ავტორი:

აფეთქებები დნესტრისპირეთში: რა ხდება მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში და რის მიღწევა სურს რუსეთს?

აფეთქებები დნესტრისპირეთში: რა ხდება მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში და რის მიღწევა სურს რუსეთს?

მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ ითხოვს სასწრაფოდ შეიკრიბოს უშიშროების უმაღლესი საბჭო. ამის მიზეზი კი გახდა დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში ის 2 აფეთქება, რომლის შედეგადაც საბჭოთა კავშირის დროინდელი რადიო ანძები დაზიანდა. ქვეყნის ე.წ. უშიშროების უმაღლესი საბჭოს შეკრების შემდეგ, პრეზიდენტი სანდუ ბრიფინგის ჩატარებასაც გეგმავს.

მაია სანდუ

ბოლო ორი დღეა, დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს ცნობებს სხვადასხვა ობიექტზე "დაუდგენელი პირების" თავდასხმების და აფეთქებების შესახებ. დნესტრისპირეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ კი, ამავდროულად, თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში ტერორისტული საფრთხის წითელი დონის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. არსებული ცნობით, უშიშროების საბჭოს სხდომა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ ჩაატარა, მთავარი საკითხი იყო - "ტერორისტული თავდასხმები რესპუბლიკის ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და სახელმწიფო დაწესებულებებზე. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინფორმი“ ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მოლდოვის მთავრობას აშფოთებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სეპარატისტულ რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება და რომელსაც მოსკოვი უმაგრებს ზურგს.. უკრაინასაც, თავის მხრივ აშფოთებს ის, რომ დნესტრისპირეთი რუსეთმა შესაძლოა, ახალი შეტევების განსახორციელებლად გამოიყენოს.

მაიაკის რადიო ცენტრის წაქცეული ანძები

ორშაბათს სეპარატისტული რეგიონის ე.წ. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს რამდენიმე აფეთქების შესახებ, რომელიც ქალაქ ტირასპოლში, აღდგომის დღესასწაულზე მოხდა. დნესტრისპირეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი განცხადებით კი, მაიაკის სოფელში კიდევ ორი აფეთქების ხმა გაისმა, პირველი 6:40 საათზე, მეორე - 7:05 - ზე. არავინ დაშავებულა, თუმცა 2 რადიო ანძა, რომლებიც რუსულ რადიოს მაუწყებლობდნენ, აფეთქებამ ძირს დასცა.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს.

TVS-ის სატელევიზიო არხით კი გავრცელდა ფოტო, რომელზეც მიტოვებული ყუმბარმტყორცნი ჩანს შემთხვევის ადგილზე.

სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაზიანებული შენობა ტირასპოლში

დნესტრისპირეთის მოსახლეობა 470 000 ადამიანს ითვლის. ტერიტორია სეპარატისტული ძალების ქვეშ მოლდოვასთან ომის შემდეგ, 1992 წლიდან მოექცა. ის რუსეთს დაახლოებით 1 500 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული და მათ "მშვიდობის დამცველებს" უწოდებენ, თუმცა საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა დნესტრისპირეთი უკრაინის დასავლეთი ნაწილის დასაკავებლად გამოყენოს, დიდია.

22 აპრილს, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილემ, გენერალმა რუსტამ მინეკაევმა განაცხადა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მეორე ეტაპზე რუსეთის არმიამ სრული კონტროლი უნდა დაამყაროს დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, დონბასზე კონტროლი უზრუნველყოფს სახმელეთო დერეფანს ყირიმისკენ, ხოლო უკრაინის სამხრეთზე კონტროლი იქნება კიდევ ერთი გასასვლელი დნესტრისპირეთზე, სადაც "ასევე, შეინიშნება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროება".

მოლდოვამ რუსეთის ელჩი გამოიძახა მინეკაევის კომენტარების გამო, რომელსაც უწოდეს "უსაფუძვლო და წინააღმდეგობრივი პოზიცია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".

აშშ-მა ადრეც გააფრთხილა მოლდოვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან ცრუ ოპერაციის ჩატარება ამ რეგიონში მოსალოდნელი იყო, რათა შემდეგ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე შეჭრისთვისაც ჰქონოდათ საბაბი.

რუსეთის ოფიციალური პირები ამგვარ ბრალდებებს უარყოფენ.

წყარო: aljazeera.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა