ავტორი:

"თურქეთში უარი გვითხრეს ოპერაციაზე, ვერ გადაიტანსო, აქ კი გაუკეთეს" - რატომ ადანაშაულებენ 3 წლის ბავშვის გარდაცვალებაში მშობლები იაშვილის კლინიკის ექიმებს და რას პასუხობს მათ კლინიკა?

"თურქეთში უარი გვითხრეს ოპერაციაზე, ვერ გადაიტანსო, აქ კი გაუკეთეს" - რატომ ადანაშაულებენ 3 წლის ბავშვის გარდაცვალებაში მშობლები იაშვილის კლინიკის ექიმებს და რას პასუხობს მათ კლინიკა?

იაშვილის კლინიკაში 3 წლის მართა ხვედელიძე გარდაიცვალა. პაციენტის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და მათ პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

როგორც გარდაცვლილი ბავშვის მამა, გურამ ხვედელიძე ჰყვება, მართა რამდენიმე თვის წინ სამკურნალოდ თურქეთში ჰყავდათ წაყვანილი. უცხოელმა ექიმებმა ოპერაციული ჩარევის რეკომენდაცია არ გასცეს, რადგან ფატალური შედეგის დადგომის მაღალი რისკი იკვეთებოდა. გურამ ხვედელიძის თქმით, თურქეთის კლინიკაში ყოფნის დროს მას იაშვილის კლინიკის ექიმი დაუკავშირდა და დაარწმუნა, რომ ისინი შეძლებდნენ აღნიშნული ოპერაციის წარმატებულად ჩატარებას, რის შდეგადაც ბავშვი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა.

ბავშვის მამა ამბობს, რომ ის და მისი მეუღლე ექიმებს დათანხმდნენ და რთული ოპერაცია ჩატარდა. თუმცა ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ბავშვს სეფსისი განუვითარდა და საბოლოოდ გარდაიცვალა.

"თურქეთშიც იგივე დიაგნოზი დაუსვეს, რაც საქართველოში - ღვიძლის კარის ვენის ნაწილობრივი თრომბოზი, რის გამოც ბავშვს საყლაპავი მილიდან სისხლდენა უვითარდებოდა. იქ გვითხრეს, რომ ოპრეაციული ჩარევა საზიანო იქნებოდა ბავშვისთვის, ვერ გადაიტანდა. ამიტომ დაენიშნა მკურნალობა, მედიკამენტებით უნდა მოგვარებულიყო ეს პრობლემა. თურქეთში ყოფნისას დამიკავშირდა იაშვილის კლინიკის ექიმი და მითხრა, რომ ისინი არ ეთანმხებოდნენ თურქი ექიმების დასკვნას. გვითხრა, რომ მსგავსი არაერთი წარმატებული ოპერაცია ჰქონდათ ჩატარებული და 100 %-იანი შედეგის გარანტია მოგვცა. დავთანხმდით, ოპერაცია გაკეთდა, რის შემდეგაც ჩამოიყვანეს მოუწესრიგებელ პალატაში და იქ განუვითარდა სეფსისი. სეფსისი მკურანლობა დაგვიანდა და ბავშვი გარდაიცვალა" - თქვა "ფორმულასთან" გურამ ხვედელიძემ.

რა გახდა ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი და როგორ ხსნიან მომხდარს იაშვილის კლინიკაში - AMBEBI.GE კომენტარისთვის კლინიკას დაუკავშირდა.

მათ მიერ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ბავშვის სისცოცხლის გადასარჩენად ყველა საჭირო ზომა იქნა მიღებული. გარდა ამისა, კლინიკაში განმარტავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან პაციენტის სამედიცინო ისტორია სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, ან ნებისმიერ უფლებამოსილ, კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინონ.

"პირველ რიგში, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება პაციენტ მ.ხ გარდაცვალების გამო და მივუსამძიმროთ ოჯახს. გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, კლინიკა ვერ გაასაჯაროებს პაციენტის სამედიცინო ისტორიას დეტალურად. პაციენტი საავადმყოფოში შემოყვანილ იქნა 7 მარტს რთული სამედიცინო ჩვენებით. მას ჩატარებული ჰქონდა რამდენიმე ქირურგიული ჩარევა როგორც საზღვარგარეთ, ისე - საქართველოში. ინტენსიური მკურნალობის ფონზე ბავშვის მდგომარეობა რჩებოდა კრიტიკულად მძიმე. აღენიშნებოდა სხვადასხვა ორგანოს მწვავე უკმარისობა. პაციენტის მკურნალობაში ჩართული იყო ყველა საჭირო სპეციალისტი, ჩატარდა რამდენიმე კლინიკური კონსილიუმი საქართველოსა და ისრაელის კლინიკებიდან მოწვეული სამედიცინო ექსპერტების ჩართულობით. მიუხედავად ყველა კლინიკური ჩარევისა და ინტენსიური მკურნალობისა, პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში პაციენტის სამედიცინო ისტორია სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, ან ნებისმიერ უფლებამოსილ, კომპეტენტურ ორგანოს წარვუდგინოთ“. - ნათვამია წერილში.