თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობდა, მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
სხდომა მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთ ბრალდებაზე მიმდინარეობდა, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას ეხება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი პროცესს არ დასწრებია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სხდომათა დარბაზში წარადგინეს მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ადვოკატებს წარედგინათ შუამდგომლობები, მაგრამ უშუალოდ მტკიცებულებების განხილვა სხდომაზე არ მომხდარიყო. ამავდროულად, მოსამართლემ წარადგინა პენიტენციური დაწესებულების დოკუმენტი, სადაც მისივე თქმით, სააკაშვილი ხელმოწერით ადასტურებდა იმას, რომ დღევანდელი სხდომა გამართულიყო. ამის პარალელურად დაცვის მხარემ სხდომაზე შესვენება მოითხოვა. საბოლოო ჯამში სასამართლოსა და დაცვის მხარეს შორის ამ დოკუმენტებთან მიმართებით თანხმობა ვერ შედგა, რა დროსაც მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სხდომა 24 მაისს ჩანიშნა.
როგორც პროცესის გადადების შემდეგ, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ ემოციური გადაწყვეტილება მიიღო.
"დაცვის მხარემ სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც სასამართლოს სთხოვა დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე ექსპერტები დაეშვა. მოსამართლემ ექსპერტთან გასაუბრება მოითხოვა. ხაზგასასმელია ის, რომ ჩვენ ყველა სხდომაზე არაერთხელ გვქონია შუამდგომლობა, რომ სასამართლოს მოესმინა ექსპერტებისთვის შუამდგომლობის დასაბუთების მიზნით და არცერთ ეტაპზე სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დღეს, სასამართლომ თავად მოითხოვა ექსპერტთან გასაუბრება. ჩვენ ეს ექსპერტს შევატყობინეთ, რომელიც მზად იყო მოსულიყო სასამართლო პროცესზე და მიეცა განმარტებები სასამართლოსთვის. ექსპერტი 10 წუთში მოვიდოდა. თუმცა, ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა უფლებამოსილება და ინსტრუქცია მიხეილ სააკაშვილისგან, რომ გადავსულიყავით მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე მისი დასწრების გარეშე, ამიტომ სასამართლოს ვთხოვეთ დავლოდებოდით ამ ექსპერტის გასაუბრებას, რათა გადაგვეწყვიტა შუამდგომლობა, პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტიზის დაშვების საკითხი, რის მერეც უნდა გვემსჯელა სხდომის გაგრძელება - გადადებაზე.
სასამართლომ სამწუხაროდ, ვფიქრობ, მიიღო ემოციური გადაწყვეტილება და საერთოდ გააუქმა ექსპერტთან გასაუბრება და გადადო სხდომა 24 მაისამდე. დაცვის მხარეს მიაჩნია, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და ემოციური“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.