საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვაშინგტონში ვიზიტისას მისი გზავნილია, რომ "საქართველო არ უნდა დაივიწყონ. თუ მოსკოვს მოეჩვენება, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა მოლდოვასა და საქართველოს, ეს შესაძლოა, იყოს ცდუნება რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, მისი ყურადღება ამ ორ ქვეყანაზე გადაიტანოს.“
"მოლდოვა და საქართველო, უკრაინასთან ერთად, არის "ტრიო“, რომელსაც სურს ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანება. ისინი არ არიან დაცული არც ნატო-ს მე-5 მუხლით და არც ევროკავშირის პირდაპირი სოლიდარობით, ცხადია, ისინი მოწყვლადები არიან და ეს ნიშნავს, რომ მეტი მხარდაჭერა და ყურადღება უნდა მივიღოთ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა Washington Post-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პრეზიდენტ პუტინის თავდასხმის შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება და კონკრეტულად რა თხოვნით მიმართავს ის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა აცილებულ იქნას.
"პირველ რიგში, მე არასდროს ვიტყვი, რომ მეშინია, რომ ვიქნებით შემდეგი, რადგან მომავლის წინასწარმეტყველებას არ უნდა შეეცადო. არ მინდა ასეთი სახის პროგნოზების გაკეთება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ დავკარგოთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღება. მთავარი მოწოდება, რასაც მე ვაშინგტონში ვაკეთებ, საქართველო მეტად იყოს წარმოდგენილი, როდესაც ადმინისტრაცია საუბრობს. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, მხარდაჭერა რესურსების გამოყოფის თვალსაზრისით, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. "საქართველოს მხარდაჭერის აქტი“, ეს არის ის, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ, ევროინტეგრაციისკენ ახალი გზის მხარდაჭერა, რომელიც ევროპელმა მაღალჩინოსნებმა გახსნეს უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის. ეს არის პასუხები ნებისმიერი ფორმის გამოწვევაზე და საფრთხეზე, რასაც რუსეთი ჩვენს ქვეყანასა და მოლდოვას უქმნის,“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
ასევე იხილეთ: