სენაკის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლაშა კუჭავას ინფორმაციით, მათი პარტიის წევრს, ვახტანგ წურწუმიას დილიდან ვერ პოულობენ. როგორც კუჭავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ვახტანგ წურწუმიაზე საკრებულოს დატოვების მიზნით ზეწოლა, დაშინება და მოსყიდვა "ქართული ოცნების" მხრიდან დიდი ხანია ხორციელდება. მისივე თქმით, წურწუმიამ ბევრი იბრძოლა და საკუთარი ნებით საკრებულოს დეპუტატობაზე უარს არასოდეს იტყვის.
"ეს პიროვნება დაკარგულია, დილიდანვე ვეძებთ ჩვენ, ოჯახი და ახლობლები. ვახტანგი თეკლათის მაჟორიტარი დეპუტატია. ჩემი ინფორმაციით, ის წაყვანილი ჰყავთ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რადგან აიძულონ დაწეროს განცხადება და გავიდეს საკრებულოდან. ის დიდი ხანია რაც პარტიის წევრია, მუდამ წინა ხაზზე იყო და მისი სურვილით არასოდეს არ დატოვებს საკრებულოს. მან იბრძოლა და პირველივე ტურში მოუგო ,,ქართულ ოცნებას" დიდ სოფლებში, შესაბამისად, საკუთარი სურვილით ამ ნაბიჯს არ გადადგამს. მის მიმართ ხორციელდება ზეწოლა, მუქარა და ის, რომ ადამიანი არ არის და ვერ ვპოულობთ, ფაქტია. მთავარია ცოცხალი ვიპოვოთ და არ განმეორდეს ის, რაც აჭარაში მოხდა. ბოლოს გუშინ საღამოს ვნახე. ჩემივე მანქანით გავუშვი სახლში, დილას ადრე ველოდებოდი ჩემთან და რომ არ მოვიდა მივაკითხე, მანქანა ჭიშკართან იდგა, მაგრამ ვახტანგი არ დამხვდა. მისმა ოჯახის წევრებმა არაფერი იციან, დილის 09:00 საათიდან ვეძებთ ,"- განაცხადა სენაკის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლაშა კუჭავამ.