"მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი გაბუნიას განცხადებით, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლითაც არხის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრძოლა გრძელდება და ეს მარტივი არ იქნება.
ამასთან, როგორც გიორგი გაბუნია აცხადებს, "მთავარი არხი“ მუშაობას აგრძელებს.
"პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი სასამართლოსგან ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და გამოჩნდა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა იქცა უბრალოდ, დაშინებული, ძალადობის ქვეშ მყოფი, არათავისუფალი ადამიანების აგლომერაციად, რომლებიც უბრალოდ შემთხვევით გავჩნდით ერთ ტერიტორიაზე და ამიტომ ვართ ერთად. არც ენა, არც მამული, არც სარწმუნოება სამწუხაროდ, აღარ არის ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელი ნიშნები. ვხედავთ, რომ ჩვენ არ გვაქვს არც მამული, უკვე დაფლეთილია ჩვენი ქვეყანა, არ გვაქვს არც ენა იმიტომ, რომ წერა-კითხვაც კი აღარ ვიცით წესიერად ან თუ ვიცით, ამას მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გასახლეჩად და ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად ვიყენებთ. სამწუხაროდ, სარწმუნოებაც ფარსად იქცა, განსაკუთრებით ბოლო წლებში.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უფრო მეტად, ვიდრე აქამდე იმიტომ, რომ ახლა კიდევ ერთი დამატებითი ძალიან დიდი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, როგორც ყოველთვის, არა მარტო ნიკას თავისუფლებისთვის, ამჯერად სახელმწიფომ, "ქართულმა ოცნებამ“ ასე მოინდომა და ნიკა გვარამია გახადა ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლოდ, არა ერთადერთად.
ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და მარტივი არ იქნება. ნიკა გვარამიას ბოლო წლების მთავარი ქმნილება "მთავარი არხი“ ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას“,-განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, არხს ფინანსური პრობლემები აქვს, რაც ქვეყნის პრობლემებიდან გამომდინარეობს.
"ერთადერთი, რა პრობლემაც ჩვენ გვაქვს და ამაზე ნიკამაც ისაუბრა, მხოლოდ ფინანსური პრობლემა და ესეც მოდის ისევ ქვეყნის პრობლემიდან იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას აღარ აქვს არც ეკონომიკა, აღარ აქვს აღარანაირი დოვლათი და ჩვენს "მოხრჩობას“ წლების განმავლობაში ცდილობენ სწორედ ფინანსური პრობლემებით, მაგრამ ჩვენ ამასაც გადავლახავთ. ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ საქართველო იქცეს ისევ სახელმწიფოდ, როგორც ოდესღაც იყო“, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.