ავტორი:

პუტინის ბალერონი "სიძე", გვარად ზელენსკი თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა და ვახტანგ ჭაბუკიანის მოწაფე იყო - რას წერს მსოფლიო მედია მისი და დიქტატორის ქალიშვილის ურთიერთობაზე?

პუტინის ბალერონი "სიძე", გვარად ზელენსკი თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა და ვახტანგ ჭაბუკიანის მოწაფე იყო - რას წერს მსოფლიო მედია მისი და დიქტატორის ქალიშვილის ურთიერთობაზე?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმ ადამიანებს, ვინც დასავლეთისკენ იყურება, ქვეყნის მოღალატეებს უწოდებს, რეალურად კი მისი მეორე ქალიშვილი კატერინა ტიხონოვა თავის რჩეულ იგორ ზელენსკისთან ერთად ბოლო წლებში გერმანიაში ცხოვრობდა.

2019 წლის 9 დეკემბერს ჩარტერული რეისი მიუნხენიდან ვნუკოვოს აეროპორტის VIP ტერმინალში უჩვეულო მგზავრებით დაეშვა. თვითმფრინავიდან ჩამოვიდნენ რუსეთის უშიშროების სამსახურის სამი საიდუმლო თანამშრომელი, ფორტეპიანოს მასწავლებელი, ორი ძიძა, ცნობილი ბალეტის მოცეკვავე და მისი კომპანიონი საყვარელი ქალი, თავის ორი წლის ქალიშვილთან ერთად.

ორი წლის განმავლობაში, გოგონას დედა ხშირად დაფრინავდა მოსკოვიდან მიუნხენში. ის რუსეთში ცხოვრობდა, ქალიშვილის მამა კი გერმანიაში, სადაც ბავარიის სახელმწიფო ბალეტს ხელმძღვანელობდა. მამაკაცის სახელია იგორ ზელენსკი. ქალი კი პუტინის ქალიშვილი კატერინა ტიხონოვაა.

ინფორმაციას გამოცემა “ვაჟნიე ნოვოსტი” აქვეყნებს, რომელიც რუსეთში “უცხოეთის აგენტად” და “არასასურველ ორგანიზაციადაა” გამოცხადებული. გამოცემამ გამოძიება გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ერთად ჩაატარა. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემამ 4 წყაროზე და მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

წყარო, რომელმაც გამოცემას დოკუმენტები მიაწოდა, არ ფლობს ინფორმაციას სად და როგორ გაიცნეს ერთმანეთი ტიხონოვამ და ზელენსკიმ. გამოძიების მასალების მიხედვით, კატერინა პირველ ქმართან კირილ შამალოვთან დაშორების შემდეგ, თვეში რამდენჯერმე დაფრინავდა მიუნხენში, სადაც იგორ ზელენსკი ეგულებოდა. 2019 წლის ბოლოს იგი მიუნხენში გადავიდა საცხოვრებლად, თან წაიყვანა ქალიშვილიც.

გამოქვეყნებულ დოკუმენტებში უცნობია, რა ჰქვია 2017 წელს დაბადებულ პუტინის შვილიშვილს, თუმცა როგორც ირკვევა, ის ზელენსკისა და ტიხონოვას ქალიშვილია. ჟურნალისტებმა მიუნხენიდან ერთ-ერთი ჩარტერული რეისის მგზავრების სიის გაცნობა მოახერხეს, რომლითაც ტიხონოვა, ზელენსკი, მათი ორი წლის ქალიშვილი, ფორტეპიანოს მასწავლებელი და ორი ძიძა მოსკოვში ჩავიდნენ.

როგორც ირკვევა, 52 წლის იგორ ზელენსკი თავის დროზე თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სკოლაში სწავლობდა, სადაც სხვათა შორის, ლეგენდარული ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლე იყო. შემდეგ დაამთავრა პეტერბურგის ვაგანოვას საბალეტო აკადემია. მისი დებიუტი მარიინსკის თეატრში 1988 წელს შედგა და სწრაფად გაეცნო კლასიკური რეპერტუარის მთავარ როლებს. მრავალი წლის განმავლობაში ის იყო მარიინსკის ბალეტის (ყოფილი კიროვის ბალეტის) ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი. მარიინსკის ბალეტთან მუშაობის გარდა, იგორ ზელენსკი მიწვეული იყო სოლისტად ნიუ-იორკისა და ლონდონის სამეფო ბალეტის თეატრებში.

იგორ ზელენსკიმ ბავარიის სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელის პოსტი 2016 წელს დაიკავა და მას შემდეგ, გერმანიაში ცხოვრობს. მამაკაცს ცნობილი ბალერინა იანა სერებრიაკოვასგან სამი შვილი ჰყავს, თუმცა წყვილი დიდი ხანია, რაც ერთმანეთს დაშორდა.

თანამდებობის დაკავებამდე მომავალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე საჯაროდ ყირიმის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტაზე ისაუბრა. "მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ისინი ერთ მაგიდასთან უნდა დასხდნენ და დამშვიდდნენ. ხელოვნება გადაარჩენს მსოფლიოს", - განაცხადა მან.

2019 წლის ბოლოს კატერინა ტიხონოვა აშკარად დაიღალა მიუნხენში გამუდმებული ფრენით და გადაწყვიტა, საცხოვრებლად გერმანიაში გადასულიყო. ყოველ შემთხვევაში, ასე წერია პუტინის ქალიშვილის ალექსეი სკრიპჩაკის დაცვის არქივის ერთ-ერთ წერილში. 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს, SBP-ის ოფიცერმა მიიღო წერილი, სათაურით: "გადაადგილება გერმანიაში..."

წერილში კონკრეტულად იყო მითითებული, რა უნდა გაეკეთებინა წიგნებთან დაკავშირებით, რომლებიც, როგორც ჩანს, ბევრი იყო. ტიხონოვას ვრცელი და ძვირადღირებული ბიბლიოთეკის შესახებ მედია ჯერ კიდევ ორი დღის წინ წერდა. მას რუბლიონკაში უზარმაზარი და ძვირადღირებული ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელიც, როგორც ჩანს, მოგვიანებით მიუნხენში გადაიტანეს.

2021 წელს, Sueddeutsche Zeitung-ის გერმანული გამოცემის სვეტში, იგორ ზელენსკიმ თავისი ყოველკვირეული რუტინა ასე აღწერა: ორშაბათს, როგორც "მიუნხენის ბევრ მცხოვრებს“ უყვარს, ინგლისურ ბაღში დავრბივარ, სამშაბათს უპირატესობას ვანიჭებ იტალიურ სამზარეულოს. ხუთშაბათობით ახალ პროდუქტს ვყიდულობ ადგილობრივ ბაზარში, რათა მთელმა ოჯახმა მოვამზადოთ. შაბათიც ოჯახური დღეა: "ჯერ დავიძინებთ, შემდეგ კი ტეგერნსეისკენ გავემართებით. ალპების ბავარიის მთიანეთი ძალიან ლამაზია“.

ზელენსკის კონტრაქტი ბავარიულ ბალეტთან 2026 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ა.წ. აპრილში მან ოჯახური მიზეზების გამო თეატრიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა: "ალეტის დასის მართვა აბსოლუტურ კონცენტრაციას და ეფექტურობას მოითხოვს. ამჟამად, ჩემი პირადი და ოჯახური საქმეები დიდ ყურადღებას და დროს მოითხოვს, რაც შეუთავსებელია ჩემს საქმიანობასთან, როგორც ბალეტის დირექტორის... ახლა ჩემს ოჯახს ჩემი მხარდაჭერა სჭირდება", - განაცხადა წასვლის წინ ზელენსკიმ.

ეს იყო საჯარო პოზიცია, კულუარულად კი, ზელენსკი იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მან უარი თქვა დაეგმო რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი. ამის შესახებ ბავარიის სახელმწიფო ოპერის მმართველმა დირექტორმა, სერჟ დორნიმ "პრანკერებთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, როდესაც ეგონა, რომ უკრაინის კულტურის მინისტრს ესაუბრებოდა:

"მას [ზელენსკის] რამდენჯერმე ვესაუბრე და ვაიძულებდი ამაზე ელაპარაკა, მაგრამ მივედი იმ დასკვნამდე, რომ მან უნდა დატოვოს ოპერა. მას ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია. ჩვენ გვქონდა საუბარი და მე მივიყვანე ამ დასკვნამდე", - განმარტა ოპერის დირექტორმა.

მას შემდეგ სად იმყოფებიან ზელენსკი და პუტინის ქალიშვილი კატერინა ტიხონოვა, ცნობილი არ არის. Der Spiegel-მა სცადა ზელენსკისთან დარეკვა, მაგრამ მან მედიის ზარებს არ უპასუხა. Important Stories-მა კი ტიხონოვას შეტყობინება გაუგზავნა და მის პასუხს ელოდება. წყარო