ავტორი:

"ჩანაწერი აჩვენებს, თუ რამდენადაა ივანიშვილი ჩართული კრემლის რეჟიმის ოპერაციებში" - ანა ფოტიგა მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ საერთაშორისო სანქციები უნდა დაწესდეს

"ჩანაწერი აჩვენებს, თუ რამდენადაა ივანიშვილი ჩართული კრემლის რეჟიმის ოპერაციებში" - ანა ფოტიგა მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ საერთაშორისო სანქციები უნდა დაწესდეს

"ერთი ოლიგარქის მსგავსი გავლენა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა, ჩემთვის უკიდურესად რთული გასაგებია. ჩემი პოლიტიკური და ეკონომიკური ცოდნა აჩვენებს, რომ ეს გავლენა უკიდურესად საზიანოა." - აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ბიძინა ივანილშვილთან დაკავშირებით "ფორმულასთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ფოტიგას თქმით, საერთაშორისო სანქციები ივანიშვილის მიმართაც უნდა დაწესდეს, ვინაიდან, როგორც ევროპარლამენტარი განმარტავს, "ივანიშვილი ჩართულია კრემლის რეჟიმის ოპერაციებში". ფოტიგა აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის რეჟიმს შორის არსებულ ახლო კავშირებს ადასტურებს ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც 25 აპრილს, youtube-ზე გავრცელდა.

"რა თქმა უნდა, ვიცით ასეთი გავლენების და მათი ეფექტის მაგალითები. მოლდოვის შემთხვევის აღმოფხვრის შემდეგ ვნახეთ, რომ პლახოტნიუკის როლი და პოზიცია მსგავსი იყო და ძალიან აუარესებდა ქვეყნის ფუნქციას და პოზიციონირებას. მონოპოლიური ოლიგარქიის აღმოფხვრა იყო საფუძველი პლურალიზმის განვითარებისთვის. ვფიქრობ, იგივე პრობლემა უნდა გადაწყდეს საქართველოშიც.

მე წარვადგინე თხოვნა ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის მიმართ, რაც მიუთითებს მსგავს პრობლემატიკაზე, რაზეც მსგავსად ფიქრობს უკრაინული ელიტის ნაწილიც, რომ საერთაშორისო სანქციები ივანიშვილის მიმართაც უნდა დაწესდეს და ეს ჩანაწერი მარტივად ამხელს ამ პრობლემებს და მიუთითებს ივანიშვილის კავშირებზე პუტინის რეჟიმთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩემს სრულ სურათს წარმოაჩენს ივანიშვილის როლის შესახებ, მე არ ვაკეთებ აქცენტს მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაზე. ვფიქრობ, რომ ამ ქეისის გარდა შემთხვევები ბევრია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ კი, ეს შემთხვევა ზუსტად აჩვენებს, თუ რამდენადაა ივანიშვილი ჩართული კრემლის რეჟიმის ოპერაციებში."

ცნობისთვის, 25 აპრილს, youtube-ზე გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის, თითქოსდა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ეს ის მილიარდერია, რომელიც მანამდე გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერში ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ არც ამ ჩანაწერის ავთენტურობაა დადგენილი.

25 აპრილს გავრცელებული ჩანაწერის თაობაზე უკრაინის პარლამენტის ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს ხელმძღვანელობას ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

ასევე იხილეთ: