უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდგომარეობა კვლავ ურთულესია. ბოლო ინფორმაციით, "აზოვსტალის" ქარხანაში სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, მათ შორის: ქალები, ბავშვები და მოხუცები. არიან დაჭრილებიც. ხალხი საშინელ მდგომარეობაშია, არ აქვთ წამლები, ასევე უმძიმესია წყალთან და საკვებთან დაკავშირებული მდგომარეობა. "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში“ ამ თემაზე "აზოვის" პოლკის ქართველმა მებრძოლმა დავით სულეიმანაშვილმა ისუბრა:
"დღეს, აქ ამ ომში წყდება საქართველოს ბედი. ახლა უკრაინაში ვარ, ერთ-ერთ კლინიკაში. ომში დავკარგე მარცხენა ფეხი, მარჯვენა ხელზე კი ამპუტირებული მაქვს ერთი თითი. ასევე დაზიანებული მაქვს მარჯვენა ხელი. რუსეთი დღეს რასაც უკრაინაში აკეთებს, ეს გენოციდია. ეს არის შეგნებულად დადგმული სცენარი, რომ დაიმორჩილოს უკრაინელი ერი, შემდეგი იყოს საქართველო, მოლდოვა, ყველა ის ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირში შედიოდა.
მე ვიბრძოდი ქალაქ მარიუპოლში. პირველი სარაკეტო თავდასხმა 24 თებერვალს განხორციელდა... მე 20 მარტს დამჭრეს. რუსეთისთვის არ არსებობს მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ მხოლოდ მიზანი აქვთ, რომლისთვისაც მზად არიან გაწირონ ბავშვები, ფეხმძიმე ქალები... მეოთხე სართულზე ვიდექი საცხოვრებელ კორპუსში, ეს უკვე დაბომბილი შენობა იყო. ჯავშანმანქანიდან პირდაპირი გასროლით ჭურვი გვერდით ოთახს მოხვდა, რა დროსაც მე დავშავდი. ამ დროისთვის მარიუპოლში ყველა საავადმყოფო განადგურებული იყო უკვე, ყველაფერი მიწასთან იყო გასწორებული. ჩვენს სამხედრო ექიმებს, ჩემთვის ფეხის ამპუტირება "აზოვსტალის" თავშესაფარში მოუწიათ. 21 მარტს შემთხვევით შემოფრინდნენ უკრაინული ვერტმფრენები და ჩემი ევაკუაცია მოხდა.
ძალიან მძიმე მდგომარეობაა ახლა "აზოვსტალში". უკვე სამტონიან ბომბებს ყრიან რუსები იმისთვის, რომ თავშესაფრები გაანადგურონ. იყო მომენტი, როდესაც თავშესაფრის რაღაც ნაწილი ჩაინგრა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაც მოჰყვა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა. ჩემი დანაყოფის ბიჭებს კარგად ვიცნობ, ისინი არ დანებდებიან, ბოლო წუთამდე იბრძოლებენ. ისინი იბრძვიან თავისი მიწა-წყლისთვის და თავისუფლებისთვის. ახლა მსოფლიო თუ არ გადადგამს რაიმე ნაბიჯს, ის ბიჭები განწირულები არიან. ჩემი ბიჭები არ ჩაბარდებიან და იმ დონეზე არ დაეცემიან, რომ იარაღი დაყარონ და გამოვიდნენ... ისინი სიკვდილისთისაც მზად არიან, ოღონდ კი მარიუპოლი დაიცვან.
რუსეთისთვის "აზოვი“ საშინელებაა, სადაც კი იგებენ, რომ "აზოვია“, ჯოჯოხეთი ტრიალებს. ისინი მწვანე დერეფანზე არ წავლენ. ესეც ეშმაკური ჩანაფიქრია, რომ ბიჭებმა იარაღი დაყარონ და ისე გამოვიდნენ "აზოვსტალიდან". მით უმეტეს, ტყვედ ჩაბარება, უმაღლეს დონეზე არიან გაწვრთნილები, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით ქართველებსაც, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ ბახვა ჩიქობავას, ასევე გიორგი ქუფარაშვილს.... თავიდან ბატალიონი იყო, მერე პოლკი გახდა. ისინი ყველანაირი პირობებისთვის არიან გაწვრთნილები.
ეს სცენარი თავიდანვე ვიცოდით, ადრე თუ გვიან რუსეთი დათმობებზე არ წავიდოდა და უფრო მეტი მოუნდებოდა. ყოველთვის მზად იყო ამისთვის "აზოვის" პოლკი. მთელმა მსოფლიომ ნახა თავისი თვალიც, რაც იყო ირპინსა და ბუჩაში, მეტს გეტყვით, უარესი ხდება მარიუპოლში. გარდაცვლილთა რიცხვი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრია. ჩემი თვალით მაქვს ნანახი მიცვალებულები ქუჩაში როგორ იწვნენ, იმის საშუალებაც არ იყო, რომ მისულიყავი და დაგესაფლავებინა. ერთდროულად მიდიოდა საჰაერო და საარტილერიო დაბომბვა. როგორც წვიმა წამოვიდეს, ისე ბომბავდნენ ქალაქს. ადამიანები თავიანთ სახლებში იყვნენ დამწვრები... დარწმუნებული ვარ, რომ დასჭირდეთ "აზოვსტალის" მიმართულებით მასობრივი განადგურების იარაღსაც გამოიყენებს რუსეთი. უკრაინამ კარგად დაანახა რუსეთს, რომ მათი შეიარაღებული ძალები არაფერია იმ ერის წინაშე, რომელსაც თავისუფლების დაცვა სურს. როგორც რუსეთს ჰქონდა გაანგარიშებული, რომ სამ დღეში აიღებდა ქვეყანას, ეს არ გამოუვიდათ და გაღიზიანებულები არიან. ამიტომ რუსეთი ყველაფერზეა წამსვლელი".
ლუკა გმერთმა დაგვიფაროს და ომი რომ დაიწყოს ეგ პიროვნება ისეთი გაწრთვნილია შენზე მეტს გააკეტებს ცალი ფეხითაც კი და შენზე მეტად დაიცავს თავის სამშობლოს ასე რომ დაანებეთ ტავი სხვებზე ლაპარაკს და საკუთარ შესაძლებლობებზე დაფიქრდი
ესენი არიან მებრძოლები, ამათი სპეციალობა ესაა. კარგი ინჟინერი, ფერმერი, ექიმი, მასწავლებელი, მძღოლი, მეპურე, მომღერალი, მხატვარი....ზუსტად ისევეა დასაფასებელი, როგორც კარგი მებრძოლი. პატივს ვცემ პროფესიონსლებს. ყველა კარგი პროფესიონალი გმირია თავის საქმეში. და საერთოდ, ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს, ქვეყანაც აშენდება და ომიც აღარ იქნება. ახლა არ მკითხოთ მოწოდებით მებრძოლებმა რაღა აკეთონო :))))) ვერ გიპასუხებთ, ეგ უკვე აღარ ვიცი :)))