უკვე გამოიტირეს, რომ ევროპა არაფერს არ გვაძლევს და ახლა ერთადერთი იმით არიან დაკავებული, რომ ვიღაცებს რაღაცები გადააბრალონ, სირცხვილია - მოეშვით პანიკას, - ასე მიმართა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა "ქართული ოცნების" წევრებს.
უსუფაშვილის შეფასებით, ახლა პანიკის დრო არ არის, ახლა ერთად შრომის დროა.
"მინდა დავამშვიდო "ქართული ოცნება" და მათი ლიდერები - ნუ ვარდებიან პანიკაში, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის მათი გამოისობით. უკვე გამოიტირეს, რომ ევროპა არაფერს არ გვაძლევს და ახლა ერთადერთი იმით არიან დაკავებული, რომ ვიღაცებს რაღაცები გადააბრალონ, სირცხვილია - მოეშვით პანიკას. ჯობია იმუშაოთ იქ, სადაც სამუშაოა, ევროპის დედაქალაქებში, რომ საქართველოს საქმე და არსებული კითხვები იქნას პასუხგაცემული. მოეშვით ჭორების გავრცელებას და პანიკას - ერთად ჩავკიდოთ ხელი, ჩავიდეთ ყველგან, ვისაც ადანაშაულებთ, რომ ხელს გვიშლიანო, თქვენ შეარჩიეთ ყველაზე უფრო ხელისშემშლელი პირები და მე გაძლევთ გარანტიას, რომ თითოეული ჩვენგანი ვართ მზად ჩავიდეთ ბერლინშიც, ბრიუსელშიც, პარიზშიც, ყველგან და ვილაპარაკოთ იმაზე, რომ საქართველო არ უნდა დარჩეს იმ პროცესების მიღმა, რომელიც ახლა ხდება. მათ როგორც ჩანს, უკვე გამოტირებული აქვთ ეს ამბავი და დამნაშავეებს ეძებენ ახლა - ახლა პანიკის დრო არ არის, ახლა ერთად შრომის დროა, მორჩა!
"ოცნება" და მისი ლიდერები არიან პანიკაში და დედამიწის ზურგზე ყველას დამნაშავედ თვლიან მათ მიერ ჩადენილ არასწორ ქმედებებში. მე მათ ვამშვიდებ, ევროპა არ არის ისეთი ახლო მხედველი, როგორც თვითონ არიან. ხედავენ საქართველოში არსებულ პრობლემებს, მაგრამ ხედავენ ქართველი ხალხის ურყევ სწრაფვას ევროპისკენ, ისინი ხედავენ საქართველოს მნიშვნელობას მთელი მსოფლიოსთვის და დემოკრატიული სამყაროსთვის. საქართველო დღეს ძალიან სერიოზული შანსის წინაშეა. ეს შანსი გაჩნდა უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის ფონზე და ეს თემა სათანადოდ უნდა გავიაზროთ. უკრაინის თემამ გამოიწვია ევროპაში იმ კარის გახსნა, რასაც განაცხადის მიღება და ამ თემის განხილვა ჰქვია. ამიტომ სახელმწიფომ თავი უნდა წარმოაჩინოს სახელმწიფოდ, მოეშვას შიდა მტრების ძებნას და დავიწყოთ და ერთხელ მაინც გავაკეთოთ რაღაც ისე, როგორც სახელმწიფოს ეკადრება", - განაცხადა უსუფაშვილმა.