ავტორი:

"ღმერთო ჩემო, ვის აღარ მივმართე, პუტინსაც კი მივწერე..." - სამხედრო დანაშაულში ბრალდებულ რუს ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს: - რას აცხადებს მისი დედა?

"ღმერთო ჩემო, ვის აღარ მივმართე, პუტინსაც კი მივწერე..." - სამხედრო დანაშაულში ბრალდებულ რუს ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს: - რას აცხადებს მისი დედა?

რუსი ჯარისკაცი, რომელსაც ომის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, უკრაინის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 21 წლის ვადიმ შიშიმარინს რუსეთის უკრაინაში შეჭრისას შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოქალაქის, 62 წლის ალექსანდრე შელიპოვის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

როგორც ცნობილია, 21 წლის რუსი ჯარისკაცის სასამართლო პროცესი არის პირველი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაიმართა. სერჟანტმა შიშიმარინმა, მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში, სუმის რეგიონში მოკლა.

მოსამართლე სერგი აგაფონოვმა განაჩენი დღეს გამოიტანა. სასამართლო დარბაზი სავსე იყო, ათობით უკრაინული თუ უცხოური სატელევიზიო კამერა კი პატარა ოთახში იყო განლაგებული. მიუხედავად იმისა, რომ შიშიმარინი თანამშრომლობდა გამოძიებასთან და სინანულიც გამოთქვა, სასამართლომ არ გაიზიარა მისი განმარტება, რომ ის არ აპირებდა შელიპოვის მოკვლას, როცა ესროლა.

შიშიმარინი, რომელსაც ნაცრისფერ-ლურჯი, კაპიუშონიანი მაისური ეცვა, მოსამართლეს მიერ გამოტანილ განაჩენს თავდახრილი, ბრალდებულებისთვის განკუთვნილი შუშის კამერიდან უსმენდა. მას სასამართლოს მიერ დანიშნულმა თარჯიმანმა სიტყვა-სიტყვით გადასცა მოსამართლის ვერდიქტი.

ეს პირველია ომის დანაშაულთა საქმეებში, რომელთა განხილვაც უკრაინელ პროკურორებს რაც შეიძლება სწრაფად სურთ. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ ის უკვე ამზადებს სასამართლო განხილვისთვის სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებულ 40-ზე მეტ საქმეს. უკრაინის ხელისუფლება კი აცხადებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ დაარეგისტრირეს 10 000-ზე მეტი სამხედრო დანაშაული.

ექსპერტები ამბობენ, რომ საქმის ასე სწრაფად განხილვა, როცა კონფლიქტი ჯერ კიდევ გრძელდება, უკიდურესად უჩვეულოა და შესაძლოა არღვევდეს ჟენევის კონვენციის ელემენტებს. თუმცა უკრაინამ სწრაფი მართლმსაჯულება პრიორიტეტად აქცია, ეს გაფრთხილებაა რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინის ტერიტორიაზე არიან, რომ ისინი შეიძლება სასამართლოს წინაშე აღმოჩნდნენ ნებისმიერი იმ დანაშაულისთვის, რასაც ჩაიდენენ.

პროკურორებმა თქვეს, რომ შიშიმარინი მანქანაში სხვა რუს ჯარისკაცებთან ერთად იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთმა უბრძანა ესროლა შელიპოვისთვის. შიშიმარინმა დანაშაული აღიარა, მაგრამ მისი ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მისი კლიენტი ბრძანებას ასრულებდა და მკვლელობის განზრახვა არ ჰქონდა. მას 30 დღე აქვს გასაჩივრებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცი ვადიმ შიშიმარინი მისთვის გამოტანილ მსჯავრს - უვადო პატიმრობას გაასაჩივრებს.

რუსულ დამოუკიდებელ საინფორმაციო გამოცემა "მედუზასთან" ინტერვიუში, შიშიმარინის დედამ - ლიუბოვმა თქვა, რომ მისი ვაჟი მზრუნველი და კეთილი ახალგაზრდაა, რომელიც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში წავიდა უსახსრობისა და ოჯახისთვის დახმარების მიზნით.

"თებერვლის ბოლოს მითხრა, - დედიკო, ერთი კვირა არ მექნება ტელეფონი და თუ ვინმე გეტყვით, რომ უკრაინაში წავედი, არ დაუჯეროთო... შემდეგ კი 1-ლ მარტს გავიგე, რომ უკრაინაში ჩემი შვილი პატიმარია... საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა ომზე, იმაზე, რომ უკრაინაში რაღაც ხდებოდა... არ ვარ ინტერნეტის მომხმარებელი და არც ახალ ამბებს ვუყურებ. წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ომი დაიწყო, ვიდრე ჩემმა რძალმა ტყვეობაში მყოფი ჩემი შვილის ვიდეო არ გამომიგზავნა... შემდეგ 13 მარტს ვიდეოზარით დამირეკა და მითხრა, - არაფერი იდარდო, ყველაფერი კარგად არისო. მერე ვნახე უკრაინელი ჟურნალისტის მასთან ჩაწერილი ინტერვიუ და სულ ეს არის... ", - ყვება ქალი "მედუზასთან".

კითხვაზე, - მიმართა თუ არა სახელმწიფო ორგანოებს, თავდაცვის სამინისტროს? - ქალმა უპასუხა:

"ღმერთო ჩემო, 1-ლი მარტიდან ვის აღარ მივმართე, პუტინსაც კი მივწერე... მპასუხობენ, ყველაფერს ვაკეთებთ, გვაცალეთო..."

ქალი ამბობს, რომ ომს უარყოფითად აფასებს, რომ წუხს როგორც დაღუპული რუსების, ასევე უკრაინელების გამო. "როდესაც ვადიმმა დამირეკა, მე ვიკითხე, როგორ შემიძლია ჩემი შვილის წამოყვანა, მე ხომ მხოლოდ ეს მაინტერესებს, როგორ დავიბრუნო შვილი, მაგრამ გარკვევით მიპასუხეს: არანაირად!" - იხსენებს ის.

გარდაცვლილი შელიპოვის ქვრივმა, კატერინამ კი, გასულ კვირას სასამართლო სხდომაზე შიშიმარინი ამოიცნო, როგორც მამაკაცი, რომელმაც ესროლა მის ქმარს და განაცხადა, რომ იმედოვნებდა, მას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ. აქვე დასძინა ისიც, რომ ის წინააღმდეგი არ იქნება, თუ მას "აზოვსტალის" დამცველებში გაცვლიან.

ამის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ მსჯავრდებული შიშმარინი და სხვები შეიძლება რუსეთის ტყვეობაში მყოფ უკრაინელებში გაცვალონ, მათ შორის "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის დამცველებში.

მოამზადა კესო კვარცხელიამ