ავტორი:

"ეს არის უპატიებელი და სკანდალური კომენტარი... ამჯერად ზღვარი გადაკვეთილია" - ისრაელის მწვავე პასუხი ლავროვს: იაირ ლაპიდი რუსეთისგან ბოდიშს ითხოვს

"ეს არის უპატიებელი და სკანდალური კომენტარი... ამჯერად ზღვარი გადაკვეთილია" - ისრაელის მწვავე პასუხი ლავროვს: იაირ ლაპიდი რუსეთისგან ბოდიშს ითხოვს

ჰიტლერი არ იყო ებრაული წარმოშობის და ებრაელებს არ დაუხოცავთ საკუთარი თავები ჰოლოკოსტის დროს. ებრაელთა წინააღმდეგ რასიზმის უმდაბლესი ფორმა არის თავად ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის კომენტარს, რომ "ჰიტლერი ებრაული წარმოშობის იყო".

"ეს არის უპატიებელი და სკანდალური კომენტარი, საშინელი ისტორიული შეცდომა და ჩვენ ველით ბოდიშს" - აღნიშნა იაირ ლაპიდმა.

მისი თქმით, რუსეთმა ამ განცხადებით ზღვარი გადაკვეთა.

„ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ, მაგრამ არის ზღვარი და ამჯერად ზღვარი გადაკვეთილია. რუსეთის მთავრობამ ებრაელ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს,“- აღნიშნა იაირ ლაპიდმა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმაც გააკეთა და განაცხადა, რომ მსგავსი ტყუილის მიზანია ებრაელების დადანაშაულება ისტორიაში მათ წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საშინელი დანაშაულებისთვის.

„ასეთი ტყუილის მიზანია თავად ებრაელების დადანაშაულება ისტორიაში მათ წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საშინელი დანაშაულებისთვის და ისრაელის მჩაგვრელების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება,“- ნათქვამია ნაფტალი ბენეტის განცხადებაში, რომელიც მისმა ოფისმა გაავრცელა.

იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუს დროს, სერგეი ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია, ლავროვმა კი უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“.

ისრაელმა ლავროვის კომენტარი დაგმო და რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა.