ავტორი:

30 წლის ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე პროკურატურამ 3 პირს ბრალდება 8 წლის შემდეგ წარუდგინა

30 წლის ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე პროკურატურამ 3 პირს ბრალდება 8 წლის შემდეგ წარუდგინა

პროკურატურამ თითქმის 8 წელის შემდეგ 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ბრალი სამ პირს წარუდგინა.

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ჯეირანოვა 2014 წელს ჩამომხრჩვალი იპოვეს. მის სიკვდილს წინ უძღოდა მეზობლებისა და ქმრის ნათესავების მხრიდან სახალხო შეურაცხყოფა. მათ ქალს ქმრის ღალატი დააბრალეს, ფეხშიშველი სოფელში ჩამოატარეს, აგინებდნენ და სცემდნენ.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უწყებამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ, ა.გ.-მ და გ.ა.-მ, სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხ.ჯ.- ს ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება გადაწყვიტეს.

"2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ბრალდებულებმა ხ.ჯ. ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფელის ცენტრში მიიყვანეს. სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო. ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ.

ბრალდებულების და ჯგუფის სხვა წევრების ქმედების შედეგად 2014 წლის 18 სექტემბერს ხ.ჯ.-მ თავი მოიკლა.

სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ“ და მესამე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის "ე“ და "ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ოჯახის წევრები ოთხ ადამიანს სდებდნენ ბრალს. ესენი იყვნენ გარდაცვლილის ქმრის ნათესავები: აივაზ, ნოვრუზ, ტელმან და აფკან კასანოვები და ელჩინა ტეიხანოვი. პროკურატურა მხოლოდ მოწმეთა დაკითხვით შემოიფარგლა. მოგვიანებით ხანუმ ჯეირანოვას მეუღლემ ერთ-ერთი დაჭრა კიდეც, რისთვისაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი ცოტა ხანში პრეზიდენტმა შეიწყალა. მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხანუმ ჯეირანოვას საქმის გამოძიების მოთხოვნით გაეროს კომიტეტს მიმართეს. ცოტა ხნის წინ უფლებადამცველმა "საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ დაწერა, რომ ხანუმ ჯეირანოვას საქმე გაეროში მოიგეს.

ასევე იხილეთ: