ავტორი:

"ამ პროვოკატორს ვეტყვი, რომ ის ასეთივე გულგრილობით უდგება უკრაინაში მიმდინარე ომსა და უკრაინელი ხალხის ტრაგედიას" - ირაკლი ქადაგიშვილი არესტოვიჩს

"ამ პროვოკატორს ვეტყვი, რომ ის ასეთივე გულგრილობით უდგება უკრაინაში მიმდინარე ომსა და უკრაინელი ხალხის ტრაგედიას" - ირაკლი ქადაგიშვილი არესტოვიჩს

ამ პროვოკატორს ვეტყვი, რომ ის ასეთივე გულგრილობით უდგება უკრაინაში მიმდინარე ომსა და უკრაინელი ხალხის ტრაგედიას - როგორც ჩანს, მას არც ქართველი და არც უკრაინელი ხალხის ბედი აწუხებს და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნების გააჩნია, - ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის მიერ “ფეიგინ ლაივის“ ეთერიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი გაგზავნილ “ცეცხლოვან მოკითხვას“ და განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და განცხადებებს ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს.

როგორც ქადაგიშვილმა არესტოვიჩის საპასუხოდ აღნიშნა, “ქართველმა ხალხმა გადაწყვეტილება ბევრჯერ, მათ შორის ბოლო არჩევნებზე მიიღო, ხოლო უკრაინელი ხალხი არესტოვიჩის ბედს გადაწყვეტს“.

ქადაგიშვილმა არესტოვიჩს პროვოკატორი და პოლიტიკური ავანტიურისტი უწოდა.

“ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ხაზის გატარება. ეს არის რეალპოლიტიკა - დავინახეთ, რომ მათ სურთ სადმე მეორე ფრონტი გაიხსნას. ამის საუკეთესო ვარიანტად საქართველო მიაჩნიათ. ეს იმიტომ, რომ საქართველოში არსებობს ღალატისა და ომის პარტია - “ნაციონალური მოძრაობა“, მთელი თავისი სატელიტური თანამგზავრებით, რომლებიც ეუბნებიან, რომ თუ თავად იქნებიან ხელისუფლებაში, ეს ყველაფერი შედგება.

აქედან გამომდინარეობს ერთიან მესიჯ ბოქსში აწყობილი პოლიტიკური აგრესიული შეტევა საქართველოზე. მათთვის ძალიან გასაგებია, როცა ომის დაწყების დღეს სახელმწიფოები რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე აწერენ ხელს და მადლობას უხდიან, მაგრამ შეტევა ხდება საქართველოზე, რომელიც პირველივე წუთებიდან უკრაინის გვერდით დგას.

ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები გვაქვს და არ შეიძლება ეს ეროვნული ინტერესები პოლიტიკურ ავასტიურისტებს შევწიროთ. ჩვენი ეროვნული ინტერესია მშვიდობის შენარჩუნება, განვითარება და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყარად სიარულის გაგრძელება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსი არესტოვიჩმა საქართველოს ხელისუფლებას ასე მიმართა: "მოდით, ბაჭიებო, გეტყვით შემდეგ რამეს: თქვენს პოლიტიკას შეფასებას მისცემს ქართველი ხალხი, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი სალამი".