თელავის რაიონის სოფელ შალაურში 2 წლის გაუჩინარებული ქალის ცხედარს ეძებენ. სოფლის ერთ-ერთი მცხოვრების ეზოში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.
როგორც ირკვევა, საქმე შეეხება 2020 წლის ივლისში, ამავე სოფლიდან ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული 68 წლის მზია ბედმანიკაშვილის საქმეს, რომელშიც ახალი დეტალები გამოკვეთა.
დაკარგული ქალის ოჯახის წევრების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ქალი მოკლული იყოს. როგორც გაუჩინარებული ქალის შვილმა ლალი ბედმანიკაშვილმა "რუსთავი 2"-თან განაცხადა, დედის სავარაუდო მკვლელობის შესახებ ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთმა ახლობელმა აცნობა, რომ ამავე სოფელში მცხოვრებმა ქალმა გარკვეული დეტალები ახლობელს უამბო.
"უთქვამს, მზია 3 დღე მყავდა სახლში დამწყვდეული, ვასმევდი და ვაჭმევდიო. თუმცა, ერთ დღესაც რომ შევედი, მკვდარი დამხვდაო. ალბათ, გული გაუსკდაო. ეზოში მიდგას კაკალი და იმ ხის ძირში დავმარხეო. ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალს, ეს ამბავი ზუსტად ამ სიტყვებით მოუყოლია თავისი ახლობლისთვის, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ჩვენ კი პოლიციას მივმართეთ“, - განაცხადა ლალი ბედმანიკაშვილმა.
დაკითხვაზე გადაიყვანეს შალაურში მცხოვრები ქალი, რომლის ეზოშიც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა მისი კომენტარი:
"მაბრალებენ, რომ მზია მოვკალი, მაგრამ ეს არასწორი ინფორმაციაა“.
თელავის სოფელ შალაურში, 68 წლის ქალი 2020 წლის 16 ივლისს გაუჩინარდა. ბოლოს ის ოჯახს ტელფონით დაუკავშირდა და უთხრა რომ გზა აებნა, რის შემდეგაც ქალთან კავშირი გაწყდა და მას მერე მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი.
.