ავტორი:

"პატარა კიტას გარდაცვალებას ყველა გლოვობს და გულითადი თანამონაწილეა თქვენი მწუხარებისა" - პატრიარქი ნიკოლოზ წულუკიძეს უსამძიმრებს

"პატარა კიტას გარდაცვალებას ყველა გლოვობს და გულითადი თანამონაწილეა თქვენი მწუხარებისა" - პატრიარქი ნიკოლოზ წულუკიძეს უსამძიმრებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ნიკოლოზ წულუკიძესა და მის ოჯახს პატარა კიტას გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს. პატრიარქის სამძიმრის წერილს საპატრიარქო აქვეყნებს.

"ნიკოლოზ წულუკიძეს და თეკლა კოსტავას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

პატარა კიტა - კონსტანტინეს გარდაცვალებას ყველა გლოვობს და გულითადი თანამონაწილეა თქვენი მწუხარებისა.

ჩვენგანაც მიიღეთ სამძიმარი და თანაგრძნობა იმ დიდი ტკივილის გამო, რასაც ბავშვთან განშორებით განიცდით; მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს განშორება დროებითია, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, არამედ სწორედ გარდაცვალების შემდეგ იწყება მარადიული ცხოვრება, მონათლულ ყრმათათვის კი,- როგორიც კიტა-კონსტანტინეა, - მარადიული ნეტარი ცხოვრება.

მჯერა, მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დაიმკვიდრებს და შემწედ და მფარველად მოგევლინებათ. თქვენ კი უფალმა გაგაძლიეროთ რწმენაში, მოგცეთ მშვიდობა და ღვთის გზით დაუბრკოლებელი სვლის უნარი.

აღდგომილმა მაცხოვარმა დაგიცვათ და განგამტკიცოთ, ამინ.ქრისტე აღსდგა!" - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ცნობილი ტელეწამყვანის ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მისი 2 წლის შვილი მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა.