პალამარის თქმით, მებრძოლები, რომლებიც "აზოვსტალის“ ქარხანაში შუასაუკუნოვან ალყაში არიან მოქცეულები, იქამდე იბრძოლებენ, ვიდრე ეს საჭირო იქნება. მან მსოფლიო ლიდერებს თხოვნით მიმართა, გამონახონ გზა, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.
"იქამდე, ვიდრე ჩვენ აქ ვართ და თავდაცვის ხაზს ვინარჩუნებთ, ქალაქი მათი არ არის“, - განაცხადა პალამარმა.
მისი თქმით, მძიმე ბრძოლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და რუსი სამხედროები მათ გამუდმებით ბომბავენ.
"ტაქტიკა შუასაუკუნოვანი ალყაა. ჩვენ გარშემორტყმულები ვართ. ისინი აღარ გზავნიან დიდ ძალას ჩვენი თავდაცვის ხაზის გასარღვევად, თუმცა ახორციელებენ საჰაერო იერიშებს. რა თქმა უნდა, ჩვენი რესურსები უსასრულო არ არის და ისინი სულ უფრო მეტად მცირდება ინტენსიური ბრძოლის ყოველ გასულ დღესთან ერთად. ვითარება რთულია, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება“, - განაცხადა პალამარმა.
"აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილის თქმით, მათ 500-ზე მეტი დაჭრილი მებრძოლი ჰყავთ, რომელთაგან ნაწილის მდგომარეობა სერიოზულია.
"ჩვენ არ გვაქვს პირობები იმისთვის, რომ ვუმკურნალოთ მათ, ჩავატაროთ რთული ოპერაცია. მედიკამენტები იწურება, ასევე საკვები და წყალი.
ჩვენ მიგვაქვს სხვადასხვა ბუნკერში განთავსებული მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის საკვები და ვამოწმებთ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ მათთან დარჩენა ცხადი მიზეზის გამო არ შეგვიძლია: მტერმა შეიძლება დადგას პროვოკაცია და თქვას, რომ ჩვენ მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან ვიმალებით“,- განაცხადა პალამარმა.
მან საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიც არის გაერო და წითელი ჯვარი, სთხოვა იყვნენ გარანტორები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესში.
მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის შემდეგ პალამარი ასევე ითხოვს გარანტორებს უკრაინული კონტინგენტის ალყიდან გასასვლელად, ისე რომ მათი დაკავება არ მოხდეს. პალამარის თქმით, მსგავსი გარანტორები შეიძლება იყვნენ თურქეთი და ისრაელი.
"აზოვის“ მებრძოლის თქმით, მისი მთავარი გზავნილია, რომ მსოფლიომ გაიაზროს რუსეთისგან მომავალი საფრთხე და შეწყვიტოს რბილი დამოკიდებულება მოსკოვისადმი.
ასევე იხილეთ: