ანსამბლი "ცისკარი“ 20 წლის გახდა. მართალია საკმაოდ რთულ პერიოდში, რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად მოუხდათ ხელმძღვანელებს საიუბილეო კონცერტის ჩატარება, მაგრამ ჩაუტარებლობაც არ ივარგებდა, რადგან ზუგდიდის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ცისკარი“ არა მარტო სამეგრელოს საუკეთესო ანსამბლია (ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის), არამედ - მთელი საქართველოს მასშტაბითაც ერთ-ერთი გამორჩეულია - ტრადიციულობით, მრავალფეროვნებით, კეთილგანწყობით და მეგობრობით, რადგან... გამორჩეულია ანსამბლის საოცრად ენერგიული, ხმაურიანი, ყურადღებიანი და, ცხადია - დიდი პროფესიონალი ხელმძღვანელიც - რომეო ბულია და მისი, ასევე, პროფესიონალი, მეუღლე-კოლეგა, ანსამბლის ქორეოგრაფი მაკა გვიჩია. სწორედ ისინი არიან ამ არჩვეულებრივი ანსამბლის დამაარსებლებიც.
ზოგადად, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ "ცისკარი“ ჩემი რჩეული ანსამბლია, ბულიების მთელი ოჯახი კი - ძვირფასი, პატივსაცემი და საინტერესო: აქ ყველა შესანიშნავად ცეკვავს - მამა, დედა და სამი შვილი - ჯინა, რობერტი და ლიკა. ბევრჯერ მითქვამს მათთვის, ერთი საკონცერტო ანსამბლი შინ გყავთ-მეთქი.
სამწუხაროდ, ზუგდიდში გამართულ "ცისკრის“ საიუბილეო კონცერტს ვერ დავესწარი, მაგრამ ხელმძღვანელებს კი გავესაუბრე - დისტანციურად.
რომეო ბულია:
- ყველაფერი ამაგდარი ქორეოგრაფისა და დიდი ადამიანის, აწ გარდაცვლილი ბატონი რეზო ბულიას დაარსებულ ანსამბლ "ჩელათი“ დაიწყო, ქორეოგრაფიული ანსამბლით, რომელიც დღემდე ჩვენი მეორე ოჯახია. მე და ჩემი მეგობარი ლევან კვეკვესკირი ბატონი რეზო ბულიას ანსამბლ "ჩელაში“ ვცეკვავდით, 2001 წელს კი გადავწყვიტეთ, დამოუკიდებლად, ბავშვებთან გვემუშავა და ახალი ანსამბლი ჩამოგვეყალიბებინა. ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ახალ აბასთუმნის საჯარო სკოლის ადმინისტრაციას შევთავაზეთ, რეპეტიციებისთვის თავისი დარბაზი დაეთმოთ, ჩვენ კი ბავშვებს შემოვიკრებდით და ქართულ ცეკვებს შევასწავლიდით. თავიდან უარობდნენ, რადგან ბევრი მისულა ჩვენამდე და მალევე წასულა, საბოლოოდ, მაინც დავიყოლიეთ და მშობლებიც დარწმუნდნენ, რომ გამქცევები არსად ვიყავით. რაღაც ხნის შემდეგ ლევანს, თავისი ძირითადი პროფესიიდან გამომდინარე, თბილისში მოუხდა წასვლა, მე და ჩემმა მეუღლემ - მაკა გვიჩიამ კი ბავშვებთან განვაგრძეთ მუშაობა. თუმცა 20 წლის იუბილეზე ლევანმაც დიდი შემართებით იცეკვა.
მაკა:
- თავდაპირველად ანსამბლს "აისი“ დავარქვით, მაგრამ თბილისში, პირველივე კონცერტზე რომ ჩამოვედით, გავიგონეთ, რომ ჩვენ წინ გამომსვლელ ანსამბლს ერქვა "აისი“, ამიტომ მაშინვე გადავარქვით - უცებ წამოვიძახე, "ცისკარი“ დავარქვათ-მეთქი. ასეც ჩავაწერინეთ ორგანიზატორებს. რაც მთავარია, ყველას მოგვეწონა და... იმ კონცერტიდანვე ცისკარივით ინათა ჩვენთვის - სწორედ იქ გავიმარჯვეთ პირველად, პირველივე სერიოზული გამოსვლისას, თანაც თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში). იქ ანსამბლი პირველად წარდგა დიდი აუდიტორიის წინაშე და ორი ცეკვა - "მეგრული ფერხული“ და "სიმდი“ წარადგინა. ეს გახლდათ სატელევიზიო ფესტივალი "ბრავო“, რომლის ჟიურისაც ბატონი ფრიდონ სულაბერიძე თავმჯდომარეობდა. სახელიც და დებიუტიც წარმატებული გამოდგა და მართლაც დამსახურებულად დაგვაჯილდოვეს პირველი ადგილით და ოქროს მედლით, შესაბამისად, გვერგო თბილისელი მაყურებლის და უამრავი პროფესიონალის დიდი აპლოდისმენტები.
ამის შემდეგ სოფელ ახალ აბასთუმანში 10 წელიწადს ვიმუშავეთ ენთუზიაზმით, დიდი სიყვარულით, სოფლის, სკოლის, მშობლების თანადგომით. მერე იქვე, ღია ცის ქვეშ, მოვაწყეთ "სოფლის ზეიმი“ - ანსამბლის სოლო კონცერტი, რომელზეც ძალიან ბევრი თვალსაჩინო ადამიანიც მოვიწვიეთ. ამას სხვა სოლო კონცერტებიც მოჰყვა, მათ შორის - 5 წლის საიუბილეოდ, 10 წლის საიუბილეოდ და... მერე გადმოვედით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალშექმნილი ფოლკლორის ცენტრ "ოდიშის“ დაქვემდებარებაში, რომელსაც ქალბატონი ნინო მამფორია ხელმძღვანელობდა. ნინო ყველანაირად გვიწყობდა ხელს, ძალიან ბევრს ვმუშაობდით, გასტროლებზეც დავდიოდით სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფესტივალზე, ანსამბლიც იზრდებოდა ასაკით, საშემსრულებლო ტექნიკით და რეპერტუარით. 2011 წელს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა ანსამბლ "ცისკარს“ მიანიჭა "სანიმუშო საბავშვო სახალხო ანსამბლის“ წოდება.
მახსოვს, წლების წინ რომეო ბულიასა და მაკა გვიჩიას ოჯახს შინ, ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ნაწულუკუში რომ ვესტუმრე, სახლში შესვლისთანავე თავი მუზეუმში მეგონა - პირველი სართულის დიდი ოთახის თითოეული კუთხე "ყველაზე ქორეოგრაფიული ოჯახის“ - ანსამბლ "ცისკრის“ ისტორიასა და თავად ქორეოგრაფების მიღწევების ამსახველ დიპლომ-სიგელ-პრიზებს ეკავა: რომეოსთვის მინიჭებული საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის "წლის საუკეთესო ქორეოგრაფის“ მედალი და წოდება, ასევე - "საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის“ ორდენი (რაც ყველაზე მეტად ეძვირფასება რომეოს); მაკას "საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის“ წოდება; ანსამბლ "ცისკრის“ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა - 2016 წელს ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალის "გრან-პრი“ და ა.შ. ანსამბლს კიდევ ბევრი წარმატებული კონცერტი ჰქონდა, 15 წლის იუბილეც აღნიშნა და აგერ უკვე - 20 წლისაც. 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში ანსამბლმა 25 სოლო კონცერტი მოაწყო. თავადაც ვესწრებოდი "ცისკრის“ სოლოკონცერტს თბილისის "ართ ჰოლში“. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა და ჩანდა, მაყურებელი აღფრთოვანებული ტოვებდა დარბაზს. რომეომ მითხრა კიდეც, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო თბილისელი მაყურებლის წინაშე გამოსვლა და ბედნიერი ვარ, თბილისელების ასეთი გულშემატკივრობითა და აპლოდისმენტებითო. რადგან იუბილარის ამბებს ვიხსენებდით, რომეოს საოჯახო და ქორეოგრაფიული დუეტის შექმნის ამბავიც მოვაყოლე:
- მაკაზე ცოტათი უფროსი ვარ. მე უკვე ვცეკვავდი, მაკა და მისი თანატოლები წიწილებივით რომ შემოიყვანეს. მალე გასტროლზეც ერთად მოვხვდით. ეს იყო...
- პეტერბურგში?
რომეო (სიცილით):
- არა, ეს იყო კიევში. 1989 წელს დავით გურამიშვილის დღეები ჩატარდა და წარმოშობით ზუგდიდელი პოეტი და დიპლომატი რაულ ჩილაჩავა გვმასპინძლობდა. ულამაზესი ქალაქია კიევი თავისი ხრეშჩატნიკით, სადაც ხშირად ვსეირნობდით. მახსოვს, რა დიდი შთაბეჭდილება, სიყვარული და სითბო გამომყვა კიევიდან და ძალიან მტკივა გული, ომის გამო ადამიანები რომ იღუპებიან და ასე რომ ნადგურდება ბევრი რამ. განსაკუთრებით მტკივნეულიცაა, რადგან კიევური მოგონება არა მარტო ჩემს პირველ გასტროლს უკავშირდება, არამედ - ჩემს მომავალსაც, რადგან სწორედ ცეკვამ და "ჩელამ“ მიმიყვანა ანსამბლ "ცისკრის“ შექმნამდე. ცხადია, უკრაინელებისთვის ამ გაჭირვების ჟამს არც ქველმოქმედებაზე დაგვიხევია უკან - ვითავე და სრულიად სამეგრელოს მასშტაბით ჩემს კოლეგებთან ერთად კიევში საქველმოქმედო ძღვენი გავაგზავნეთ. ასევე, ხარკოვის დაბომბვის დროს დაიბადა საქართველო-უკრაინის მოქალაქე, ზუგდიდელი დავით ბუსკანძე და მასაც გადავურიცხეთ თანხა. მართალია, 10 დღის ბავშვს საკმაოდ დიდი გზის გავლა მოუხდა, მაგრამ ახლა უკვე თბილისშია, სამშვიდობოს. რაც შეგვეხება მე და მაკას...
მაკა:
- რომეოს, თურმე, გულში ჩავუვარდი, მაგრამ არ მეუბნებოდა. არც სიყვარული აუხსნია, ისე მოინდომა ჩემი მოტაცება, მაგრამ... ვერ მომიტაცა (იცინის).
რომეო:
- მეგრელებს გვახასიათებდა ქალის მოტაცება, ოღონდ - ცხენით. ალბათ, შევცდი, ცხენით უნდა მეცადა... მერე კი შეგვიყვარდა ერთმანეთი და ნებით გამომყვა.
- საოცარი წყვილი ხართ - მუდამ ერთად, შვილებიც გვერდით დაიყენეთ...
- სამივეს ძალიან უყვარს ცეკვა. უფროსმა - ჯინამ ცეკვა მაშინ დაიწყო, როდესაც ანსამბლი დაიბადა და თავიდანვე ეტყობოდა, ძალიან კარგად გამოსდიოდა ყველაფერი, აშკარად ნიჭიერი იყო. ლიკა ყოველთვის პუტკუნა იყო და სულ ვეჩხუბებოდით, ახლა ისე გახდა, პირიქით ვთხოვთ, ჭამე-თქო. ამიტომ ლიკა და რობერტი, ვიდრე ძალიან არ დაიხვეწნენ, სცენაზე არ გაგვიყვანია. ახლა დიდები არიან, სტუდენტები. რობი ქორეოგრაფიცაა, ჩვენს კვალს გაჰყვა, მაგრამ ნებისმიერ დროს რომ დაურეკო და უთხრა, ანსამბლს სჭირდებითო, ყველა საქმეს მიატოვებენ და გამოვლენ. მთავარია, იცეკვონ და მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვებთან ცეკვავენ თუ დიდებთან. ჯინა ფეხმძიმედაა, მერვე თვეში და, მიუხედავად ამისა, 20 წლის საიუბილეო კონცერტზე მაინც გამოვიდა. თურმე, ძალიან უნდოდა, ქართულის სოლო ეცეკვა, ტრადიციულად, მაგრამ კაბა ვერ შეირჩია და გული დაწყდა. ჩვენთვის არ უთქვამს, არადა, ადრე რომ გამეგო, რამეს მოვუფიქრებდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა შვილებმა ცეკვა მოინდომეს, ჩვენ შანსი მივეცით და მათ ასე გაგვიმართლეს. ესაა ჩვენი ცხოვრება და ცეკვის გარეშე ვერავინ გავძლებთ.
- თქვენი შვილები ბევრ სოლოს რომ ცეკვავდნენ, მიუხედავად საუკეთესო შესრულებისა, ანსამბლის ბავშვები ან მშობლები არაფერს ამბობდნენ?
- არასდროს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩემია თუ სხვისი, ბავშვს არასდროს დავჩაგრავთ. ვინც უკეთ ასრულებს, სოლოსაც მას ვანდობ. მაგალითად, ხვალ კონცერტი რომ მქონდეს, სადაც "სიმდი“ უნდა ვიცეკვოთ და სადაც სოლოს რობერტი ასრულებს, თანაც, შენც იცი - ძალიან კარგად, ერთი ნომრისთვის მას ვერ გამოვიძახებ. ამიტომ უკვე მყავს წყვილი, ვინც კარგად იცეკვებს და სწორედ მათ გამოვიყვან. "ცისკარში“ სხვა სამყარო აქვთ ბავშვებს. აქ მარტო ცეკვას კი არ სწავლობენ, არამედ - უფროს-უმცროსობას, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, დისციპლინას, წესრიგს. ეს ის თვისებებია, რაც მხოლოდ ცეკვას კი არა, მათ ცხოვრებას სჭირდება.
საერთოდ კი, ქართულ ქორეოგრაფიას, ცეკვას საოცარი სამყარო აქვს, ბევრს გასწავლის, გაძლევს. წარმოიდგინეთ, რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "ჩელაში“ დღესაც თაობები ვცეკვავთ ერთად. ცხონებულმა რეზო ბულიამ ამას უწოდა: ცეკვავენ ბაბუა-ბებიები, შვილები და შვილიშვილებიო. ეს არის ქართული ცეკვის ტრადიციულობაც და მარადიულობაც!
ავტორი: ირმა ხარშილაძე