან კრიმინალურ დაჯგუფებაში, კაკულიასთან ერთად იყვენენ: ტარიელ ფოცხვერია, ავთანდილ ჩიხლაძე ("კვეჟო"), დავით მელქაძე ("დათო ფოთინსკი"), ნიკოლოზ თუთბერიძე ("მაცი"), მალხაზ მინდაძე, გოჩა ცაგარეიშვილი და სხვები. მათ ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში დასდეს ბრალი. "დათო ტბილისკი" რამდენჯერმეა ნასამართლევი და სასჯელს როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ციხეებში იხდიდა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მას პატიმრობის დროს "რესბალნიცაშიც“ მოუწია გარკვეული დროის გატარება, საიდანაც 2001 წელს გათავისუფლდა. დავით კაკულია საკმაოდ გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი იყო და ხშირად მონაწილეობდა "სხადნიაკებში“.

2001 წლის 25 აგვისტოს, დავით კაკულიას დაქირავებულმა მკვლელმა მოსკოვში, საკუთარ სახლთან, ავტომანქანში ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელნაკეთი ყუმბარა შეუგდო და ააფეთქა. "დათო ტბილისკი" წყნეთშია დაკრძალული.

რუსულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით, 37 წლის "დათო ტბილისკი", დიასახლისთან ერთად, ცხოვრობდა კოტეჯში, რომელიც მოსკოვში, ვუჩეტიჩის ქუჩაზე მდებარეობდა, ტიმირიაზევსკის ტყიდან რამდენიმე მეტრში. მკვლელობა დღის 1-ლ საათზე მოხდა - როდესაც კაკულია ავტომანქანაში ჯდებოდა, მას მოძრავი მანქანიდან ხელნაკეთი ყუმბარა ესროლეს და მიზანშიც მოარტყეს. აფეთქების შედეგად, კუკულია მძიმედ დაშავდა - სახე და თვალები დაეწვა, გარდა ამისა, მარცხენა ხელ-ფეხის მოტეხილობა მიიღო. "დათო ტბილისკი" საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მეორე დღეს, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა 200 გრამი ტროტილით (TNT) და ლურსმნებით იყო სავსე.

იმჟამინდელმა ხელისუფლებამ "კანონიერი ქურდი“ დედაქალაქისთვის ჩვეული განგსტერული ჩხუბის მსხვერპლად მიიჩნია. სამართალდამცველებმა მისი სახლის ჩხრეკისას, აღმოაჩინეს ჩანთა ასაფეთქებელი მოწყობილობით (200 გრამი ტროტილით და ელექტრო დეტონატორით), რამაც გააჩინა ეჭვი, რომ კაკულიას დაპირისპირებულმა მხარემ დაასწრო.

დავით კაკულიას აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსკოვში ააფეთქეს ჯავშანტექნიკა, რომელშიც დედაქალაქის სომხური კრიმინალური საზოგადოების ლიდერები, ასევე "კანონიერი ქურდები“ - ძმები დათო და ნოდარ ჩოგრაშები იმყოფებოდნენ.

კონკრეტულად რა კავშირი ჰქონდა გია კვარაცხელიას "დათო ტბილისკის" მკვლელობასთან ღია წყაროებით, უცნობია, თუმცა ოჯახი დარწმუნებულია, რომ ნიკა კვარაცხელია შურისძიებას შეეწირა.

  • ერთი-ერთი ვერსიით, ნიკა კვარაცხელიას ლიკვიდაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ძმებმა კაკულიებმა სომხეთში დაიბარეს ბრალდებულები და ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაც იქ გადაწყდა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა, რომელიც 15 სექტემბერს მოხდა, შსს-მ სამ დღეში გახსნა, ბრალდებულებს მჯავრიც უკვე წაუყენეს, თუმცა მკვლელობის მოტივზე ოფიციალურად არაფერი თქმულა...

ambebi.ge-ს წყარო უყვება, რომ დათა და გუგა კაკულიებზე ძებნა მართლაც არ ყოფილა გამოცხადებული, თუმცა მათ საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთეს.

"მართალია, კვარაცხელიას მკვლელობის ბრალდებით სასჯელს შემსრულებლები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააპატიმრეს, მაგრამ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ, დამკვეთის გამოსავლენად კაკულიების მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობდა. წყაროს ინფორმაციით, კრიმინალურმა პოლიციამ ძმები მყარი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა და არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცველებს მათ მიმართ დანაშაულის მამხილებელი მტკიცებულებებიც ჰქონდეთ“, - ამბობს ჩვენი წყარო.