ავტორი:

პანდემია, ომი... და სასურსათო კრიზისიც? - "ომის გახანგრძლივება უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის სასურსათო ბაზარს, რამაც შეიძლება მთელი მსოფლიო საგანგაშო მდგომარეობაში ჩააგდოს"

პანდემია, ომი... და სასურსათო კრიზისიც? -  "ომის გახანგრძლივება უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის სასურსათო ბაზარს, რამაც შეიძლება მთელი მსოფლიო საგანგაშო მდგომარეობაში ჩააგდოს"

გაეროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მსოფლიოში სურსათზე ფასებმა პიკს მიაღწია. სურსათის ყოველთვიური ფასების ინდექსის მიხედვით, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ (FAO) გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ზეთის, მარცვლეულისა და ხორცის ფასი ყველა დროის მაღალ მაჩვენებლამდე ავიდა, რაც ნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით საკვები პროდუქტები გაძვირდა მესამედით.

გასული თვის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ომმა განაპირობა მარცვლეულის ფასების ზრდა თითქმის 17%-ით, რაც განპირობებულია უკრაინიდან და რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვით.

FAO-ს განცხადებით, პრობლემები, სავარაუდოდ, შენარჩუნდება, რაც გამოიწვევს მომავალში უფრო მაღალ ფასებს, მარაგების შემცირებასა და ხორბლის ბაზარზე გაურკვევლობას.

სურსათის პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა ჯოზეფ გლაუბერმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრამდე, ფასები ისედაც უკვე რეკორდულ მაჩვენებლებს იყო მიღწეული, შეზღუდული გლობალური მარაგების გამო.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის რეგიონი იყო მზესუმზირის ზეთის გადამწყვეტი წყარო და ექსპორტის შეზღუდვამ განაპირობა მცენარეული ზეთის ფასის თითქმის მეოთხედით გაზრდა თებერვლის შემდეგ. გაზრდილი მოთხოვნის გამო ფასები ასევე გაიზარდა პალმის, სოიოს და რაფსის ზეთებზეც.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ დევიდ მალპასის თქმით კი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად წარმოქმნილი სასურსათო კრიზისის გამო, მსოფლიოს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება.

მისი თქმით, სურსათზე ფასების რეკორდული ზრდის გამო ასობით მილიონი ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდება.

"ეს ადამიანური კატასტროფაა, მაგრამ ასევე ხდება პოლიტიკური გამოწვევა იმ მთავრობებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ რაიმეს გაკეთება - მათ არ გამოუწვევიათ ეს და ხედავენ, რომ ფასები იზრდება", - განაცხდა მან.

მსოფლიო ბანკის გამოთვლებით, სურსათზე ფასები, შეიძლება, 37%-ით გაიზარდოს, რაც განსაკუთრებით მძიმე იქნება ღარიბი მოსახლეობისთვის.

დევიდ მალპასი მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს მთელ მსოფლიოში სასუქებისა და საკვების მიწოდების გაზრდაზე, ისევე როგორც მიზნობრივ დახმარებაზე უკიდურესად ღარიბი მოსახლეობისთვის.

ამ თემაზე გვესაუბრება თსუ - ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორი და კათედრის ხელმძღვანელი ნუგზარ თოდუა.

- სასურსათო ბაზარზე დეფიციტი უფრო შესამჩნევი გახდა მარტის თვის დასაწყისში და რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად ვხედავთ, რომ ფასებიც უფრო და უფრო იზრდება. მართალია მსოფლიო არ იყო დამოკიდებული მხოლოდ რუსეთსა და უკრაინის ბაზარზე, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ შავ ზღვასა და ამ ქვეყნებს უმნიშვნელო ფუნქციის შესრულება უწევდათ. როდესაც ჩვენ შევდივართ სუპერმარკეტებში, ვხედავთ დაცარიელებულ დახლებს და ვრჩებით გაოცებულნი, დიახ, ამის მიზეზი მხოლოდ ომი არ არის, თუმცა ომმა ეს პრობლემა უფრო თვალსაჩინო გახადა ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც კი. დეფიციტი და მარაგში არასაკმარისი რაოდენობის არსებობა უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება, თუმცა მსოფლიო მასშტაბით სასურსათო მარაგების პრობლემას მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომს ვერ მივაწერთ.

- რამდენად დიდ გავლენას იქონიებს ომის ხანგრძლივობა სასურსათო კრიზისზე?

- რაც უფრო გაჭიანურდება ომი უკრაინის ტერიტორიაზე, ეს უფრო ფართომასშტაბიან პრობლემებს შეუქმნის საურსათო ბაზარსა თუ მარაგებს, რამაც შეიძლება მთელი მსოფლიო საგანგაშო მდგომარეობაში ჩააგდოს.

- საქართველო რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სასურსათო დეფიციტისგან დაიზღვიოს თავი?

- ჩემს სტუდენტებს მუდამ ვესაუბრები იმაზე, რომ არ შეიძლება ვიყოთ დამოკიდებული ერთ ან ორ სახელმწიფოზე, და თუ საქართველოს მაგალითზე ვისაუბრებ, ძალიან კარგი იქნებოდა თუ განვავითარებდით და გავზრდიდით ჩვენი, ქართული პროდუქტების წარმოებასა და რეალიზებას. ფასების ზრდა ყველაზე შესამჩნევი არის იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მაღალი წილი საკვებზე დახარჯულ შემოსავლებშია. ამ შემთხვევებში, ყველაზე დაუცველები, სავარაუდოდ, რიგ შემთხვევაში უარს იტყვიან სურსათის ნაწილის ყიდვაზე, შეიძენენ დაბალფასიან საკვებს ან გამოიყენებენ დაძლევის სხვა სტრატეგიებს, რაც მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე გრძელვადიან და არასასურველ გავლენას მოახდენს.

რუსეთ-უკრაინის ომმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით პრობლემები უფრო თვალნათელი გახადა და შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს "დეფიციტის სიმპტომები". ჩვენ კარგად გვახსოვს რაც გამოვიარეთ, როგორ ვიდექით პურის რიგებში ლამის დღეებისა და ღამეების განმავლობაში.

გული მწყდება, რომ ჩვენთან, ქართულ რეალობაში ქართული ბიზნესი მოგებაზეა ორიენტირებული და არა მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

უმჯობესი იქნება საქართველო თუ იფიქრებს, საკუთარი მოსახლეობის უზრუნველყოფასა და სასურსათო კრიზისის დაძლევის ოპტიმალურ გზებზე, მათ შორის ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციები არ უნდა იყვნენ ორიენტირებულნი მხოლოდ გარკვეული ტიპის კატეგორიებსა თუ მომხმარებელზე, არამედ უფრო ფართომასშტაბიანად იფიქრონ და იმუშაონ.

ხელისუფლება, ბიზნესწარმოება და საზოგადოება - ასეთი სამკუთხედი უნდა არსებობდეს, რომელიც ერთიანი საერთო მიზნისთვის იმუშავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისი და მარცხი გარდაუვალია. და კიდევ, საზოგადოება უნდა ცდილობდეს ხელი შეუწყოს ბიზნესის სტიმულირებას და აიძულოს ის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს.

ავტორი: კესო კვარაცხელია