ავტორი:

რა ვირუსებია ბავშვებში გავრცელებული და რომელს ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა - პედიატრი "ახალ ვირუსზე" გავრცელებულ ინფორმაციასა და სტატისტიკაზე

რა ვირუსებია ბავშვებში გავრცელებული და რომელს ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა - პედიატრი "ახალ ვირუსზე" გავრცელებულ ინფორმაციასა და სტატისტიკაზე

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებში რაღაც ახალი ტიპის ვირუსია გავრცელებული და ამის შედეგად კლინიკები სავსეა პაციენტებით. AMBEBI.GE ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორს, პროფესორ მაია ჩხაიძეს ესაუბრა:

- მოგეხსენებათ, ყოველ სეზონს ვირუსების გარკვეული ჯგუფი ახასიათებს, რომელიც სეზონურად ვრცელდება და მათ სეზონური ვირუსები ეწოდება. ამით გამონაკლისი არც ეს გაზაფხული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონის შემთხვევები შემცირებულია, გავრცელებულია სეზონური ვირუსები. ომიკრონის რაოდენობის შემცირება კი იმას უკავშირდება, რომ ტესტირებაც აღარ ხდება და სხვა ვირუსებმა დაიწყო პრევალირება.

კლინიკაში დღეში საშუალოდ 40-45 პაციენტი შემოდის. აქედან ზოგი ქირურგიული პროფილის არის, უმეტესობას, ამ შემოსული პაციენტებიდან, არ სჭირდებათ ჰოსპიტალიზება, თუმცა ნაწილი ჰოსპიტალიზებულია. განსაკუთრებით ხშირი შემთხვევაა, რესპირატორული სინციტიალური ვირუსით განპირობებული ბრონქიოლიტები.

ამ წუთსაც ჩვილებში 18 პაციენტი გვიწევს. გავრცელებული ბრონქიოლიტი განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს. ჩვილებს ამოხველების პრობლემა აქვთ. ამიტომ ეს ვირუსული ინფექცია მათთან მძიმედ და ხანგრძლივად მიმდინარეობს. ასეთი ბავშვები ნამდვილად გვიწევს. ნაწილი რეანიმაციაშია, ნაწილი - განყოფილებაში. ამ წუთას გვყავს 18 ბრონქიოლიტით დაავადებული ბავშვი.

გარდა ამისა, რამდენიმე გრიპის დადასტურებული შემთხვევა იყო. დანარჩენი ნაწლავური ვირუსული ინფექციებია, ზოგადად, ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა სახეობის ინფექციები, რომლებიც მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ახასიათებს ცხელება.

რესპირატორული კლინიკური მიმდინარეობა ისევე როგორც სხვა დროს იყო, იგივე მიმდინარეობის არის. მაგრამ ის, რომ რაიმე ახალი ვირუსია აღმოჩენილი და ამით ბავშვები ავადდებიან, ასეთი რამ არ არის. ახალი ტიპის ვირუსი რომ იყოს, ამას NCDC-იც გამოაცხადებდა.

- მშობლები ასევე შფოთავენ იმ 460 შემთხვევაზე, რომელიც მსოფლიოში ადენოტიპის ვირუსით დაფიქსირდა...

- ეს ზოგადად ვირუსია და ჰეპატიტს არ იწვევს. ადენოვირუსის 41-ე სეროტიპია და ამით გამოწვეული შემთხვევები მსოფლიოს ქვეყნებში იყო დარეგისტრირებული. აქედან 11 სიკვდილით დამთავრდა. რამდენიმე ბავშვს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.

საქართველოში ამ ტიპის ვირუსი კლინიკური ნიშნებით და ამ მონაცემებით ჯერჯერობით არ ყოფილა და არ დაფიქსირებულა. არის მოსაზრებაც, რომ ბევრ შემთხვევაში, ეს ვირუსიც იყო კომბინაციაში კორონავირუსულ ინფექციასთან და იმ ბავშვების ნაწილს ჰქონდა როგორც კორონავირუსული, ამავდროულად ადენოვირუსული ინფექცია.

არის მოსაზრება, რომ შეიძლება ადენოვირუსულ ინფექციას ღვიძლის დაზიანებაში რაღაც პროვოცირებას კორონავირუსული ინფექციის ვირუსი უკეთებს. ჯერჯერობით ასეთი მოსაზრებაა, თუმცა მთელ მსოფლიოში ამაზე ძალიან მწირი ინფორმაციაა.

- რაც შეეხება შემცირებულ ტესტირებას...

- პისიარი არ კეთდება და კეთდება მხოლოდ ანტიგენის სწრაფი ტესტი. შემთხვევებიც იმდენად მცირეა, რომ კვირაში ერთხელ ქვეყნდება მონაცემები. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა 15 მარტის შემდეგ კორონავირუსს ვეღარ ვიღებთ, არ გვაქვს ამის უფლება. აღარ ვართ კორონავირუსული ინფექციის მიმღები კლინიკა. ახლა ვართ ისეთივე მრავალპროფილური, როგორც პანდემიამდე ვიყავით. მაგრამ თუ ჩვენთან მწოლიარე პაციენტს, ასეთ შემთხვევაში დაუდასტურდება, იზოლირებულად შეგვიძლია ვმართოთ, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთან შემოსულ პაციენტს ეს ინფექცია არ დადასტურებია.