მოსკოვში გუშინ გამართული 9 მაისის ღონისძიებები საზოგადოებისა და მედიის ინტერესის მთავარი ობიექტი იყო. განსაკუთრებით კი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიიპყრო საზოგადოების ყურადღება.
პუტინი აღლუმს დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა, თუმცა ამის გარდა, იყო რამდენიმე დეტალი, რომელზეც მედია ამახვილებს ყურადღებას.
როგორც "დეილი მეილი" წერს, როცა პუტინმა ტიბუნა დატოვა და უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შესამკობად მივიდა, ჩანდა, რომ ის მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა და კოჭლობით სიარულის შენიღბვას ცდილობდა.
აღლუმის დროს ის ომის ვეტერანებს შორის იჯდა და მუხლებზე პლედი ჰქონდა გადაფარებული, მაშინ როცა სხვა ვეტერანები ჩვეულებრივ ისხდნენ. ამ კადრებმა კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მედიაში აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ პუტინი ავადაა. მედია სამედიცინო ექსპერტებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი სავარაუდოდ, პარკინსონის, ან ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს ებრძვის.
წერდნენ იმის შესახებაც, რომ 69 წლის ტირანი, შესაძლოა, საჯარო სივრციდან მალე გაქრეს, რადგანაც ის გეგმავს, რომ ოპერაცია გაიკეთოს და გარკვეული პერიოდით ძალაუფლება FSB-ს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკოლაი პატრუშევს გადასცეს.
ნახეთ ვიდეო - პუტინი 9 მაისის აღლუმზე