ავტორი:

"პუტინი უკრაინაში მარცხდება, მაგრამ საქართველოში იმარჯვებს..." - იან კელისა და დევიდ კრამერის მწვავე პუბლიკაცია, სადაც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ

"პუტინი უკრაინაში მარცხდება, მაგრამ საქართველოში იმარჯვებს..." - იან კელისა და დევიდ კრამერის მწვავე პუბლიკაცია, სადაც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ

პუტინი უკრაინაში მარცხდება, მაგრამ საქართველოში იმარჯვებს - ამ სათაურით ამერიკულ საინფორმაციო ვებგვერდ The Bulwark-ზე აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ერთობლივი პუბლიკაცია გამოაქვეყნეს.

სტატიაში საუბარია საქართველოს არასწორი მიმართულებით წასვლაზე და ხაზგასმულია, რომ განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის შემდეგ, საქართველოს მმართველობა სულ უფრო ემსგავსება რუსულ მოდელს, სრული ერთპარტიული მმართველობითა და ოპოზიციის დევნით.

"ჩვენ ვალდებულნი ვართ ბევრი ქართველის წინაშე, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას იმედოვნებენ, დაწესდეს სამოგზაურო აკრძალვები და სხვა სანქციები მათზე, ვინც ძირს უთხრის დასავლეთთან მომავლის იმედს“, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

ავტორები დასძენენ, რომ ბოლო შემაშფოთებელი ნაბიჯი საქართველოს ავტორიტარიზმისაკენ მიმავალ გზაზე გასულ კვირას მოხდა, როდესაც მოსამართლემ წამყვანი ოპოზიციური ტელეკომპანიის "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, სამ წელზე მეტი ხნით ციხეში გაუშვა.

იან კელი და დევიდ კრამერი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ მტკიცედ აკონტროლებს სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს. მათი თქმით, მმართველმა პარტიამ, ოპოზიციის ლიდერების, განსაკუთრებით კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დევნისა და დემონიზაციის კამპანია აწარმოა.

"საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც შარშან შემოდგომაზე უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, ჯანმრთელობის გაუარესება და ციხეში ცუდი მოპყრობა განიცადა“ , - აღნიშნეს ავტორებმა.

სტატიაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, როგორც ჩანს, თავის გადაწყვეტილებებს ითვლის არა იმის საფუძველზე, ხელს უწყობს თუ არა ეს პოლიტიკა დასავლურ ნორმებთან ინტეგრაციას, არამედ იმით, შეიძლება თუ არა მათმა კონკრეტულმა ნაბიჯმა კრემლის დიქტატორის განაწყენება გამოიწვიოს.

ამერიკელი ავტორები პუბლიკაციაში დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველსაყოფად რეფორმების არგატარებას, „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გაუქმებაზეც აღნიშნავენ.

კელი და კრამერი ყველაზე შემაშფოთებლად „ქართული ოცნების“ უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ არსებულ პოლიტიკას მიიჩნევენ. მათი თქმით, პუტინის მსგავსად, „ქართული ოცნების“ ლიდერები, როგორც ჩანს, ომს უპირველესად ოპონენტებზე შეტევის შესაძლებლობად აღიქვამენ.

"რატომ დაიკავა საქართველომ [რუსეთისადმი] დაშოშმინების ასეთი პოზიცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოკითხული ქართველების სამი მეოთხედი მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ ჯერ კიდევ გრძელდება და რატომ ესხმის თავს [საქართველოს ხელისუფლება] უკრაინის ლიდერებს?“,- კითხულობენ ავტორები.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა იმოქმედონ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას და განსაკუთრებით, მათ, ვინც კულისებიდან მართავენ პროცესებს, გადაათქმევინონ, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და ისეთი პოლიტიკის განხორციელება, რომელიც საქართველოს დასავლეთიდან უფრო დაშორებასა და რუსეთთან დაახლოებას იწვევს.