გასულ კვირას ეროვნულ ბანკში შეკრებილმა კომერციულმა ბანკებმა გამოაცხადეს, რომ ბანკების ე.წ. შავი სიები, სადაც ურჩი გადამხდელები არიან შეყვანილი, იანვრიდან გაუქმდება. ვინც ბანკის დავალიანების გამო შავ სიაში უკვე აღმოჩნდა (და ასეთი რამდენიმე ასეული ათასი ადამიანია), ალბათ გაუხარდება და იმის იმედით, რომ ბანკიდან უარით არ გამოისტუმრებენ, კრედიტისთვის ხელახლა მიაკითხავს... მაგრამ იმედგაცრუებულები დარჩება.
ნებისმიერი კომერციული ბანკის საკრედიტო ოფიცერი პოტენციური კლიენტის გადასამოწმებლად, პირველ რიგში, სწორედ "კრედიტ-ინფოს" ბაზაში ნახავს, არის თუ არა ის შავ სიაში. სესხის გამოტანის 100 მსურველიდან 99-ს ამის გამო ბანკიდან პირდაპირ უარით გამოისტუმრებენ. შესაძლოა ბანკმა მხოლოდ 1%-ის საკრედიტო ისტორიას გადახედოს და სესხს იმ შემთხვევაში დაუმტკიცებს, თუ წარსულში უმნიშვნელო დარღვევა ჰქონდა და ამჟამად ბანკს მისი ყოველთვიური შემოსავლები აკმაყოფილებს.
"კრედიტ-ინფოს" სიას ყურადღებას რომ არ მიაქცევდნენ, ამის შესახებ ბანკებმა რამდენიმე თვის წინაც თქვეს, მაგრამ ეს მხოლოდ კლიენტების მისაზიდი განცხადება რომ იყო, ბევრმა კრედიტის მსურველმა საკუთარ თავზე გამოსცადა. ისინი ბანკებიდან ხელცარიელი გამოისტუმრეს, ისე, რომ ახლანდელი შემოსავლებისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.
ბევრ მომხმარებელს სესხის აღების სურვილი ფინანსურმა კრიზისმა გაუქრო, ბევრმაც კრედიტი ვერ დაფარა და "შავ სიაში" აღმოჩნდა ("კრედიტ-ინფო" 2005 წელს ბანკებმა შეიქმნეს, კლიენტებზე საკრედიტო ინფორმაციის მოპოვება რომ გაადვილებოდათ. მის ბაზაში მსესხებლები 30-დღიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში ხვდებიან).
ამიტომ ბანკში მომხმარებელთა რიცხვმა იკლო. ბოლოს კომერციული ბანკები იძულებული გახდნენ, კლიენტების უკან დასაბრუნებლად ლიბერალური განცხადებები გაეკეთებინათ. სარეკლამო მოწოდებებმა გაჭრა, ბანკების საკრედიტო დაბანდებამ მოიმატა, თუმცა მომხმარებელთა აქტივობა საკმარისი მაინც არ არის.
ამიტომ გასულ კვირას ეროვნულ ბანკში ათამდე კომერციული ბანკი შეიკრიბა, "კრედიტ-ინფოსთან" ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა, ხოლო სებ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ე.წ. შავი სიები აღარ არსებობს. რეალურად შეთანხმების დოკუმენტი ინფორმაციის ერთიანი ბაზის შექმნას ითვალისწინებს, სადაც "კრედიტ-ინფოს" პოზიტიური და ნეგატიური (ე.წ. შავი სიები) ჩანაწერები გაერთიანდება. ურჩი გადამხდელებისთვის შეღავათი ის იქნება, რომ "კრედიტ-ინფოში" ჩანაწერების ხანდაზმულობის ვადა 7-დან 5 წლამდე შემცირდება. ამასთან, უფრო დეტალური გახდება კლიენტის საკრედიტო ისტორია.
სანდრო გომიაშვილი ("კრედიტ-ინფოს" გენერალური დირექტორი): "აქამდე პირს რომ ვადაგადაცილება ჰქონდა, ბაზაში ჩანდა, მაგრამ რა დროით იყო ვადაგადაცილება, რა თანხა ჰქონდა გადახდილი, რამდენი იყო დავალიანება, ამის გარკვევა ბანკს უჭირდა. ახლა გაერთიანებულ ბაზაში უფრო დეტალური ინფორმაცია იქნება, ბანკებს კლიენტის შესახებ სრული ინფორმაცია ექნებათ, რა მოცულობის იყო სესხი, რატომ დააგვიანა დაფარვა ან რა ნაწილი დაფარა.
ეს ბანკს საშუალებას მისცემს, კლიენტი უკეთ შეაფასოს. ანუ ბაზაში უკვე კლიენტის საკრედიტო ისტორია იქნება. მსოფლიოში ყველგან ერთიანი ბაზაა. ამჟამად ჩვენს ბაზაში 2 მილიონი ჩანაწერია და უმრავლესობა პოზიტიურია. 7-დან 5 წლამდე შემცირდება შეუსრულებელი ვალდებულებების შენახვის ვადა.
ჩვენი ეკონომიკა ცვალებადი ეკონომიკაა, ამიტომ 7-წლიანი ვადა ძალიან დიდია. ჩვენი მომხმარებლები ამჟამად, ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არიან, რომლებიც ჩვენი ჩანაწერებით სესხების გაცემისა და განვადებების დროს ხელმძღვანელობენ. ჩვენი კლიენტებია სალიზინგო და კერძო კომპანიებიც. ეს კერძო კომპანიები თანამშრომლის სამსახურში აყვანამდე ამოწმებენ, არის თუ არა მისი მონაცემები უარყოფით ჩანაწერებში".
აგვისტოს ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო უარყოფითი ჩანაწერები სწრაფად იზრდებოდა და 300 ათასს ჯერ კიდევ მაისში გადააჭარბა. ამის შემდეგ ორგანიზაციამ უარყოფითი ჩანაწერების გამოქვეყნება შეწყვიტა. ბოლო დროს პრობლემურმა სესხებმა იკლო, შესაბამისად "შავი სიების" ზომები ისეთი ტემპით აღარ იზრდება. 2008 წლის იანვარში უარყოფით ჩანაწერებში 142 ათასი პირი იყო, 2009 წლის დეკემბერში " 291 ათასი, ხოლო წლეულს გაზაფხულზე ამ რიცხვმა 307,581 ათასს მიაღწია.
ზურაბ მასურაშვილი ("ტაოპრივატბანკის" დირექტორი): "კრედიტ-ინფოს" სისტემას ვიყენებთ, სხვაგვარად შეუძლებელია კლიენტებზე ინფორმაციის მიღება. განსაკუთრებით მათზე, ვისაც გადახდის პრობლემა ჰქონდა. გვაქვს ჩვენი შიდა პოლიტიკა, რითაც განვსაზღვრავთ, რა ტიპის დარღვევების მქონე ადამიანს შეიძლება მივცეთ დამატებითი კრედიტი. ამჟამად ჩვენი ბანკი მონაწილეობს პროექტში "კომპიუტერი ყველასთვის", ამიტომ ურჩი გადამხდელების მიმართ მიდგომა შევცვალეთ, შევარბილეთ. ვინც იყო "კრედიტ-ინფოს ბაზაში", მაგრამ თანხა დაფარული აქვს, პროექტის ფარგლებში საშუალებას ვაძლევთ, სესხით ისარგებლონ".
"კრედიტ-ინფოს" ბაზაზე უკვე ფიზიკურ პირებსაც მიუწვდებათ ხელი. ნებისმიერ პირს წელიწადში ერთხელ შეუძლია საკუთარი თავზე ინფორმაცია უფასოდ გადაამოწმოს. თუ მეორედ დასჭირდება ინფორმაციის მოძიება, ამისთვის "კრედიტ-ინფოს" 10 ლარი უნდა გადაუხადოს. ხოლო თუ იმის შეტყობა უნდა, ნახა თუ არა ვინმემ ბაზაში მის შესახებ ინფორმაცია, "კრედიტ-ინფოში" დარეგისტრირების შემდეგ, შეტყობინებას SMS-ის სახით მიიღებს და მომსახურება 25 ლარი დაუჯდება. მომავალი წლიდან კი ამ ფასიან სერვისს ბანკები ფილიალში მისულ კლიენტებს თვითონ შესთავაზებენ.
ნონა ქვლივიძე
"ეკოპალიტრა"