ავტორი:

"თავიდან აქაურობა გაუვალ ტყეს ჰგავდა... ვერ იჯერებდნენ, რომ გაველურებულ გარემოს მოვერეოდით" - ტყუპი დების გაშენებული სამოთხე რაჭაში, მამის ნაჩუქარ მიწაზე

"თავიდან აქაურობა გაუვალ ტყეს ჰგავდა... ვერ იჯერებდნენ, რომ გაველურებულ გარემოს მოვერეოდით" - ტყუპი დების გაშენებული სამოთხე რაჭაში, მამის ნაჩუქარ მიწაზე

ტყუპ დებს კარგი იდეა გაუჩნდათ, ირწმუნეს საკუთარი თავის, ძალების და იდეის განხორციელებას ენერგიულად შეუდგნენ. თამარ და მირანდუხტ დავითულიანები რაჭაში დაიბადნენ. დედაქალაქში განათლების მისაღებად ჩამოვიდნენ. სწავლის დასრულების შემდეგ კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში დიდი გეგმებით დაბრუნდნენ. თამარი არქიტექტორ-დიზაინერია, მისი ტყუპისცალი - სოციოლოგი. მამამ შვილებს წლების წინ სოფელში მიწის გარკვეული ფართობი აჩუქა. სოფელში დაბრუნებული დების მთავარი მიზანი კი ამ ადგილის გაცოცხლება, ათვისება და იქ შესაბამისი გარემოს შექმნა გახდა...

თამარ დავითულიანი:

- სტანდარტულად ასე ხდება, როცა რაჭიდან მიდიხარ, უკან დაბრუნებაზე არ ფიქრობ, რადგანაც გგონია, რომ აქაურობას რაიმე პერსპექტივა არ აქვს. ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა. სურვილი თავიდანვე გვქონდა, დავბრუნებულიყავით - ეს იყო პრიორიტეტი. მიწა (5 ჰექტარი) მამამ გვაჩუქა და სულ ვფიქრობდით, მას რა პერსპექტივა შეიძლებოდა ჰქონოდა. ამ ფართობზე ვენახი და მამის აშენებული ძველი სახლი კარკასულ მდგომარეობაში იყო. ტყეში რომ გაუვალი ადგილებია, ეს ტერიტორია ზუსტად იმას ჰგავდა. როცა ჯერ არანაირი ფინანსური სიმყარე არ გაქვს და არც არავის მხრიდან არანაირი იმედი, რომ საქმეში გვერდით დაგიდგება, რთულია საქმის დაწყება, მაგრამ დავიწყეთ. რაჭა ახალგაზრდებისგან თითქმის დაცლილია და თანდათან იცლება, ამიტომ აქაურებს ჩვენი გადაწყვეტილება უკვირდათ.

თამარ და მირანდუხტ დავითულიანები

- აგროტურისტული ზონის შექმნა გინდოდათ?

- კი, ჩვენი კოტეჯი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აქ ტურისტული წიაღსვლები დაიწყო... მალე მოხდა ჩვენი რეალიზება სოციუმში, გარშემო ყველამ ძალიან აიტაცა. თურმე რაჭაში შესაძლებელი ყოფილა, რომ რაღაც დაიწყო და განავითარო. ისეთი გარემოს შექმნა გვინდოდა, რომელსაც აზრი ექნებოდა და ამ ტერიტორიაზე ამ ყველაფრის არსებობას გაამართლებდა. საქმეში ჩემი მეუღლეც, ვაკო სუხაშვილი დამიდგა, რომელიც ასევე არქიტექტორ-დიზაინერია. ის თბილისელია და აბსოლუტურად ჯანსაღად შეხედა ჩვენს სურვილს, შემოქმედებითი ადამიანია და მანაც დაიჯერა, რომ იდეის განხორციელებას ერთად შევძლებდით.

- გამოდის, პროფესიაც დაგეხმარათ და საკუთარი თავიც გამოცადეთ პროფესიაში...

- დიახ. თავიდან ტერიტორიის გასუფთავება გადავწყვიტეთ, რომ სახლამდე, შენობამდე, რაც აქ იდგა, თავისუფლად მივსულიყავით. ამ დროს ძალიან დიდი ნებისყოფა და სურვილი უნდა გქონდეს, რომ რაღაც გამოგივიდეს. დიდი შრომა დაგვჭირდა, მაგრამ ვირწმუნეთ საკუთარი ძალების. ამის ყურება შორიდან სხვებისთვის სასაცილო იყო, გარშემო მოსახლეობა პერსპექტივას ვერ ხედავდა. ვერ იჯერებდნენ, რომ გაველურებულ გარემოს ჩვენი ძალებით მოვერეოდით. გვეუბნებოდნენ, რაღაცას აზვიადებთ, აქედან რამე როგორ უნდა გამოვიდეს?! მაგრამ სურვილი და მოტივაცია გვქონდა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ გამოგვივიდოდა...

- ძნელია, საქმეს ისე ზუსტად მიჰყვე, როგორც დაგეგმე... წინააღმდეგობები ალბათ იყო...

- დაბრკოლებების გადალახვა და ჩანაფიქრის განხორციელება რეალურად მართლა რთულია. იმის სურვილიც გვქონდა, გვინდოდა, დაგვემტკიცებინა, რომ რაჭაში წამოსვლა, ცხოვრება ყველასთვის ხელმისაწვდომია. თან, ერთმანეთს გვერდში დავუდექით და საქმეც ისე განვითარდა, როგორც გვინდოდა და დავრწმუნდით, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება.

- რამდენ ხანში შეძელით?

- დავიწყეთ 2016 წლის ბოლოს და 2017-ში უკვე გადავედით. საკუთარი ხელით შენებას 9 თვე მოვუდნით. მართლა ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ. მაგ დროს დაიბადა ჩემი გოგონაც. ის ამ გარემოსთან ერთად გაჩნდა. ფეხმძიმობისას პარალელურ რეჟიმში ვშრომობდი, არ ვჩერდებოდი. ჩემი შვილი უკვე 5 წლის ხდება. სახლს სახურავი ჩემმა ტყუპმა დამ და მეუღლემ დაახურეს. ამაში ფეხმძიმობის გამო მონაწილეობა ვერ გავრისკე.

მხოლოდ ორნი იყვნენ. დამხმარე არავინ ჰყოლიათ და არა იმიტომ, რომ ვერავის ვიპოვიდით, ასე გვინდოდა, რომ თითოეული დეტალი ჩვენი ხელით შექმნილიყო. გვინდოდა, ასევე ჩვენს კოტეჯს კომერციული დატვირთვა ჰქონოდა და ამ გაწეულ შრომას გარკვეული ფინანსური უზრუნველყოფაც მოეტანა. თუ ეს ყველაფერი ფინანსურადაც გაგამყარებს, ეს რაჭაში დარჩენის უპირობო გარანტია. თან, ისეთიც უნდა ყოფილიყო, რომ დარჩენა უპრობლემოდ შეგვძლებოდა. ნამდვილად ასე მოხდა. პირველივე ცდისთანავე მეორე კოტეჯი ავაშენეთ, მესამეც და ახლა მეოთხე გვაქვს დაწყებული, მისი აშენების პროცესში ვართ. მიღწეულს არ უნდა დასჯერდე, განვითარება მნიშვნელოვანია, რაც არ შეგვიჩერებია.

- მიწას და ვენახსაც უვლით, ხომ?

- რა თქმა უნდა. ვენახი 3 ჰექტარზეა გაშენებული და გვაქვს ალექსანდროული და მუჯურეთული - ხვანჭკარის მასალა. ვამზადებთ ხვანჭკარას. გვაქვს ასევე ტერიტორია, სადაც სეზონზე აგროპროდუქტები მოგვყავს. ეზოში არის ხეხილი, რომელიც რაჭისთვის არის დამახასიათებელი - ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ტყემალი...

- ამ ყველაფერს და ამდენ საქმეს როგორ აუდიხართ?

- სამივეს საკუთარ თავზე გვაქვს აღებული და შრომა გადანაწილებული. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველაფერს. რაღაც ეტაპზე გვინდა, ადამიანების დასაქმებაც შევძლოთ. თუ ესეც გამოგვივიდა, მნიშვნელოვანი რამ იქნება.

- მიწასთან მუშაობას ცოდნა უნდა...

- აქ არიან ადამიანები, ვისაც შეიძლება ამ კუთხით აზრი ვკითხოთ. თან, ადრეულ ასაკში, მე და ჩემი და ბებოს გვერდით ვედექით და ბევრ რამეს ვსწავლობდით. რაც არ ვიცით, ვკითხულობთ. გვინდა, ჩვენი ღვინოც შევთავაზოთ სტუმრებს, გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ საკუთარი მარანი გვქონდეს, რასაც ავაშენებთ. ეზოში კვების ობიექტის შექმნაზეც ვფიქრობთ, შესაბამისი სამზარეულო სივრცით, რითაც სტუმრებს კიდევ ერთ კომფორტულ გარემოს დავახვედრებთ, თან, ყველაფერი ერთად იქნება თავმოყრილი. ვითვალისწინებთ ვიზიტორების მოთხოვნებს, წინადადებებს, ამას სერიოზულად ვაკვირდებით, ვსწავლობთ და შემდგომ ამ სურვილებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. დიდი სითბო და ენერგია გვაქვს გარემოში ჩადებული და ზუსტად იმას ვიღებთ სტუმრებისგან. ეს იმის უფლებას გვაძლევს, განვვითარდეთ. ვცდილობთ, ჩვენი სერვისი მათ სურვილებზე იყოს მოგებული.

- უცხოელი სტუმრები მოდიან?

- კი, აქაურობით ბევრი ინტერესდება, კმაყოფილებიც მიდიან, ოღონდ, ძირითადად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ვართ ორიენტირებული... თან, ქართველები ისეთი მონდომებულები არიან, უცხოელები ვერ ასწრებენ ვიზიტის დაჯავშნას.

- მშობლები მხარს გიჭერენ?

- თავიდან ვერც ისინი უყურებდნენ ამ ყველაფერს პერსპექტიულად. მაგალითად, ბებია სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ავლენდა - თბილისში გათხოვდი და აქ მოდიხარ, რომ იშრომო? აქ შრომა დაწყებული გვქონდა და ხალხი გვეკითხებოდა, რომ ისწავლეთ, რა ქენით, სამუშაო საჯარო სამსახურში ჯერ არ დაგიწყიათო? ვეუბნებოდით, რომ უკვე ვმუშაობთ და უკეთეს საქმეს ვაკეთებთ, საკუთარს ვქმნით. რატომღაც მიაჩნდათ, რომ ეს არ იყო საქმე და არასწორად ვმოქმედებდით... დღეს კმაყოფილები არიან. სიამაყით უყურებენ ამ ყველაფერს.

- რაიმე პროგრამით ხომ არ გისარგებლიათ?

- 2016 წელს „აწარმოვე საქართველოში“ მივიღეთ მონაწილეობა და 12.000 ლარით დაგვაფინანსეს. ამით ავეჯის შევიძინეთ, საწოლები. ეს იყო პირობა, დროულად გაგვეხსნა ცენტრი. დანარჩენი ჩვენი სახსრებით და ხელებით, ძალით გაკეთდა. სულ დასაწყისში ვიყიდეთ ყველა საჭირო იარაღი, რაც ვიცოდით, რომ დაგვჭირდებოდა. თან, სხვადასხვა ხელობას ვსწავლობდით. ადვილი არ არის, მაგრამ საინტერესოა ცხოვრება.

- სხვებსაც ურჩევთ, რომ არ გაჩერდნენ და თუ რაიმე იდეა აქვთ, განახორციელონ?

- ვფიქრობ, რომ ყველას რაღაც მისია გვაქვს ამ ცხოვრებაში. ამას ჩვენს თავში თვითონ უნდა მივაგნოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ, რაც სხვებისთვისაც სასარგებლო იქნება. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს საკუთარი თავი და საქმეში ბედნიერება აღმოვაჩინოთ. თუკი საქმე, რომელსაც აკეთებთ და ხართ ბედნიერი, ჩათვალეთ, რომ თავი იპოვეთ და ბედნიერი ხართ. თქვენი საქმეა ის, სადაც შეგიძლია მყარად, ძლიერად იყო და განვითარდე, იფიქრო. აქვე რისკიც აუცილებელია, თუ არ გარისკე, არაფერი გამოვა. ვერც მიხვდები, შეგიძლია, თუ არა, გაქვს უნარი თუ არა. არ უნდა შეგვეშინდეს, არასდროს თქვათ, რომ დავიღალეთ, არ შეგვიძლია. ამასთან, არ არსებობს კაცის და ქალის საქმე, თუ შეგიძლია, რამის გაკეთება, უნდა გააკეთო. ყველაფერი შესაძლებელია დიდი მონდომებით, სიყვარულით და თავისუფლების სურვილის ხარჯზე. ასე რომ წამოიწყებ, იქ ნამდვილად თავისუფალი ხარ. თან, აუცილებლად უნდა გჯეროდეს. თუ არ გჯერა, ე.ი. გეშინია, ამიტომ ვიყოთ თავდაჯერებულები.