რუსეთის პირველი არხის რეიტინგული გადაცემის "ამაღამის" ("სეგოდნია ვეჩერომ") წამყვანს მაქსიმ გალკინს, ნიკოლოზ ცისკარიძე შეცვლის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
გალკინს გადაცემა მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც მან საჯაროდ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ და ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა. რუსი ტელეჟურნალისტი მარია ბორზუნოვა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ გალკინთან კონტრაქტის გაწყვეტა პირდაპირ კავშირშია ომის საწინააღმდეგო გამოსვლებთან. თუმცა, ამის შესახებ არხს ოფიციალურად კომენტარი არ გაუკეთებია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან მაქსიმ გალკინი რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს და სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. კონფლიქტის ფონზე მან და მისმა მეუღლემ, მომღერალმა ალა პუგაჩოვამ რუსეთი დატოვეს. ისინი ახლა ისრაელში ცხოვრობენ. რამდენიმე დღის წინ გალკინმა ვიდეოში განაცხადა, რომ მისი კონცერტებიდან შემოსული თანხის ნაწილს უკრაინელი ბავშვების დახმარების ფონდში გადარიცხავს.
გალკინი არ არის ერთადერთი წამყვანი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ეთერიდან გაუჩინარდა. "პირველმა არხმა" შეწყვიტა ვლადიმერ პოზნერისა და ივან ურგანტის გადაცემების გაშვებაც. პირდაპირ ეთერში აღარ გადის გადაცემა "რა? სად? როდის?". მედია წერს, რომ პროექტი მოთამაშეების დიდმა ნაწილმა დატოვა და ექვსი გუნდიდან მხოლოდ ორი დარჩა. ასევე ტელეწამყვანმა ალექსანდრე გურევიჩმა გაავრცელა განცხადება, რომ მისი გადაცემის "ას ერთის" ყველა ეპიზოდი ჩაწერილი იყო საომარი მოქმედებების დაწყებამდე. ასევე ტელეწამყვანი სერგეი ბრილევი გაუჩინარდა ცენტრალური არხიდან. ოფიციალური ვერსიით, ის გრძელვადიანი მივლინებით გაემგზავრა ქვეყნიდან.
რაც შეეხება სატელევიზიო შოუს "ამაღამ", მისი პირველი წამყვანი ანდრეი მალახოვი გახლდათ, შემდეგ კი მაქსიმ გალკინი და იულია მენშოვა. ნიკოლოზ ცისკარიძე ომის დროს რუსეთის მთავრობის ერთგული აღმოჩნდა. ქართული წარმოშობის ვარსკვლავს ომის გამო პუტინის რეჟიმი არ გაუკრიტიკებია. უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ რუსული ბალეტის აკადემიის სტუდენტები შვეიცარიაში საერთაშორისო საბალეტო კონკურსში "ლოზანის პრიზი“ მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორმა ცისკარიძემ განაცხადა, რომ ის, როგორც რუსი არტისტი, რუსული დროშის გარეშე არსად არ დადგებოდა სცენაზე.
"რუსული ბალეტის აკადემიის სტუდენტები შვეიცარიაში საერთაშორისო საბალეტო კონკურსში "ლოზანის პრიზი“ მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ, ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორს ნიკოლოზ ცისკარიძეს წერილობით აცნობეს...“ - განაცხადა მაშინ არტისტმა.