ავტორი:

"ჩემი შვილები ამერიკაში გაჩნდნენ... ორივეს დღემდე სტუდიაში ვზრდი, რადგან ძიძა არ მყავს. სადაც მივდივარ, შვილებიც თან მიმყავს" - მომღერალ ნინი წიკლაურის ამერიკული ცხოვრება

"ჩემი შვილები ამერიკაში გაჩნდნენ... ორივეს დღემდე სტუდიაში ვზრდი, რადგან ძიძა არ მყავს. სადაც მივდივარ, შვილებიც თან მიმყავს" - მომღერალ ნინი წიკლაურის ამერიკული ცხოვრება

მომღერალი ნინი წიკლაური 6 წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს: საქართველოდან ახალდაოჯახებული, ორსული გაემგზავრა... რა იყო ამერიკაში მისი გამგზავრების მოტივაცია და როგორც ცხოვრობს უცხო ქვეყანაში, ამის შესახებ სამშობლოში დაბრუნებული მომღერალი თავად გვესაუბრა...

- 6 წლის შემდეგ, საქართველოში პირველად ჩამოვედი. უკვე 3 კვირა გავიდა, მაგრამ ჩემთვის საქართველოში, განსაკუთრებით სახლში დაბრუნება ისეთი მნიშვნელოვანია (რადგან ენით აღუწერელი ნოსტალგია მქონდა), რომ ემოციებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვედი. აღმოჩნდა, რომ 6 წელი საკმაოდ ბევრი დრო ყოფილა... ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, აქაურობა როგორი დამხვდებოდა, მეგობრები როგორ შემხვდებოდნენ და ა.შ.

- საქართველოში დაბრუნებულმა რამე მკვეთრი ცვლილება თუ შენიშნეთ?

- ბევრი რამე შეცვლილი დამხვდა, პირველ რიგში - ინფრასტრუქტურა: თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ვცხოვრობ. აქაურობა ძალიან გადასხვაფერებულია. მშენებლობები, მაღალი კორპუსები არ იყო, როცა გავემგზავრე... ყველაზე მეტად ამან გამაოცა. რაღაცნაირად, ჩემი უბნის გადასხვაფერებასთან ერთად, თითქოს ისტორია, ჩემი ბავშვობის ნაწილიც გაქრა...

- რამდენი ხნით დაბრუნდით? საქართველოში შემოქმედებითი მიმართულებითაც ხომ არაფერი დაგიგეგმავთ?

- სამწუხაროდ, მხოლოდ თვე-ნახევრით ჩამოვედი, რადგან იქ აწყობილი საქმის, სამსახურის დიდი ხნით დატოვება ძალიან რთულია. ამიტომ არის, რომ ვინც ემიგრაციაში მიდის, სამშობლოში მცირე დროით ბრუნდება, რადგან იქ სამსახურების დიდი ხნით დატოვება გამორიცხულია... აქაურ სიტუაციას რაც შეეხება, ჯერ კიდევ ახლობლების, ნათესავების, მეგობრების მონახულების პროცესში ვარ - ბოლოში ვერ გავედი (იცინის). ყოველი დღე დაგეგმილი მაქვს. მეგობრები მირეკავენ ხოლმე, - ჩვენი რიგი როდის მოვაო?.. პლუს, თითქმის დღეგამოშვებით (ზოგჯერ ყოველდღეც) ტელეგადაცემებს ვსტუმრობ, ღონისძიებებში ჩავერთე... ასე რომ, საქართველოში ჩემს პროფესიულ ცხოვრებასაც დროებით დავუბრუნდი...

გიორგი ცაავას ფოტო

- ამერიკაში რა პასუხისმგებლობები გაკისრიათ, რას საქმიანობთ?

- ქართული კულტურის ცენტრთან - "ფესვები" არსებული საბავშვო ვოკალური სტუდიის - "ციცინათელა" მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ. ჩემი მთავარი სამსახური სწორედ ეს სტუდიაა, სადაც ვოკალისტადაც ვმუშაობ. რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფი მყავს. საკმაოდ ბევრი ბავშვი სწავლობს. თამამად ვამბობ, რომ ბრუკლინში ყველაზე დიდი ქართული ბავშვთა ვოკალური სტუდია მაქვს. ამერიკის ტერიტორიაზე ქართული საქმის პოპულარიზაციას ვახდენთ... ასევე, ჩემი ბენდი მყავს, რომელთან ერთადაც საღამოობით, 2 ადგილას ვმუშაობ. მოკლედ, ჩემს კარიერულ საქმიანობას გარკვეულწილად, ვაგრძელებ, თუმცა ისე - ვერა, როგორც საქართველოში, რადგან იქ სხვანაირი სიტუაციაა, ემიგრანტს დიდი ფუფუნება არ აქვს, რომ რამეს მიაღწიოს... 6 წლის განმავლობაში, 2 საუკეთესო ადგილას, ცოცხალ ბენდთან ერთად სიმღერა იქაც დიდი მიღწევაა. ორივე საკმაოდ ცნობილი ობიექტია - ქართულ-ამერიკული ლაუნჯის ტიპის ადგილია, სადაც ცოცხალი მუსიკის გამო, ხალხი სხვადასხვა შტატიდან მოდის, განსაკუთრებით - იმ დღეებში, როცა მე ვმღერი, რადგან ძირითადად, მაინც ქართული რეპერტუარი მაქვს. იქ მყოფ ქართველებს თუ უცხოელებს სიამოვნებთ, როცა ჩვენს რეპერტუარს ვთავაზობთ. სხვათა შორის, ჩემთვის ბევრ ამერიკელს უთქვამს, - შენი ენა არ ვიცი, მაგრამ მესმის, რასაც მღერიო. ალბათ, მთავარი გამარჯვება ეს არის, რომ მსმენელს მუსიკით ახვედრებ, რას ასრულებ... კიდევ, კორპორაციულ საღამოებზეც ვმღერი. ასევე, საქართველოს საკონსულოსთანაც ვთანამშრომლობ - გარკვეულ ღონისძიებებში ვმონაწილეობ... რაც მთავარია, ჩემი პროფესიით ვმუშაობ. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკაში სპეციალობის შეცვლა, სხვა რამის კეთებამ არ მომიწია. ჩემს საქმეს ვაკეთებ და მაქსიმალურად ვცდილობ, ქართული სიმღერა, მუსიკა უცხოელ მსმენელებამდე "მივიტანო".

- თქვენს სტუდიაში სხვადასხვა ეროვნების ბავშვები დადიან?

- დიახ. ქართველები, ვინც დადიან, უმეტესად, ამერიკაში დაბადებულები არიან. ბევრი მათგანი ქართულად გამართულად ვერ საუბრობს, მაგრამ ჩვენს ენაზე მღერის: ძირითადად, სტუდიაში ქართული რეპერტუარი მაქვს, რადგან რეალურად, პატარებს ეს აკლიათ: უცხოურ სიმღერას ჩემ გარეშეც ისწავლიან, ქართულის სწავლას კი პედაგოგის გარეშე ვერ მოახერხებენ, გამორიცხულია, რადგან ქართველებს ძალიან რთულად შესასრულებელი სასიმღერო მანერა გვაქვს. ამაში ბავშვებს დახმარება ყოველთვის სჭირდებათ. გააგრძელეთ კითხვა