ავტორი:

პუტინისტი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი "ოსკარის" ალტერნატივის შექმნის იდეით გამოდის - "ეს იქნება "ბრილიანტის პეპელა"

პუტინისტი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი "ოსკარის" ალტერნატივის შექმნის იდეით გამოდის - "ეს იქნება "ბრილიანტის პეპელა"

ცნობილი რუსი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს "ოსკარის“ ალტერნატივის შექმნის ინიციატივით გამოდის. რეჟისორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ "ოსკარმა“ შეწყვიტა როგორც ხელოვნების ჯილდოს სახით არსებობა და ქანდაკების აღება მხოლოდ აფროამერიკელს ან ლგბტ თემის წარმომადგენელს შეუძლია.

ეს კერძო ინიციატივა არ ყოფილა, მიხალკოვმა აღნიშნული წინადადება რუსეთის ფედერაციის კინემატოგრაფისტთა კავშირის სახელით წამოაყენა. მისი თქმით, "ოსკარის“ ფიგურების ნაცვლად "ეს იქნება "ბრილიანტის პეპლის“ ფიგურა და გადაეცემა ნიჭიერ მსახიობებს, კინორეჟისორებს..."

"ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ფესტივალი. გასაგებად ვიტყვი, რომ ეს იქნება "ევრაზიული ოსკარი". დღეს "ოსკარი" გახდა აბსოლუტურად პოლიტიკური ჯილდო. მის მოსაპოვებლად გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდე - აფროამერიკელი ან ლგბტ თემის ლიდერი უნდა იყო. და ის აღარ არის ხელოვნების ჯილდო“, - განაცხადა მიხალკოვმა ბიშკეკში ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.

"ჩვენს მიერ შექმნილ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის ფილმები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება იმ იდეალებთან, რასაც ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბებთ. და იქ ვერ მოხვდებიან ფილმები, რომლებიც ადამიანის არსს ანადგურებენ“, - განაცხადა პუტინის ერთგულმა მხარდამჭერმა მიხალკოვმა.

აქვე დასძინა, რომ კონკურსში ევრაზიის ფარგლებს გარეთ წარმოებულ ფილმებსაც შეეძლებათ მონაწილეობა, მაგრამ მათ მთავარი კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევთ, ფილმი იდეოლოგიის პრინციპებთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ჯილდო, როგორც მიხალკოვმა აღნიშნა, ისეთი უნდა იყოს, რომ "ამისთვის იბრძოლონ“.

"მიმაჩნია, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია საპრიზო ფონდის შექმნა 3-5 მილიონი დოლარის ფარგლებში. პრიზი ყოველწლიურად გაიცემა აკადემიაში შემავალ თითოეულ ქვეყანაში", - განაცხადა მიხალკოვმა.