ყველი საქართველოში კვების კულტურისა და ტრადიციის განუყოფელი ნაწილია. ქართველებს მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ და ძალიან ინტენსიურადაც მოიხმარენ. ყველის მიმართ გამორჩეულ სიყვარულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში ყველის სახეობათა დიდი მრავალფეროვნებაა. ქართული ყველის რუკაზე 60-მდე სახეობის ყველია.
ყველის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და სიყვარულიდან გამომდინარე, ბაზარზე მისი მრავალფეროვანი არჩევანია. თუმცა წარმოების ხანგრძლივი ტრადიციისა და ინტენსიური მოხმარების მიუხედავად, აქტუალურია ფალსიფიკაციის პრობლემა და მომხმარებელს ყველის შეძენისას დიდი ყურადღების გამოჩენა მართებს. ამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ყველის წარმოების სტანდარტი დეტალურად შეგვესწავლა და მკითხველიც გაგვერკვია ამ საკითხში.
21-ე საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიური თუ სამეწარმეო საქმიანობა განვითარების განსაკუთრებით მაღალ დონეზეა, სამწუხაროდ, კვლავ იწარმოება არაკონტროლირებადი ხარისხის პროდუქტი, რომელიც მომხმარებლების ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსგავსი შემთხვევები სხვადასხვა ქვეყანაში ხდება, თუმცა ის საქართველოში განსაკუთრებულად აქტუალური და სრულიად მოუგვარებელი საკითხია. ზოგადად, ოჯახში დამზადებული ყველი ბევრ განვითარებულ ქვეყანაში პოპულარული პროდუქტია, თუმცა იქ ხარისხის საკითხი არ დგას. ევროპის ქვეყნებში წარმოების მაღალი სტანდარტი მოქმედებს. მყიდველს ეჭვი არ ეპარება, რომ ყველი შეიძლება ფალსიფიცირებული იყოს. იგი ყველის შერჩევის დროს ითვალისწინებს საკითხებს, თუ რომელ ბალახს ჭამს პირუტყვი ფერმაში, ეკოლოგიურად რამდენად სუფთა გარემოში მდებარეობს ფერმა, დროის რა პერიოდს ატარებს თავისუფალ ბალახობაში, გამოიყენება თუ არა ანტიბიოტიკები მათი მოვლის პროცესში და ასე შემდეგ. საქართველოში, რომელიც განვითარებადი და ეკონომიკურად დაბალშემოსავლიანი ქვეყანაა, მომხმარებლის ცნობიერება არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ ასეთ საკითხებზე ყურადღება გაამახვილოს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მიიღოს სუფთა პროდუქტი, რომლის წარმოების დროსაც სტანდარტები მაქსიმალურად დაცულია.
გადაღებულია თბილისში
საქართველოში დღეს ყველი იყიდება, ფაქტობრივად, ყველგან, მათ შორის, ბაზრებში, ქუჩებში გარე მოვაჭრეებთან, უბნის პატარა მაღაზიებში, სოფლებში პირდაპირ სახლიდან და ქსელურ მარკეტებში. გაყიდვის ობიექტიდან გამომდინარე განსხვავდება ყველის ხარისხი და წარმოების სტანდარტი. მიუხედავად იმისა, რომ არავინ აკონტროლებს, თუ როგორ იწარმოება და როგორ ინახება ყველი, რომელიც ღია სივრცეებში დახლებზე ან პირდაპირ სახლებიდან იყიდება, მას მაინც უამრავი მომხმარებელი ჰყავს. ამ დროს მომხმარებლის არჩევანს რამდენიმე საკითხი განაპირობებს. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მომხმარებლის მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, ის ითვალისწინებს ფასს და „თვალს ხუჭავს“ წარმოების დროს არსებულ დარღვევებზე. ამ კატეგორიის მომხმარებლების დიდ ნაწილს ჰყავს თავისი „სანდო“ ადამიანი, რომლისგანაც რეგულარულად ყიდულობს ყველს მისაღებ ფასად, უმეტესად ბაზრებში. მიუხედავად იმისა, რომ შეძენილი პროდუქტი არ არის ეტიკეტირებული, არ იცის, რა პირობებშია დამზადებული და როგორი რძით, შესაბამისად, ის გაურკვეველი ხარისხისაა, მაინც ყიდულობს, რადგან ქარხნულ, ხარისხიან ყველთან შედარებით ოჯახში დამზადებული უფრო ბიუჯეტური პროდუქტია.
პრობლემა უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ამ მიმართულებით საქართველოში კანონმდებლობა მოწესრიგებულია, თუმცა აღსრულებისა და კონტროლის საკითხი ძალიან დაბალ დონეზეა. ჯერ კიდევ 2015 წლის 1-ელი აგვისტოდან ქვეყანაში რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. მის თანახმად, ეტიკეტზე პროდუქტის დასახელებასთან ერთად მითითებული უნდა იყოს მწარმოებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები (დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საწარმოს აღიარების ნომერი), პროდუქციის შემადგენლობა, სტანდარტის ნომერი, დამზადების თარიღი, ვარგისიანობის ვადა, შენახვის პირობები, ენერგეტიკული ღირებულება 100 გრ პროდუქტში და მასა. თუმცა რძის ნაწარმის და განსაკუთრებით, ყველის ეტიკეტირება აგრარულ ბაზრებში მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
ინდივიდუალური მწარმოებლების მიერ ოჯახში დამზადებული ყველი ყოველგვარი შეფუთვის, ეტიკეტის, პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გარეშე იყიდება. არავინ იცის, რამდენ დღეს ატარებს ის ბაზრის დახლზე, რა პირობებში და რა ტემპერატურაზე ინახება... ისიც კი გაუგებარია, თუ როგორი რძით და რა პირობებში არის პროდუქტი დამზადებული. დიახ, მნიშვნელოვანია, რომ გლეხსა თუ ინდივიდუალურ მწარმოებელს გაძლიერებაში დავეხმაროთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი - პროდუქტის ხარისხი, რომელმაც ჩვენს ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას.
ყველის ხარისხზე საუბრის დროს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე აღნიშნავს, რომ ყველის ხარისხის ზრდა დიდ წილად ორგანიზებული ფერმების განვითარებაზეა დამოკიდებული.
გადაღებულია „დეზერტირების ბაზარში“
„ორგანიზებულია ფერმა, როდესაც აღრიცხულია თითოეული ცხოველი, ყველა მათგანს თავისი მისაბმელი, სათლი, ტილო აქვს. ვეტერინარია მაღალ დონეზეა და კვალიფიციური ვეტერინარი აკვირდება თითოეულ ცხოველს, კვების რაციონსაც ის განსაზღვრავს, როდესაც საქონელი ნახირში არაა გაშვებული. თუ ეს პროცესი არ განვითარდა, ნედლი რძე და ხარისხიანი რძის ნაწარმი, მათ შორის, ყველი არ გვექნება. მეორე მხარეს კი გვყავს ინდივიდუალური მეწარმეები. მე მათი დიდი გულშემატკივარი ვარ და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მათს საქმიანობაში სტანდარტების დაცვა არ ხდება. როდესაც გლეხის წარმოებულ ყველს ვყიდულობთ, არ ვიცით, წარმოების პროცესში დაცული იყო თუ არა ჰიგიენის სტანდარტები. არ ვიცით, რამდენ ხანში ერთხელ ამოწმებს ლაბორატორიულად გლეხი რძეს ან საერთოდ, ამოწმებს თუ არა. როდესაც არჩევანი გვაქვს გლეხის დამზადებულსა და ინდუსტრიულ ყველს შორის, მე შეიძლება გლეხის ავირჩიო, მაგრამ ამ დროს უნდა ვაცნობიერებდე, რომ ამ ყველში ყველაფერი რიგზე შეიძლება არ იყოს. ეს ხარვეზები ინდუსტრიულ ყველში არ გვხვდება,“ - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
ეს არის პრობლემა, რომლის შესახებაც, ფაქტობრივად, ყველამ იცის, თუმცა მას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. როდესაც საქონლის, რძისა და ყველის ხარისხზე გლეხებთან საუბარი იწყება, ისინი აგრესიულები ხდებიან და ხშირად ამბობენ, რომ იჩაგრებიან, თუმცა ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ოჯახში არაპასტერიზებული რძით დამზადებული ყველი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ის ბევრ ნაწლავურ ჩხირს შეიცავს. ამიტომ მნიშვნელოვანია პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი შეიძინოთ. არაპასტერიზებული ყველი იმ დაავადებას შეიცავს, რაც შესაძლოა საქონელს ჰქონდეს.
კიდევ ერთი პრობლემა აღდგენილი რძისგან დამზადებული „ყველია“, რომელიც რეალურად ყველი არაა. ეს პროდუქტი მშრალი რძის აღდგენითა და მასზე მცენარეული ცხიმის დამატებით მზადდება. ნამდვილი ყველის წარმოება კი მხოლოდ საღი რძით ხდება. კანონმდებლობით აკრძალულია აღდგენილი რძით დამზადებულ პროდუქტზე „ყველის“ დაწერა. ამ მოთხოვნის შესრულება შეფუთულ პროდუქტზე მეტ-ნაკლებად კი ხდება, მაგრამ ბაზარზე რეალიზებული ყველის დიდი ნაწილი შეუფუთავი და არაეტიკეტირებულია. შესაბამისად, მასზე არ არსებობს მითითება ნამდვილი ყველია თუ აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტი. ეს კი კანონის უხეში დარღვევაა და ამ შემთხვევაშიც აღსრულებისა და მონიტორინგის საკითხის გაძლიერებაა საჭირო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში ყველის უამრავი სახეობაა და მათი ნაწილი უშუალოდ ქართული კულტურის ნაწილია. მაგალითად, ასეთია სულგუნი, რომელიც ქართული წარმოშობის პროდუქტია. მსგავსი ტექნოლოგიით შეიძლება სხვა ქვეყანაშიც დამზადდეს ყველი, მაგრამ აკრძალულია მის ეტიკეტზე „სულგუნის“ დაწერა. დაცული გეოგრაფიული აღნიშვნით „სულგუნი“ იწარმოება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მის დასამზადებლად გამოყენებული რძის წარმოშობის ქვეყანა უნდა იყოს საქართველო. ეს საკითხი „გეოგრაფიული ადგილწარმოშობის აღნიშვნა“ სტანდარტით რეგულირდება. გეოგრაფიული ადგილწარმოშობის აღნიშვნა რამდენიმე ასეულ პროდუქტს აქვს მინიჭებული და ის ნიშნავს, რომ ესა თუ ის პროდუქტი კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალზე უნდა იყოს წარმოებული. მაგალითად, დაცული გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დასახელება მინიჭებული აქვს ყველ ფეტასაც, რომლის თანახმადაც ფეტა შეიძლება ეწოდოს მხოლოდ საბერძნეთში ცხვრის ან თხის რძისგან დამზადებულ ყველს.
ასეთ არასტაბილურ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მწარმოებელმა, ინდივიდუალური იქნება ის თუ ინდუსტრიული, ასევე მომხმარებელმა საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს. მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, რომ კონტროლის კანონის აღსრულება მოითხოვოს, აგრარულ ბაზრებში გასაყიდად გამოტანილი ყველი არ შეიძინოს, თუ ის შეფუთული და ეტიკეტირებული არ არის. არჩევანის დროს კი უპირატესობა მიანიჭოს ინდუსტრიულ ყველს, რომლის წარმოების დროსაც სტანდარტებს იცავენ. სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვა კი საიმედო და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საწარმოებში ხდება. სანდო ბრენდი ხარისხიანი პროდუქტის გარანტიაა.