"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს:
"გუშინდელმა დღემ კარგად აჩვენა, (პირდაპირ ვიტყვი,) თუ როგორ ჩაისვარა პუტინმა და რუსეთის რაშისტულმა სახელმწიფომ უკრაინაში წამოწყებული, სისხლისმღვრელი, სასტიკი დამპყრობლური ავანტურული ომით. ესაა ამ ბოროტების ბუდის, დასასრულის ისტორიული დასაწყისი, მით უფრო იმ ფონზე, რაც უკრაინის ფრონტის ველზე გმირულად დამცველი ვაჟკაცების (ჩვენდა საამაყოდ ბევრი ქართველიც რომაა მათ შორის) თავგანწირვამ გააკეთა და ამას ზემოდან ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ხელმოწერილი ლენდ-ლიზის კანონით, რაც უკრაინის გამარჯვებას პრაქტიკულად გარდაუვალს ხდის.
სწორედ ამ ბოლო 9 მაისს დაიწყო, (პირველი ნაბიჯი 24 თებერვალს გადაიდგა) რუსეთის მოდერნიზირებული იმპერიალიზმის როგორც ფიზიკური, ისე იდეოლოგიურ-პოლიტიკური რღვევის, შეუქცევადი პროცესი. რაც საქართველოსა და რუსეთის ყველა სხვა მეზობელს აძლევს კარგ შანს, მშვიდობიანად დაიბრუნოს ის, რაც რუსეთმა წაგვართვა. ესაა ოკუპირებული ტერიტორიები, თუ თავისუფლების ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც რუსეთმა, მისი “რბილი ძალის გამოყენებით”, მეხუთე კოლონების მეშვეობით, ჩაკლა და/ან უკიდურესად დაასუსტა ჩვენთან, რასაც ნამდვილი პატრიოტიზმი, ეროვნული სიამაყე და ჭეშმარიტად სუვერენული, ეფექტიანი, საშინაო და საგარეო პოლიტიკა ქვია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში პუტინისა და მისი რაშისტული რეჟიმის საცეცები, “ბორინკას ოცნება”, მისი სატელიტები აუცილებლად დასუსტდებიან, რაც კარგ შანს მისცემს ქართულ საზოგადოებას, რუსი ოლიგარქის მიერ მიტაცებული ძალაუფლება დაიბრუნოს და ჩააბაროს იმ დემოკრატიულ და პატრიოტულ ძალებს, ვისაც (და რამდენი პროცენტული გადანაწილებითაც) ჩათვლის საჭიროდ. ეს ყველაფერი ცხადია უნდა მოხდეს მშვიდობიანად, თუმცა ამას დიდი ბრძოლა და შრომა დასჭირდება, თუმცა მანამდე უკრაინაში ომი, უკრაინამ დამაჯერებლად უნდა მოიგოს და ამისათვის ყველაფერი უნდა გააკეთოს მთელმა ცივილიზირებულმა მსოფლიომ, ვისაც რა და როგორც შეუძლია. დიდება საქართველოს!#თავისუფლებამიშას!Slava Ukrayni!"