27 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, მთავრობის 4 წევრს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ.
ინტერპელაცია საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც მთავრობის წარმომადგენელი დეპუტატთა მიერ გაგზავნილ შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პასუხობს.
პარლამენტიდან საინტერპელაციო კითხვები მთავრობის ოთხ წარმომადგენელთან: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან გაიგზავნა.
თითოეული ინტერპელაციისთვის 2 საათი და 45 წუთია განსაზღვრული.
27 მაისის სხდომაზე ინტერპელაცია შემდეგი გრაფიკით წარიმართება:
თავდაპირველად, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მივა, რომელსაც ხუთი საინტერპელაციო კითხვით ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. კითხვები ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს შეეხება. ილია დარჩიაშვილმა შემდეგ კითხვებს უნდა უპასუხოს:
რა სამუშაო იქნა გაწეული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ევროკომისიის კითხვარის სათანადო დონეზე მოსამზადებლად? რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ევროკომისია შეფასების პროცესში და როდის ველოდებით შეფასების დოკუმენტის გამოქვეყნებას?როგორია მოლოდინი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით? ევროკომისიის კითხვარზე მუშაობის შედეგად რა სფეროები გამოიკვეთა როგორც ყველაზე წარმატებული და რომელი მიმართულებით ჭირდება ქვეყანას გაუმჯობესება?რა დიპლომატიურ სამუშაოს ახორციელებს საგარეო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კანდიდატის სტატუსის მისაღებად?საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილი შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა: დავით უსუფაშვილმა, ანა ნაცვლიშვილმა, სალომე სამადაშვილმა, შალვა შავგულიძემ, არმაზ ახვლედინმა, თამარ კორძაიამ და დილარ ხაბულიანმა შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაიბარა:
რა სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის, საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების თუ სხვა სუბიექტების გამოყენებით რუსეთის ფედერაციისა და მათი წარმომადგენლების მიერ სანქციების რეჟიმის დარღვევა არ მოხდეს?
27 მაისის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც მივა. დავითაშვილის მიმართ ფრაქცია “ქართული ოცნების“ კითხვები ინფლაციას, საქართველოს ეკონომიკაზე რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და ომის გავლენებს ეხება. უმრავლესობის საინტერპელეციო შეკითხვები ასეთია:
ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რა გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე?როგორია მოლოდინები და რა ხედვები აქვს საქართველოს მთავრობას? რა კეთდება და რა ტიპის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ეკონომიკის სტიმულირებისათვის?
კიდევ ერთი მინისტრი, რომელიც 27 მაისს პარლამენტში მივა, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეა. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ ბრეგაძისგან ითხოვს პასუხს კითხვაზე - რა ღონისძიებები ტარდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ბრალდებულთა (მსჯავრდებულთა) უფლებების დაცვის კუთხით და რამდენად შეესაბამება იგი საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ სტანდარტებს?
პარლამენტის რეგლამენტით მინისტრი ვალდებულია საინტერპელაციო კითხვებს პლენარულ სხდომაზე უპასუხოს.
ინტერპელაცია მინისტრის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის გარდა, დებატების გამართვას ითვალისწინებს.