ცოტა ხნის წინ, ძალიან თბილ, პოზიტიურ ადამიანს, გიორგი გილიგაშვილს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინა. მან ოპერაცია თურქეთში გაიკეთა. ამ ეტაპზე ყველაფერი უკვე უკან არის და გიორგი თავს კარგად გრძნობს.
როგორ შეხვდა ის ამ უმძიმეს დიაგნოზს, რა სირთულეები დაძლია, ამაზე AMBEBI.GE-ს გიორგის და ნუცა გილიგაშვილი ესაუბრა:
- ამის გაგება ჩვენთვის ერთი მხრივ, შოკი იყო, მაგრამ ძალიან მალე, მოვედით გონს. თავად გიორგი ასეთ უმძიმეს ინფორმაციას ისე შეხვდა, გავოცდით. მართლა არ მინახავს, არ გამიგია, ადამიანი ასე დაიმუხტოს, ასე აენთოს და საბრძოლველად ასე განეწყოს. მოკლედ, თავად მოგვცა ძალა, ამ საშინელ ემოციას გავმკლავებოდით. როცა მკურნალობდა, ვიღიმოდით. ამის გამო, ჩვენ გარშემო, ამ ამბით დაძაბულ ადამიანებს ეუხერხულებოდათ კიდეც ეკითხათ - როგორ არის გიორგი? კი, ასე მსუბუქად მოგვაწოდა ეს ინფორმაცია და დღემდე ყველას ისე პასუხობს. ვერც იტყვით, რომ მსგავსი რამ გადაიტანა. ისეა, თავი სტკიოდა, წამალი დალია და გადაუარა. ნამდვილად გმირულად შეხვდა, თუმცა მისგან სხვანაირი საქციელი შეუძლებელი იყო.
- ძლიერი ადამიანია, საოცარი შინაგანი სიმტკიცე აქვს...
- კი, ცდილობს, ნებისმიერ გამოწვევას ისე შეხვდეს, რომ ეს მას ეკუთვნის, ის უნდა მიიღოს და ამან უნდა გააძლიეროს და არ დაასუსტოს. ისე არ არის, რომ ვინმესთან სამდურავი ჰქონდეს... თავიდან ცოტა გულგრილად ვიყავი იმ კომენტარების მიმართ, რომ ვკითხულობდი - გიორგი ასეთი ბიჭია, რატომ დაემართა და ასეთს არ უნდა ემართებოდეს. ეს, ჩემი აზრით, არასწორია.
ჯერ ერთი, არავინ ვიცით, ცხოვრებაში ვის რა ეკუთვნის, რა გადაგვიტანია და რა განსაცდელი გველოდება. იმას, რაც ხდება, არის შენი თავის გასაძლიერებლად, მეტად განსამტკიცებლად - მე ასე ვუყურებ... ღმერთთან როცა უფრო ახლოს ხარ, ბოროტი მეტად გებრძვის და შესაბამისად, ძალის მოკრება, განმტკიცება, სირთულის გადალახვა უფრო გჭირდება. ყველაფერი კი იმისთვისაა, საკუთარ თავს და ღმერთს დაუმტკიცო, რომ მასთან გინდა ყოფნა და მზად ხარ ნებისმიერი მიწიერი განსაცდელი გადაიტანო ისე, როგორც ადამიანს და კაცს შეეფერება. ჩემთვის, არა მხოლოდ დისთვის, ადამიანისთვის გიორგი უდიდესი მაგალითია, - რომ ამიერიდან არაფერზე დავიწუწუნო. ხომ ვამბობ, იშვიათია, როცა მსგავს სიტუაციაში ადამიანი ისე მყარად დადგე, პანიკაში არ ჩავარდა!
ამიტომ, მგონია, როცა რაიმე გტკივა, გაწუხებს და მძიმე სიტუაციაში ხარ, მაშინ გამოჩნდება ხოლმე, როგორები ვართ. გიორგის არც სჭირდებოდა ამის დამტკიცება, მაგრამ დამანახა, რომ ყველანაირ სიტუაციაში კაცია და ყველანაირ სიტუაციაში ღმერთი უყვარს.
- როდის გაიგეთ დიაგნოზი?
- აპრილში დავიწყეთ გამოკვლევები, თუმცა მანამდეც იყო თვითონ გამოკვლევაზე, ექიმებს რაღაც კითხვის ნიშნები გაუჩნდათ, მაგრამ საკუთარ თავზე რომ ვერ უშვებ, რაიმე ცუდი დაგემართება... მერე ცოტა ჩივილები დაეწყო, უძილობა, უმადობა, დაღლილობის შეგრძნებამ მოემატა. გიორგი საერთოდ ისეთია, თავს ერევა, მაგრამ როცა გტკივა, რატომ უნდა იყო მორევაზე? ფაქტობრივად, აპრილი და მაისი მკურნალობას დაეთმო. აღმოჩნდა ფარისებრი ჯირკვალზე კარცინომა. 12 კვანძი იყო, საიდანაც 8 ავთვისებიანი... თუმცა თავიდან ცუდად დაიწერა - თითქოს ყელში ჰქონდა სიმსივნე. ჯვარი სწერია, ეგ სულ სხვა რამ არის, ღმერთს მადლობა, რომ მსგავსი არაფერია. ოპერაცია პროფესიონალების მიერ თურქეთში ჩატარდა.
ამოიღეს ფარისებრი ჯირკვალი... ერთი კვანძი სახმო იოგზე იყო... თავიდან გიორგის სურვილი იყო, რომ ხალხს არ ენერვიულა, არ შეწუხებულიყვნენ და დიდად არ ვახმაურებდით. ჩვენ მის სურვილს პატივს ვცემთ. თან, ყველას ასე ზუსტად ვერ აუხსნი, რასთან გვქონდა საქმე. პირველმა ეტაპმა რომ ჩაიარა და ოპერაცია გაუკეთდა, მერე უკვე ვთქვით, დამალვას არც ვაპირებდით. თითოეულ ადამიანს უდიდესი მადლობა მინდა, ვუთხრა, ისეთი კომენტარები წავიკითხე და იმდენმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი, ვერ გადმოგცემთ. ყველა გვთხოვდა ანგარიშის ნომერს, უდიდესი მხარში დგომა ვიგრძენით. ყველა - ნაცნობი, უცნობი, გიორგის მეგობრები, ახლობლები წუხდნენ... თუ აქამდე ეჭვი მეპარებოდა, რომ ადამიანები შეიცვალნენ, ასე არ ყოფილა. როგორც ჩანს, როცა ადამიანი გიყვარს, უპირობოდ გიყვარს და მორჩა! ეს უპირობო სიყვარული ვიგრძენი და ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი ძალიან მაგარი რამ!
- ახლა როგორ არის გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- კარგად. მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. ერთი პერიოდი მეგონა, რომ ხმა დაკარგა-თქო, მაგრამ ღვთის წყალობით, ნელ-ნელა მოსდის და როგორც ექიმები ამბობენ, თანდათან აღდგება, ამისთვის გარკვეული დროა საჭირო. თუმცა გოგოები ამის გამო არ იწუნებენ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ამბავი, მეგობრების დახმარებით ბევრი რამ შევძელით. თუმცა გიორგის, ხომ გითხარით, გახმაურება სწორედ ამიტომ არ უნდოდა, არავის შეწუხება არ უნდოდა... ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად არის და მადლობა ღმერთს და ადამიანებს.