რუსეთის ტელესახე თინა კანდელაკი ჰოლივუდის ვარსკვლავის ანჯელინა ჯოლის უკრაინაში ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ ამის გამო მსახიობზე "გული ერევა".
პოსტს კანდელაკი "ტელეგრამში" ავრცელებს.
"პირველად არის, რომ ანჯელინა ჯოლის დანახვაზე გული მერევა" - დაწერა კანდელაკმა, რასაც მეორე პოსტი მოაყოლა, სადაც ამბობს, რომ დასავლელი ხელოვანები ცდილობენ, რუსეთი მონსტრად წარმოაჩინონ.
ის ასევე აკრიტიკებს შონ პენს, უკრაინელთა მხარდაჭერის გამო. ცნობისთვის, შონ პენი უკრაინის დახმარებას ომის დაწყების დღიდან ცდილობს და ჩართულია სხვადასხვა ჰუმანიტარულ საქმიანობაში
"გულწრფელად არ მესმის, რატომ არ მოვიდნენ ანჯელინა ჯოლი ან შონ პენი DPR-ში ან LPR-ში? რატომ არ აღელვებდათ არც ერთ დასავლელ ხელოვანს ამ წლების განმავლობაში ადამიანების სიკვდილი? რატომ ცდილობენ ისინი ასე გულმოდგინედ, რომ რუსეთი გლობალურ ბოროტებად წარმოაჩინონ და რატომ ამტკიცებენ, რომ ყველა, ვინც რუსეთის მომხრეა, არის ანტიჰუმანისტი და უბრალოდ მონსტრი?" - წერს კანდელაკი.
ცნობისთვის, მსახიობი ანჯელინა ჯოლი უკრაინაში დღეს ჩავიდა. იუნისეფის კეთილი ნების ელჩმა ქალაქ ლვოვის სამედიცინო დაწესებულებაში კრამატორსკის დაბომბვის შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი "ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.
"ანჯელინა ჯოლი ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ეწვია კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსული სამხედროების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულ ბავშვებს. მასში მძაფრი გრძნობები გამოიწვიეს ბავშვების მონათხრობმა",- განაცხადა კოზიცკიმ.
ანჯელინა ჯოლი ასევე მივიდა სკოლა-ინტერნატში, ესაუბრა აღსაზრდელებს და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო.
ნახეთ ასევე: