მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ინფექციური დაავადება, მაიმუნის ყვავილი გამოვლინდა. როგორც BBC-ი წერს, ვირუსის შემთხვევები აღწერეს აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრიაში.
აქამდე მაიმუნის ყვავილის შემთხვევები ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებისთვის იყო დამახასიათებელი, სხვა ქვეყნებში გამოვლენილი ვირუსი კი აფრიკაში მოგზაურობას უკავშირდებოდა.
მაიმუნის ყვავილის სიმპტომებია ცხელება, თავის ტკივილი, შეშუპება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად ჩნდება სახეზე, ხოლო შემდეგ სხეულის სხვა ნაწილებსაც ედება. ყველაზე ხშირად გამონაყარი ჩნდება ხელისგულებსა და ფეხის ტერფებზე.
გამონაყარს ახასიათებს მწვავე ქავილი. დაზიანებებმა შესაძლოა, კანზე გამოიწვიოს ნაწიბურები. ადამიანის დასენიანება შესაძლებელია როგორც მაიმუნისაგან, ასევე დაავადებული ადამიანებისგანაც. ვირუსის შემთხვევათა უმეტესობა ხასიათდება საშუალო სიმძიმით, ისევე როგორც ჩუტყვავილა და რამდენიმე კვირაში სიმპტომები ქრება. თუმცა ამასთანავე, შესაძლოა იყოს უფრო მძიმე შემთხვევებიც. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილის 100-დან 1 შემთხვევა არის მომაკვდინებელი.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, მაიმუნის ჩუტყვავილა იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომლისგანაც რამდენიმე კვირაში იკურნება ადამიანი. ვირუსი ადვილად არ ვრცელდება ადამიანებს შორის და ფართო საზოგადოებაში გავრცელების რისკიც ძალიან დაბალია.
ამ დაავადების პირველი შემთხვევა 7 მაისს დაფიქსირდა. პაციენტი ნიგერიაში მოგზაურობდა და ვიდრე ინგლისში დაბრუნდებოდა, სავარაუდოდ, მანამდე დაინფიცირდა. ამ დროისთვის, ინგლისში უკვე 9 შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება ავსტრალიაში დაფიქსირებულ შემთხვევას, მამაკაცი მას შემდეგ შეიქნა შეუძლოდ, რაც ევროპაში მოგზარობიდან დაბრუნდა.
იმის მიხედავად, რომ მაიმუნის ყვავილისთვის ევროპაში არცერთი ვაქცინა არაა ავტორიზებული, ესპანეთის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ათასობით ჩუტყვავილას ვაქცინა შეიძინეს, რომ ვირუსთან გამკლავება შეძლონ (მაიმუნის ყვავილიც, ჩუტყვავილას ოჯახის ვირუსების წარმომადგენელია).
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა