ავტორი:

ხანძარი რუსეთის ბელგოროდის ოლქში მდებარე იარაღის საცავში -  როგორია ვითარება უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, სადაც "ტერორისტული საფრთხის“ ყვითელი დონე გაახანგრძლივეს

ხანძარი რუსეთის ბელგოროდის ოლქში მდებარე იარაღის საცავში -  როგორია ვითარება უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, სადაც "ტერორისტული საფრთხის“ ყვითელი დონე გაახანგრძლივეს

გამთენიისას რუსეთის ბელგოროდის ოლქის სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან ახლოს, საბრძოლო მასალის საცავში ხანძარი გაჩნდა.

მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი იუწყება.

"წინასწარი ინფორმაციით, სოფელ სტარაია ნელიდოვკას მახლობლად საბრძოლო მასალის საცავი იწვის. საცხოვრებელი კორპუსები და სახლები არ დაზიანებულა. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის", - განაცხადა გლადკოვმა.

CNN-ის ცნობით, სტარაია ნელიდოვკა მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 10 მილის დაშორებით.

ამასთან, აღნიშნულის შემდეგ, ბელგოროდის ოლქში "ტერორისტული საფრთხის" მაღალი დონე 10 მაისამდე გახანგრძლივდა. უსაფრთხოების "ყვითელი სტატუსი," ოლქში 10 აპრილიდან მოქმედებს. ეს სტატუსი კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს ტერორისტული აქტის განხორციელების რეალურ შესაძლებლობაზე.

ადგილობრივი მთავრობა ოლქის მოქალაქეებს სთხოვს, არ დაესწრონ მასობრივ შეკრებებს და გარეთ გასვლისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ასევე აკრძალულია ფოიერვერკის გაშვება.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ოლქში რამდენიმე სამხედრო ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა, ან აფეთქდა.