"ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე დადგენილებას პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს. შესაბამისი განცხადება პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიფინგზე გააკეთა.
"ნაცვლად იმისა, რომ მას (შალვა პაპუაშვილს) ეთქვა, რომ ადგილზე ნანახმა დაარწმუნა, რომ იხილა გენოციდის როგორც მინიმუმ ნიშნები, გააკეთა განცხადება, რომ დიახაც, შესაძლებელია სამხედრო დანაშაულის ნიშნები იყოს. მაშინ, როდესაც არაერთმა ევროპულმა პარლამენტმა მიიღო დადგენილება უკვე აღიარებითი გენოციდის თაობაზე უკრაინაში, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ადგილზე იყო ჩასული და ნახა, როგორ არიან დახვრეტილი ადამიანები, ხელებშეკრული ფეხმძიმე ქალები, ბავშვები, ასაკოვანი ხალხი, ვერ ბედავს თქვას, რა მოხდა სინამდვილეში. აქედან გამომდინარე, დღეს "ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას, გენოციდის აღიარების თაობაზე უკრაინაში. ეს უნდა გახდეს მორიგი ლაკმუსის ქაღალდი ბიძინა ივანიშვილისთვის, ასევე შალვა პაპუაშვილისთვის. ეს არ იქნება იურიდიული და სამართლებრივი დეტალების გამორკვევის პროცესი. ეს იქნება პოლიტიკური შეფასება - ან კი, ან - არა. ან ნანახმა დაარწმუნა "ქართული ოცნება“, რომ იქ ნამდვილად გენოციდია, ან ისინი ამას უარყოფენ; ან ისინი დგებიან ევტუშენკოების გვერდზე, ან დგებიან დანარჩენი, თავისუფალი სამყაროს მხარეს. არჩევანი "ქართული ოცნების“ მხარესაა. დადგენილებას დღესვე დავარეგისტრირებთ და ალბათ ყველაზე ოპტიმისტი მოქალაქე ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ "ქართული ოცნება“ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ვნახოთ, დაველოდოთ - გადაწყვეტილება როგორიც იქნება, გამოძახილიც ადეკვატური გვექნება, როგორც საქართველოს მოსახლეობას, ასევე ჩვენს პარტნიორებს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.